უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის ბახმუტში რუსეთის შეტევები მოიგერიოს

კიევის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ რუსეთმა გაამაგრა თავისი ძალები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტის გარშემო. უკრაინელების თქმით, რუსეთმა თავისი ჯარი ბახმუტის მიმდებარედ თავდაცვიდან თავდასხმაზე გადაიყვანა, მაგრამ უკრაინა ემზადება ამ თავდასხმების მოსაგერიებლად.

რუსეთმა ბახმუტი მაისში აიღო. ეს იყო 20-თვიანი ომის ყველაზე სისხლიანი ბრძოლისა და შეტაკებების ადგილი. დიდი ხნის დაანონსებული კონტრშეტევა უკრაინამ ივნისში დაიწყო. კონტრშეტევის მიზანი ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთში ოკუპირებული მიწების, მათ შორის ბახმუტის დაბრუნება იყო.

„ბახმუტის რაიონში მტერმა საგრძნობლად გააძლიერა დაჯგუფება და თავდაცვიდან აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა“, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ გაავრცელა.

ასევე ნახეთ: ზელენსკის თქმით, კიევი რუსულ ხომალდებზე იერიშს მაშინაც მიიტანს თუ რუსეთი მას აფხაზეთში განათავსებს

უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლობის კომუნიკაციების უფროსმა ვოლოდიმირ ფიტიომ თქვა, რომ რუსული ძალები ამ თვის დასაწყისიდან ემზადებიან ბახმუტის ირგვლივ დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად.

ორივე წყაროს თქმით, რუსული ჯარი განსაკუთრებით აქტიურობს უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ კუპიანსკთან, ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც ფიტიოს თანახმად, რუსეთს რიცხობრივი უპირატესობა აქვს.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ კიევის ძალები ბახმუტის მახლობლად შეტევით პოზიციებზე რჩებიან.

"მტერი წარუმატებლად ცდილობდა კლიშჩიივკას მახლობლად დაკარგული პოზიციების აღდგენას", - ნათქვამია განცხადებაში. კლიშჩიივკა უკრაინამ სექტემბერში, კონტრშეტევის ოპერაციის დროს დაიბრუნა.

რუსული ჯარები ასევე ცდილობდნენ წინსვლას სინკივკაში, კუპიანსკის ჩრდილოეთით, მაგრამ უკრაინული მხარის ინფრომაციით, მათ წინსვლა არ ჰქონიათ.