რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციისთვის რბოლაში ჩართულმა ნიკი ჰეილიმ, კვირას პარტიის ლიდერებს ბრალი დასდო, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მის კამპანიაში, ისინი პატიოსანი შუამავლის როლს არ ასრულებენ და განაცხადა, რომ ნომინაციისთვის შეჯიბრში სამხრეთ კაროლინაში გამარჯვება არ სჭირდება იმისთვის, რომ საპრეზიდენტო რბოლა გააგრძელოს.
ასევე ნახეთ: ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის პრაიმერი მოიგო, მაგრამ ჰეილი მას 10%-ზე ნაკლებით ჩამორჩებაგაეროში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ჰეილიმ „ენ ბი სის“ უთხრა, რომ რესპუბლიკელების სანომინაციო კამპანიის გაგრძელებასთან ერთად, ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა უფრო მეტად „არეულობის შემტანი“ გახდეს.
ჰეილი ცდილობს ტრამპის წინააღმდეგ მამოძრავებელი ძალა შეიძინოს აიოვის კოკუსში ტრამპის შემდეგ მესამე ადგილზე და ნიუ ჰემფშირში მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ.
ახლა ორივე კანდიდატი გამარჯვების მოპოვებას სამხრეთ კაროლინაში ცდილობს, სადაც ადრე ჰეილის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. გამოკითხვებში ტრამპი ჰეილის ბევრად წინ უსწრებს, მაგრამ ჰეილიმ თქვა, რომ რბოლის გასაგრძელებლად საკუთარ შტატში აუცილებლად გამარჯვება არ დასჭირდება. რესპუბლიკელების წინასაარჩევნო კრება 24 თებერვალს გაიმართება.
გავლენიანმა რესპუბლიკელებმა მხარდაჭერა ტრამპს გამოუცხადეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ნომინაციის ლიდერი იყო, მაგრამ რესპუბლიკელთა ეროვნულმა კომიტეტმა უარი თქვა გეგმაზე, ის სავარაუდო ნომინანტად გამოეცხადებინა.
სანომინაციო რბოლაში ტრამპის ერთადერთმა დარჩენილმა მეტოქე ჰეილიმ, ბოლო კვირებში მის წინააღმდეგ თავდასხმები გააძლიერა. მან თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც მრავლობითი კრიმინალური ბრალდების, მათ შორის 2020 წლის არჩევნების შედეგის შეცვლის მცდელობის ბრალდების წინაშე დგას, თავისი იურიდიული გამოწვევებით ყურადღება გაფანტული ექნება, თუმცა თქვა რომ ტრამპის იურიდიული პრობლემები მისი რბოლაში დარჩენის მიზეზი არ არის.