კალასი: ბრძოლაა იმისთვის, რა მართავს მსოფლიოს მომავალში - თავისუფლება თუ ავტოკრატია

ინტერვიუ ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან, 13 ნოემბერი, 2023

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთი საკუთარ ბოლო კოლონიურ ომში უნდა დამარცხდეს"იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყნად ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, თუ რა ღირებულებებით გაგრძელდება მსოფლიოში მმართველობა - თავისუფლებით თუ ავტოკრატიით.

საქართველოზე საუბრისას, კალასი ამბობს, რომ ქართველ ხალხს ევროპასთან სურს ყოფნა და არა რუსეთთან და რომ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, საქართველომ და ქვეყნის ლიდერებმა, ევროკომისიის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

პრემიერ კალასს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. ინტერვიუ დარედაქტირებულია შემოკლებისა და სიცხადის მიზნით.

როგორ აფასებთ უკრაინაში ომის მიმდინარეობას? როგორია ზოგადი მდგომარეობა?

ჩვენ ურთიერთ-დასუსტების ბრძოლაში ვართ. ეს არის არა ჩიხი, არამედ - დასუსტების ომი. ამას დიდი დრო სჭირდება. დასუსტების ომში არის სამი ძირითადი ელემენტი - გყავს ხალხი, გაქვს რესურსი და გაქვს შემართება. სამივე თვალსაზრისით, რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია უკრაინას აჯობოს. მაგრამ მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთს აჯობებს. ხალხის თვალსაზრისით - ევროპა ამზადებს 30-40 ათას ჯარისკაცს. თუ ამერიკაც იმავეს აკეთებს, ეს არის 80,000 გაწვრთნილი ჯარისკაცი იმ წვევამდელების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრძოლის ველზე რუსეთის მხრიდან აგზავნიან. ასე რომ, ჩვენ ხალხის თვალსაზრისით, უფრო ბრძოლისუნარიანები ვართ.

Your browser doesn’t support HTML5

კალასი: ქართველ ხალხს ევროპასთან ყოფნა სურს და არა - რუსეთთან

რესურსების თვალსაზრისით - ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7-ჯერ აღემატება რუსეთისას. ჩვენ ასევე ვხედავთ სანქციების შედეგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტს ნამდვილად უჭირს. მათ ბიუჯეტის მესამედი დაკარგეს და სანქციების გამო ქვეყნის გარეთ სესხს ვერ იღებენ. ასე რომ, მათ უჭირთ. სამხედრო დახმარების კუთხით კი - თუ რამშტაინის კოალიციაზე ვიფიქრებთ, ამ კოალიციის თავდაცვის ბიუჯეტი 13-ჯერ აღემატება რუსეთისას. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია აქაც მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოვიჩინოთ.

და მესამე ელემენტი არის უკრაინელების შემართება. ისინი საკუთარი სახლების დასაცავად იბრძვიან და მათი შემართება ნამდვილად უფრო დიდია, ვიდრე - რუსეთისა. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ და გვჯეროდეს უკრაინის გამარჯვების.

როგორ აფასებთ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერას? რამდენად მდგრადია ის და რამდენად გაერთიანებულნი არიან ამ ძალისხმევაში მოკავშირეები?

ახლა კითხვა არის ის, თუ ვინ მართავს მსოფლიოს, იქნება ეს თავისუფლება და კეთილდღეობა, თუ ავტორიტარული რეჟიმები, რომლებსაც სხვა ღირებულებები აქვთ.

პირველ რიგში, შეერთებულმა შტატებმა დიდი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას. შეიძლება ითქვას, რომ ევროპა შედარებით ჩამორჩებოდა ამერიკას, მაგრამ ევროპამ ახლა ტემპს მოუმატა. ამ დროისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას და ყველა სხვა სახის დაპირებულ დახმარებას თუ გავითვალისწინებთ, აბსოლუტურ რიცხვებში ევროპის მიერ გაწეული დახმარება ამერიკის დახმარებას აღემატება.

