ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკის თქმით, კიევი რუსულ ხომალდებზე იერიშს მაშინაც მიიტანს თუ რუსეთი მას აფხაზეთში განათავსებს


უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გააგრძელებს სამხედრო ზეწოლას რუსეთზე შავ ზღვაში. განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 24 ოქტომბერს გააკეთა.

დაახლოებით 5 თვის წინ დაწყებული კონტრიერიშის დროს, კიევმა გააძლიერა შეტევა რუსეთის ძალებზე, რომლებიც შავ ზღვაზე, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმშია განლაგებული. უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მყოფი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს განახორციელა.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინა სამიზნეში ამოიღებს ასევე რუსულ ხომალდებს იმ შემთხვევაშიც თუ ოქტომბერის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, რუსეთი ფლოტის ნაწილს, ოკუპირებულ ოჩამჩირეში განათავსებს.

"მცირე ხნის წინ რუსეთის მეთაურს მოუწია გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთში, უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან მაქსიმალურად შორს, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით", - თქვა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმსა და შავ ზღვაზე რუსეთის ბატონობის „ილუზია“ დაიმსხვრა. „რუსეთის ფლოტი ვეღარ ახერხებს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირებას და თანდათან გარბის ყირიმიდან", - განაცხადა ზელენსკიმ. "ეს ისტორიული მიღწევაა".

უკრაინის თავდასხმები ყირიმში და მის გარშემო მოიცავდა შეტევებს ნახევარკუნძულზე მდებარე რუსეთის საჰაერო ბაზაზე, სევასტოპოლში ბაზირებულ შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტზე და რუსეთთან დამაკავშირებელ ყირიმის ერთადერთ ხიდზე. კიევის ამ თავდასხმებმა ხაზი გაუსვა უკრაინის მზარდ შესაძლებლობებს, მათ შორის, საზღვაო დრონების გამოყენების თვალსაზრისით.

პარალელურად, მოსკოვი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას შორი რადიუსის რაკეტებით და სამხედრო დრონებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, ყირიმის ნახევარკუნძულზე, რუსეთის საზღვაო ძალებმა გაანადგურეს სამი უკრაინული უპილოტო გემი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG