გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის შესასვლელი პოლიციამ გადაკეტა. მედია საშუალებების წარმომადგენლებს სოფლის ცენტრსა და საოკუპაციო ხაზთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. იქვე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. სოფელში შევიდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები. როგორც „რადიო თავისუფლების“ ადგილზე მყოფი კორესპონდენტი იუწყება, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური, გორის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკოლოზ გინტურის ძმაა.
კირბალში გორის მერიის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ "რადიო თავისუფლებას" უამბო 6 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ. მისი თქმით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი სოფლის სასაფლაოსთან იმყოფებოდნენ და შემდეგ ლომისის ეკლესიის ნიშთან სანთლის ასანთებად წავიდნენ, რასაც საოკუპაციო ძალების მიერ მათი დაკავების მცდელობა და სროლა მოჰყვა.
თამაზ გინტური ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
რას ამბობს სუსი?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.
„6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით", - აცხადებს სუს-ი.
პრემიერ-მინისტრის განცხადება
საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი რარიბაშვილი წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა. მისი შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობა ოკუპაციის მძიმე შედეგებზე მეტყველებს.
პრემიერმა საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ: მოლაპარაკებები, ადამიანთა გატაცების თანხლებით„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა - უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.
მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
პრეზიდენტის განცხადება
საქართველოს მოქალაქის მკვლელობას სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი „ტვიტერი") გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებას ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმად აფასებს.
ასევე ნახეთ: რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან კვლავ „კუნთებს ათამაშებს“„ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო. ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს.
სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება
საქართველოს მოქალაქის მკვლელობას განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში. ის ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულად გარდაცვალება. მისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილის ოჯახის და ახლობლების მიმართ.
როგორც განცხადებაში არის აღნიშნული, EUMM ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
ასევე ნახეთ: „შესაძლებლობების ფარგლებში ვებრძვით ოკუპაციას“ - გიორგი საბედაშვილი„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.
მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის აქტიური გამოყენების გზით", - აცხადებს EUMM
საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია
"დღეს უნდა გავაკეთოთ დასკვნები, ყველა ნაბიჯს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით, რომ წინდაუხედავმა მოქმედებამ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი და შეუქცევადი ზიანი არ მოგვიტანოს" - ამის შესახებ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
ასევე ნახეთ: ოკუპირებული რეგიონები - შეფასებებსა და ანგარიშებში"ეს ის კირბალია, რომლის მახლობლად, ოკუპირებულ ხაზს იქით, ლომისის სახელობის ტაძარი რომ მოხვდა (ეს მლეთის ლომისის ტაძარი არ არის).
როგორც ამას წინათ განვაცხადე, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზს შიგნით იყო, ამ ტაძარში, ქართველი სასულიერო პირები და მრევლი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოსალოცად და ტაძრის მოსავლელად შესვლას გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მცდელობით ახერხებდა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არის რთული და რისკების შემცველი. საოკუპაციო ხაზის შიგნით ტაძართან ქართული დროშის აღმართვის საპასუხოდ რუსებმა აჭედეს ტაძრის კარი, აკრძალეს მიმოსვლა, უკიდურესად დაიძაბა ვითარება მოსახლეობასთან, ტაძარი დარჩა მიუხედავი, დღეს კი სამწუხაროდ მსხვერპლი გვაქვს", - წერს ჯაღმაიძე.
მისი თქმით, ანალოგიურად რთული ვითარებაა მლეთაში, ლომისის ტაძარში.
"დღევანდელმა ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა დიდ შრომას ეწევიან და რა რისკის ფასად უვლიან ქართულ კერებს სასულიერო პირები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იქით ტაძრებს უვლიან და მსახურობენ შეიარაღებული რუსული საოკუპაციო ძალების გარემოცვაში.
25-26 ოქტომბერს მომხდარმა ამბებმა და სიუჟეტებმა, რაც მლეთის ტაძარს უკავშირდებოდა, აქაც გაამძაფრა საფრთხეები.
მე, როგორც ამ ტაძრის მღვდელმსახური, ვალდებული ვარ, მცდელობა არ მოვაკლო, რომ მსგავსი რამ იქ არ მოხდეს და ვფიქრობ, დღეს უნდა გავაკეთოთ დასკვნები, ყველა ნაბიჯს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით, რომ წინდაუხედავმა მოქმედებამ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი და შეუქცევადი ზიანი არ მოგვიტანოს. ღმერთმა მოიხსენიოს გარდაცვლილი თამაზ გინტური“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქში“.