ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„შესაძლებლობების ფარგლებში ვებრძვით ოკუპაციას“ - გიორგი საბედაშვილი


რუსული სამხედრო ბაზა. ხედი ოძისიდან
რუსული სამხედრო ბაზა. ხედი ოძისიდან

რუსი ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან. ეს ხდება არა მხოლოდ ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილში, არამედ იმ ადგილებზეც, რაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლდება. ამის ამსახველი ვიდეო მასალა ორი დღის წინ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიამ“ გაავრცელა. ვიდეოში, რომელიც მლეთასთანაა გადაღებული, ჩანს რუსი საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა ჯგუფი. ისინი ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან ტერიტორიას ზვერავენ და მონიშვნებს აკეთებენ, მათ შორის, იყენებენ დრონსაც.

რუსი ოკუპანტები ლომისას წმინდა გიორგის ეკლესიასთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:48 0:00

„ამერიკის ხმამ“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, საიდან მიღებული პასუხის თანახმადაც, უნდა დავეყრდნოთ ინტერვიუს, რომელიც შსს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა „რუსთავი 2“-ს მისცა. სუს-ში გვეუბნებიან, რომ სხვა სახის კომენტარის მიღება მედიისთვის, ამ საკითხებზე, შეუძლებელია. ზემოთხსენებულ ინტერვიუში გიორგი საბედაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, მართლაც, დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილზე, ამ შემთხვევაში ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან. მისი თქმით, ეს არ წარმოადგენს სიახლეს, რადგან ამგვარად იქცევიან ოკუპანტები 2009 წლიდან.

„მიზანმიმართულად ხდება პანიკის დათესვა ამ მიმართულებით, თითქოს ესაა რაღაც განსაკუთრებით ახალი აქტივობები... საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ლომისას წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან. მათ შორის, გარკვეული პერიოდულობით, გამოჩნდებიან ხოლმე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ესაა საკითხი, რომელზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობთ IPRM და ჟენევაში, საერთაშორისო შეხვედრების დროს. ესაა მუდმივი ბრძოლის საგანი“,- განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

მან იქვე დაამატა, რომ ამის მიუხედავად, მოსახლეობას მაინც აქვს შესაძლებლობა ეკლესიაში სტუმრობის. „მომლოცველები იქ შარშანაც იმყოფებოდნენ, იმის წინაც, და ასე გაგრძელდება მომავალშიც. თუმცა რუსები აქამდეც მიდიოდნენ იქ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დავიცვათ, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ უკანონო პატიმრობაში, ან დაკავებულები სწრაფად გაათავისუფლონ,“- ამბობს გიორგი საბედაშვილი.

ლომისას ეკლესიასთან რუსი ოკუპანტების გადაადგილების ამსახველი ვიდეოს გამოჩენის შემდეგ, ტაძარში ავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ადგილიდან ფეისბუქ ლაივი გაავრცელა. ვიდეოში ის ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ლომისას ტერიტორიაზე ასვლის ეს შემთხვევა პირველი არაა და რომ „2009 წლიდან სასაზღვრო პატრული აქ ამოდის“.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საოკუპაციო ხაზს „საზღვარს“ უწოდებს და ამბობს:

„კვირაში ერთხელ, ან ორჯერ აქ ამოდის პატრული. აქედან ჩანს რუსული სამხედრო ბაზა. მათ მორიგეობა აქვთ და აქ ამოდიან. გუშინ გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ასახავს. გუშინ ააფრინეს დრონი, თუმცა ამის გაკეთება მათ თავისი ბაზიდანაც შეუძლიათ. როგორც გითხარით, ეს არის სასაზღვრო ზოლი და ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები. სამწუხარო რეალობაა, რომ ქსნის ხეობა დაკავებული აქვთ რუს ჯარისკაცებს და ოკუპირებულია დროებით ეს ტერიტორია,“- აცხადებს დეკანოზი.

ცოცხალი ჩართვისას მას კადრში შემოჰყავს ადგილობრივად მუდმივად მცხოვრები ბერი, მამა გრიგოლი, რომელიც ამბობს, რომ „განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. 2010-დან აქ ვარ და პერიოდულად პატრულირებენ რუსები. ჩვეულებრივად ამოვიდნენ გუშინაც. გადახედეს არაგვის ხეობას. ტაძართან ყოველთვის ისვენებენ, დამემშვიდობნენ და წავიდნენ. ყოველთვის ასე ხდება. დრონი გაუშვეს. რატომ - არ ვიცი. უფლება არ მქონდა და ვერც ვკითხავდი. ჯარისკაცები არიან და თავისი საიდუმლო აქვთ“.

რუსული სამხედრო ბაზა. ხედი ოძისიდან
რუსული სამხედრო ბაზა. ხედი ოძისიდან

მამა დავით ბურდული ლომისის ტაძრის წინამძღოლი კი საუბრობს იმის თაობაზე, თუ „რაოდენ საშიშია“, როდესაც ჟურნალისტები რუსი სამხედროების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებენ. „საფრთხილო თემაა საზღვარზე განცხადებების გაკეთება. სიფრთხილეა საჭირო, რომ ზედმეტი გაღიზიანება აღარ გავაკეთოთ. ესენი (რუსი სამხედროები,- ნ.დ.) სულ ამოდიან და ჩვენ არანაირ დაძაბულობას არ გვიქმნიან და თბილად, სიყვარულით მიდიან. ასეთი განცხადებები, რომელიც გავიდა ერთი ტელევიზიის არხზე, უფრო მეტ დაძაბულობას შეგვიქმნის ჩვენ აქ და ჩვენი თხოვნაა, ჟურნალისტებმა გაითვალისწინონ ეს საკითხი.“

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ლომისას ტაძრის წინამძღვარი საუბრობენ შემთხვევაზე, როდესაც მლეთას ლომისასთან რუსების გადაადგილების ამსახველ სიუჟეტში „მთავარზე“, აჩვენეს კირბალის „ლომისას“ ეკლესიაც, რომელსაც 2023 წლის ზაფხულში რუსმა ოკუპანტებმა შესასვლელი კარები აუჭედეს. კირბალი ლომისა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა. ბორდერიზაციის შედეგად, ეკლესია თანდათანობით მიიტაცეს და ამ დროისთვის, მასთან მიახლოვების უფლება ადგილობრივებს შეზღუდული აქვთ. ამის მიუხედავად, სალოცავს დრო და დრო მაინც აკითხავენ „ჯიუტი“ მომლოცველები, რაც რუსების გაღიზიანებას იწვევს. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას იქ საქართველოს დროშა აღმართეს. სწორედ ეს ფაქტი აქვს მხედველობაში დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს, როდესაც ამბობს:

„შესადარებლად რომ ავიღოთ, რა ხდება ოკუპაციის ხაზზე სხვაგან, შედარებაც არ შეიძლება. იქ ხალხს იტაცებენ და აქ ასეთი რამ არ ხდება. იქამდე ნუ მივიყვანთ საქმეს, როგორც მოხდა კირბალის ლომისის ტაძარში, ვითომ პატრიტორიზმის პათოსის საფუძვლით ააფრიალეს ქართული დროშა და დაიკეტა ის ტაძარი. მისვლის საშუალებაც აღარ აქვს არავის. ესაა საფრთხილო ზონა, ესაა ოკუპირებული ტერიტორიის სასაზღვრო ზონა... ნუ შევქმნით ცუდ მოლოდინებს და ნუ შევაჩვევთ როგორც საქართველოს ისე საოკუპაციო მხარის მოსახლეობას, ჯარისკაცებს, აქაც ის მოხდეს, რაც სხვაგან.“

გაგი მახარაძე - ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომდგენელი გაგი მახარაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ საზოგადოებაც და ხელისუფლებაც სცოდავს, როდესაც ოკუპანტებთან თავდახრილ პოზაში დგომას ამჯობინებს. „ესაა უბედურება საზოგადოების და უბედურება მთავრობის. მტერი მოიწევს წინ და ჩვენ, თურმე, არათუ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, თუნდაც საინფორმაციო და პასიური წინააღმდეგობით, არამედ საერთოდ ხმა არ უნდა ამოვიღოთ, არ გავაღიზიანოთ და ქართულ სოფელში და საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე დროშაც არ უნდა აღვმართოთ. უნდა დავხვდეთ ჩაით და ყავით ოკუპანტს, რომ თავი იგრძნოს კომფორტულად. სიტყვები არასაკმარისია, იმდენად აღმაშფოთებელია ეს პოზიცია, რასაც ვისმენთ ხელისუფლებისგან და ეკლესიისგან. აღმაშფოთებელია საზოგადოების გულგრილობაც ამ საკითხის მიმართ,“- გვეუბნება გაგი მახარაძე. ის, ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან ერთად, მუდმივად პატრულირებს და პირადად აწყდება იმ უკანონობებს, რასაც რუსი სამხედროები მიმართავენ საქართველოს ტერიტორიაზე.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჩართვისას ამბობს, რომ ეკლესიები, რაც რუსმა ოკუპანტებმა დაკეტეს და სადაც მიახლოება შეუზღუდეს საქართველოს მოქალაქეებს, გორის მუნიციპალიტეტშიც რამდენიმეა. მაგალითისთვის ის ასახელებს აძვში, წმინდა გიორგის ტაძარსა და კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესიას სოფელ ქერეში.

„სტრატეგიული მნიშვნელობის ახლა გახდა ეს ტერიტორია?“- კითხულობს გიორგი საბედაშვილი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში. მისი თქმით, 2009 წლის შემდეგ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. ის ამბობს, რომ არ გააკეთებს კომენტარს იმ 208 კვადრატული კილომეტრი ფართოების ტერიტორიაზე, რომლის ოკუპაციის შესაძლებლობის თაობაზე „ძალა ერთობაშია“ ბოლო პერიოდში გამუდმებით საუბრობს.

„ზოგადად ოკუპანტების დადგენილებებზე, რუკებზე, რუკებზე დატანილ წითელ ხაზებზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, რადგან ესაა საკითხი, რომელშიც თუ ფეხს შედგამ ერთხელ, უკან ვეღარ გამოხვალ. სწორედ ეს უნდათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს. IPRM -ზე პირველი, რის სურვილსაც ისინი აფიქსირებენ, ესაა, რომ ვისაუბროთ რუკებით, ვისაუბროთ ხაზებით. ვთქვათ, რომელი ტერიტორია ვის ეკუთვნის და შემდეგ გავიყოთ, გავავლოთ (მათი გადმოსახედიდან) საზღვრები, და ჩამოვართვათ ხელი ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, საოკუპაციო ძალების განცხადებებზე, 206 კვადრატულ კილომეტრის მიტაცების შესახებ, კომენტარს არ გავაკეთებ. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე, ყოველ ნაბიჯზე, როცა საოკუპაციო რეჟიმი უკანონო ინფრასტრუქტურას აღმართავს, ჩვენ გვაქვს უმკაცრესი რეაგირება და შესაძლებლობების ფარგლებში, ვებრძვით ოკუპაციას“,- ამბობს გიორგი საბედაშვილი.

„ძალა ერთობაშია“, იმ მასალის თანახმად, რომელსაც მონიტორინგის შედეგად მოიპოვებენ, აცხადებს, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის უფრო მეტი ნაწილის მიტაცებას გეგმავენ და ოკუპანტების გახშირებული პატრულირებაც ამით აიხსნება. ერთის მხრივ, ამის თაობაზე განცხადებებს დე-ფაქტო ცხინვალი სულ უფრო ხშირად აკეთებს ღიად, მეორეს მხრივ კი ვხედავთ სულ უფრო და უფრო მეტ ვიზუალურ მასალას, სადაც რუსი ოკუპანტების გადაადგილებაა ნაჩვენები ისეთ ადგილებზე, რაც ამ დროისთვის ოკუპაციის ქვეშ არაა. ასეთია ტერიტორიები საქართველოს სამ რეგიონში იმერეთში, რაჭასა და მცხეთა-მთიანეთში.

„მიდის მზადება ახალი ტერიტორიების ოკუპაციისთვის. ეს არ იქნება მცოცავი ოკუპაცია, გარწმუნებთ. ეს იქნება ინტენსიური და უცებ ჩატარებული ოპერაციები. ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა მცხეთა-მთიანეთი, განსაკუთრებით ზედა მხარე - მლეთა-გუდაური. მით უმეტეს, თრუსოს ხეობა. რაჭა და თრუსოს ხეობა, პირდაპირ, მიზანში აქვთ ამოღებული და ემზადებიან, ეს სულ პირველ პლანზეა წამოწეული. იგივე ხდება ზემო იმერეთში და ახლა - ლომისაზე. ამ ადგილებზე საქართველოს საპოლიციო ძალები მუდმივ პატრულირებას არ ახორციელებენ. აი, სწორედ აქ დაგვარტყამენ,“- ამბობს გაგი მახარაძე.

XS
SM
MD
LG