ევროპის ყველა ლიდერმა თავისი პოლიტიკური ნება ჩადო უკრაინის მხარდაჭერაში, რადგან მსოფლიოში მშვიდობისთვის ფუნდამენტურია, რომ აგრესიამ შედეგი არ გამოიღოს, რადგან მსოფლიოში ყველა აგრესორი ან პოტენციური აგრესორი გულდასმით აკვირდება სიტუაციას. თუ რუსეთს დარჩება მეტი ტერიტორია, ვიდრე ომამდე ჰქონდა და ჩვენ მათ ამის უფლებას მივცემთ, მაშინ ყველა აგრესორი ასე მოიქცევა და იტყვის, რომ ეს მუშაობს, რომ აგრესია ამართლებს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტი აგრესიის მოწმეები გავხდებით, რაც უფრო ძვირი იქნება, ვიდრე - უკრაინის მხარდაჭერა იმისთვის, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდეს. მე სრულიად ვეთანხმები ისტორიკოს ტიმოთი სნაიდერს, რომელმაც თქვა, რომ იმისათვის, რომ ქვეყანა უკეთესი გახდეს, ის საკუთარ ბოლო კოლონიურ ომში უნდა დამარცხდეს. თუ ევროპის ქვეყნებს შევხედავთ, ეს ევროპის ბევრ ქვეყანაში ასე მოხდა. რუსეთს არასოდეს წაუგია მისი უკანასკნელი კოლონიური ომი.

როგორ აფასებთ ამერიკის ერთგულებას ამ ძალისხმევის მიმართ, რომ დაეხმაროს უკრაინას გადარჩეს, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა?

ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას ხელმძღვანელობს და ვფიქრობ, ეს ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დემოკრატიული ქვეყნები ვართ და საკუთარი გამოწვევებიც გვაქვს. ახლა კი ახლო აღმოსავლეთის კრიზისი მიმდინარეობს, რომელმაც ყურადღების დიდი ნაწილი მიიპყრო და გადაიტანა იმისგან, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ ნამდვილად არ უნდა დავუშვათ უკრაინისგან ყურადღების გადატანა. ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება. მე წავიკითხე პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვაც, რომელიც ხაზს უსვამს იმავეს და ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად დავუჭიროთ მხარი ისრაელსა და უკრაინას.

ასევე ნახეთ: "ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას" - ბლოკის ლიდერები დადებით რეკომენდაციას ეხმაურებიან

ამერიკაში არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკა ევროპაზე მეტს აკეთებს უკრაინისთვის და რომ შეერთებულმა შტატებმა საკუთარი საზღვრის დაცვაზე უნდა იზრუნოს და არა - უკრაინისაზე. როგორ უპასუხებთ ამ არგუმენტს?

[ომის] დასაწყისში ამერიკა უფრო მეტს აკეთებდა ვიდრე - ევროპა, მაგრამ ახლა ევროპულმა ქვეყნებმა ტემპს მოუმატეს. ისინი უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინას და იძლევიან სამომავლო დაპირებებს, რაც აღემატება შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ასე რომ, ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუდგებით.

ჩემთვის კითხვა ყოველთვის ეხება ალტერნატივას - უფრო ძვირია თუ უფრო იაფია ის. უკრაინის მხარდაჭერის ალტერნატივა [უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა] უფრო ძვირია, რადგან როგორც ვთქვი, ყველა ბოროტად განწყობილი ძალა ყურადღებით ადევნებს ყველაფერს თვალს - ირანი, ჩრდილოეთ კორეა. თუ რუსეთს ამ ყველაფრის შემდეგ არაფერი მოუვა, მიიტაცებს ტერიტორიებს და არ წააგებს ბოლო კოლონიურ ომს, მაშინ სხვებიც შეეცდებიან იმავეს გაკეთებას მსოფლიოში და ეს საზიანო იქნება გლობალური მშვიდობისთვის.

თქვენ ამბობთ, რომ უსამართლო იქნება, რომ ევროპელმა გადასახადის გადამხდელებმა გადაიხადონ უკრაინის აღდგენის თანხა. ხედავთ თუ არა იმის ალბათობას, რომ ევროპაში გაყინული რუსეთის აქტივები იქნას უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად?

დიახ, ევროკომისია მუშაობს ევროპულ გადაწყვეტილებაზე. ესტონეთში ჩვენ შევიმუშავეთ კანონი, რომელიც ამავე საკითხს ეხება. ჩვენი კანონი შემდეგნაირად მუშაობს - ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში არის რეესტრი, რომელიც აღრიცხავს ზიანს, რომელსაც რუსეთი უკრაინას აყენებს და ამ ზიანის ღირებულებას. ამავდროულად, გვაქვს ის აქტივები, რომლებიც გაყინულია ან სანქცირებულია. შესაბამისად, ჩვენ ვიცით ამ აქტივების ღირებულება. რუსეთს ამ აქტივებთან დაკავშირებით ჩვენთან ლეგიტიმური პრეტენზია აქვს. უკრაინას კი ლეგიტიმური პრეტენზია აქვს რუსეთის მიმართ. ამიტომ ჩვენ ამ ურთიერთ-პრეტენზიებს ერთმანეთს ვადარებთ იმისთვის, რომ ეს აქტივები გამოვიყენოთ უკრაინის სასარგებლოდ. მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება და რუსეთი გადაიხდის უკრაინის აღდგენისთვის საჭირო ყველა საფასურს, ჩვენ შეგვიძლია დარჩენილი აქტივები მათ უკან დავუბრუნოთ.

ხედავთ თუ არა იმის ალბათობას, რომ პუტინი ჰააგაში ბრალდებულის სკამზე ვნახოთ?

ასევე ნახეთ: ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა - 9 დათქმა

ჩვენ დიდი ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ იმაზე, პუტინს სასამართლოში მიიყვანენ, თუ - არა. მისი გასამართლება დაუსწრებლადაც შეიძლება. გზავნილი, რომელიც ამ პროცესს უნდა ჰქონდეს, ისაა, რომ ის პასუხისგებაში მიეცა და მათ შორის აგრესიის დანაშაულისთვისაც; რომ ის პასუხს აგებს სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმის გადაწყვეტილების მიღებისთვის. აგრესიის დანაშაულის გარეშე, არც ის ომის დანაშაულები მოხდებოდა, რომელთა გამოც მშვიდობიანი მოსახლეობა იტანჯება. იცით, მსოფლიოში ყოველი ასეთი დიდი კრიზისი ასევე არის საერთაშორისო სამართლის შემდგომი განვითარების შესაძლებლობაც.

გაეროს წესდება ძალიან კარგია, რადგან ის ამბობს, რომ სხვა ქვეყანაზე თავდასხმა არაკანონიერია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გადაწყვეტილებებზე იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ ვინმე ამას გააკეთებს, რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ ლიდერებს?

გასულ თვეში ბალტიის ზღვაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომელთა გამოც წყალქვეშა ინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა. მათ შორის იყო გაზის მილსადენი, რომელიც ესტონეთს, ფინეთსა და შვედეთს ერთმანეთთან აკავშირებს. ასევე დაზიანდა რუსული ტელესაკომუნიკაციო კაბელიც. გაწუხებთ თუ არა მსგავსი ავარიების გახშირება და რა ვიცით ავარიის გამომწვევ მიზეზებზე?

გამოძიება მიმდინარეობს. ამ დროისთვის ვიცით ის, რომ ეს ავარიები გამოწვეულია ადამიანების და არა - ბუნებრივი მოვლენის მიერ, რომელმაც მილსადენის დაზიანება შეძლო. ახლა საკითხავი ის არის, ეს განზრახ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუ - არა. გამომძიებლები ამაზე მუშაობენ. ჩვენ ახლა ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა.

ყველა ეს "რუხი ზონა" კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების [ხელიდან] გაშვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ბრძოლის არსი. იცით, ეს არ ეხება დამატებით ტერიტორიებს იმდენად, რამდენადაც დემოკრატიისა და ღირებულებების გაფართოებას, იმ ღირებულებების, რომელთა თავიდან აცილებას რუსეთი ნამდვილად ცდილობს.

