ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას" - ბლოკის ლიდერები დადებით რეკომენდაციას ეხმაურებიან


ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ერთობლივი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტის - ურსულა ფონ დერ ლეიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის - ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე 8 ნოემბერს გაკეთდა.

ურსულა ფონ დერ ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის თაობაზე დადებითი რეკომენდაცია მიულოცა და თქვა, რომ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ამისკენ ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები. მისი განცხადებით, ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას:

„ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნას ყურადსაღები ხელისუფლების მხრიდან. მათ უნდა დაიწყონ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, უნდა ფოკუსირდნენ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც გაიცა წარსულში და ახლა კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში", - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია ძალიან აქტიურად არის საპარლამენტო პროცესებში ჩართული, დეოლიგარქიზაციის მიმართულებითაც. "გვაქვს ხელშესახები ნაბიჯები, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული საბჭო. მაშასადამე, კომისია რეკომენდაციას გასცემს კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ და ჩვენ გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ეს ჩემი მთავარი მესიჯია. ევროკავშირის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ფონ დერ ლეიენი.

ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დადებით რეკომენდაციას სოციალური ქსელებით მაშინვე მიესალმა.

„ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ევროკომისია დღეს რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“, - განაცხადა ბორელმა სოციალურ ქსელზე X (ყოფილი "ტვიტერი")

ოლივერ ვარჰეი

ევროკომისის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მიერ ცხრა ნაბიჯის გადადგმით ხსნის.

„დღეს საჭიროა თამამი გადაწყვეტილებები და ლიდერობა. ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს... მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ცხრა ნაბიჯი არის გადადგმული“, - აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

პაველ ჰერჩინსკი

დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მან მიულოცა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა და იქვე გამოხატა მზაობა, დაეხმაროს მას დასახული ამოცანების შესრულების პროცესში.

"გილოცავთ, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რომ მან კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩემი გულითადი მილოცვა ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ხელისუფლებას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, მაგრამ, პირველ რიგში, ჩემი მილოცვა ქართველ ხალხს, რომელიც ყოველთვის მტკიცედ და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ არჩევანს.

ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ სურდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვან ნაბიჯებს მოითხოვს. ამ ნაბიჯების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული შემდეგ ეტაპზე გადასვლის საკითხი. ეს არის გაფართოების პროცესის ბუნება - მუდმივი რეფორმები, რომ თქვენი ქვეყანა მზად იყოს, როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანმა წევრმა, საკუთარი ადგილი დაიკავოს", -
განაცხადა ჰერჩინსკიმ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG