ნარიშკინი ამერიკას აფრთხილებს, რომ უკრაინა ვაშინგტონს შეიძლება "მეორე ვიეტნამად" ექცეს

სერგეი ნარიშკინი, რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საგარეო დაზვერვის უფროსმა ხუთშაბათს შეერთებულ შტატებს უთხრა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი კონფლიქტს „მეორე ვიეტნამად“ აქცევს, რომელიც ვაშინგტონს წლების განმავლობაში მოსვენებას არ მისცემს.

პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო, რის შედეგადაც ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა. დასავლეთსა და რუსეთს შორის კი ურთიერთობა ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში უკიდურესად დაძაბა.

ასევე ნახეთ: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას $175 მილიონით დაეხმარება, კონგრესს კი ახალი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს

დასავლეთმა უკრაინას, ამ დრომდე, 246 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია. უკრაინა კონტრშეტევისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა ივნისში დაწყებული ოპერაცია უმნიშვნელო წარმატებით მიმდინარეობს და რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის, დაახლოებით, მეხუთედს.

"უკრაინა გადაიქცევა "შავ ხვრელად", რომელიც შთანთქავს სულ უფრო მეტ რესურსს და ხალხს", - თქვა სერგეი ნარიშკინმა რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ სტატიაში. „საბოლოოდ, შეერთებული შტატები რისკავს საკუთარი თავისთვის „მეორე ვიეტნამის“ შექმნას და ყოველი ახალი ამერიკული ადმინისტრაცია უნდა ეცადოს მასთან გამკლავებას“, დასძინა მან.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნატო-რუსეთის პირდაპირმა დაპირისპირებამ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. მან ასევე არაერთხელ გამორიცხა ამერიკელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა.

ვიეტნამის ომი, ფაქტობრივად, იყო ცივი ომის ერთ-ერთი გამოვლინება, რომელშიც შეერთებული შტატები სამხრეთ ვიეტნამის ძალებთან ერთად იბრძოდა ჩრდილოეთის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური მთავრობები.