ვილნიუსის სამიტზე შევთანხმდით, რომ ნატოს საზღვაო სარდლობის ქვეშ შეიქმნას ქვედანაყოფი, რომელიც წყალქვეშა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაიცავს. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ამის საუკეთესო გზა. ზღვაში გავზარდეთ სამხედრო ყოფნა იმის სათქმელად, რომ ყველაფერს ვხედავთ და არც კი იფიქროთ რაიმეს გაკეთებაზე. მაგრამ ვფიქრობ, ნატოში ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ეს დაცვა.

გაწუხებთ თუ არა ის, რომ ბოლო დროს ეს შემთხვევები გახშირდა?

ვიცით, რომ გარდა ჩვეულებრივი ომისა, რომელიც ახლა [უკრაინაში] მიმდინარეობს, რუსეთი ყოველთვის აწარმოებს ჩრდილოვან ომსაც, რომელსაც აქვს სხვადასხვა ელემენტი. მე არ ვამბობ, რომ ეს შემთხვევა ამ ომის ნაწილია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რისკები, რომლებსაც ვაღიარებთ, მოიცავს მილსადენებსა თუ კაბელებზე თავდასხმასაც ან მათ დაზიანებას. ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი რისკი, რომელიც ჩვენ დავადგინეთ. ვფიქრობ, ყველაფერს ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი. ვხედავთ მეტ კიბერშეტევას, მიმდინარეობს საინფორმაციო ომი მაშინ, როცა რამდენიმე ქვეყანაში არჩევნები ახლოვდება და არის ამ არჩევნებში ჩარევის მცდელობა. ეს ყველაფერი ჩრდილოვანი ომის ნაწილია, რომელიც მიმდინარეობს.

როგორია თქვენი შეხედულება საქართველოზე კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე დადებითი რეკომენდაციის შემდეგ?

ევროკომისია გამოვიდა ამ წინადადებით და საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა. როცა ახალ ამბებს ვუყურებ, ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა -რუსეთთან.

ყველა ეს "რუხი ზონა" კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების [ხელიდან] გაშვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ბრძოლის არსი. იცით, ეს არ ეხება დამატებით ტერიტორიებს იმდენად, რამდენადაც დემოკრატიისა და ღირებულებების გაფართოებას, იმ ღირებულებების, რომელთა თავიდან აცილებას რუსეთი ნამდვილად ცდილობს.

როგორ აფასებთ ევროკავშირისა და ნატოს ერთიანობას თქვენი იმ მოწოდების მიმართ, რომ მოხდეს, ეგრეთწოდებული, „ნაცრისფერი ზონების“ აღმოფხვრა?

ვფიქრობ, ყველამ გაიგო, რომ ე.წ ნაცრისფერი ზონები კონფლიქტებისა და ომების წყაროა. შესაბამისად, იმისთვის, რომ არ გვქონდეს ომები, ცხადი უნდა იყოს სად გადის რეალურად ხაზები. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი საკუთარი თავის დასაცავად და არა ვინმეზე თავდასხმისთვის მიმართული კავშირი. ჩვენთვის ეს ძალიან, ძალიან ნათელია. შეკითხვა თავიდანვე არსებობდა, ჩამოიშლებოდა თუ არა ერთობა. ის არ ჩამოიშალა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დემოკრატიები ვართ და დემოკრატიულ ქვეყნებში ვკამათობთ, გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ საერთო გადაწყვეტილებებამდე მივდივართ ხოლმე. იმის გამო, რომ პუტინს არ სჯერა მულტილატერალიზმის, მისთვის უარყოფითი სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ ერთიანობის შენარჩუნება შევძელით. ჩვენ მისი ნეგატიურად გაკვირვება უნდა გავაგრძელოთ.

ახლა ის ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან ერთიანდება.

ზუსტად. არსებობს ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიის წინააღმდეგ მსოფლიოში, სინამდვილეში თავისუფლების წინააღმდეგ. და ახლა კითხვა არის ის, თუ ვინ მართავს მსოფლიოს, იქნება ეს თავისუფლება და კეთილდღეობა, თუ ავტორიტარული რეჟიმები, რომლებსაც სხვა ღირებულებები აქვთ.