უკრაინამ სანქციები დაუწესა ქართულ კომპანიას, რომელშიც კიევის განცხადებით, "საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტი" იყრის თავს. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა ღვინის კომპანიების ჯგუფი "ბოლერო". ინფორმაციას 9 ნოემბერს კიევი უკრაინის სამთავრობო ვებგვერდზე აქვეყნებს. კომპანიის სრული დასახელებაა Bolero & Company Ltd.
განცხადების მიხედვით, კომპანიის მფლობელია ვახტანგ კრიჭაშვილი, რომელსაც რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კრიჭაშვილს საქართველოში სულ ცოტა, 14 კომპანია აქვს დაფუძნებული და მისი ბიზნეს-პარტნიორია უჩა მამაცაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი.
კიევი აცხადებს, რომ ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, ვახტანგ თამაზის ძე კრიჭაშვილის უშუალო მფლობელობაში მყოფი კომპანიების მოგების მთავარი წყარო ძირითადად რუსულ ბაზარზე გაყიდული პროდუქციით მიღებული შემოსავლებია. მათი მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, აღნიშნული კომპანიების ჯგუფმა რუსეთში 69 მილიონი დოლარის ოდენობის საქონელი შეიტანა.
უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო ხაზს უსვამს, რომ კომპანია "ბოლერო" აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის ეკონომიკის ზრდას. ეს კი თავისთავად, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ხელშეწყობას გულისხმობს.