2030 წლისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან „შუა დერეფანში“ ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადის გადმორთვა მოხდება და ამ დროისთვის, საქართველოს ინფრასტრუქტურა მზად უნდა იყოს რომ გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება თავისუფლად შეძლოს. ეს იყო თბილისში დასრულებული „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი მესიჯი.
ფორუმს, რომელიც მეოთხედ გაიმართა, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებთან ერთად, 2000-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო.
„შუა დერეფნის“ შესახებ პანელურ დისკუსიაში, საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საზღვაო და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ორგანიზაციების გენმდივნებმაც მიიღეს მონაწილეობა.
„შუა აზიის ქვეყნების ლიდერები, თუ, ადრე „შუა დერეფანს“ სარეზერვოდ განიხილავდნენ, ახლა სურთ რომ ძირითად დერეფნად გამოიყენონ. ეს ქვეყნები, ამ მიზნით ძალიან დიდ ინვესტიციებს დებენ საკუთარი სატრანზიტო ინფარსტრუქტურის განვითარებაში“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა, რომელიც ფორუმზე რამდენიმე პანელურ დისკუსიას დაესწრო.
„შუა აზიის ქვეყნების ლიდერები, თუ ადრე „შუა დერეფანს“ სარეზერვო დერეფნად განიხილავდნენ, ახლა სურთ, რომ ძირითად დერეფნად გამოიყენონ. ეს ქვეყნები, ძალიან დიდ ინვესტიციებს დებენ სატრანზიტო ინფარსტრუქტურის განვითარებაში. ასეთ ვითარებაში, საქართველო განზე ვერ გადგება"პაატა ცაგარეიშვილი, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“
მისი თქმით, „ასეთ ვითარებაში, საქართველო განზე ვერ გადგება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დროულად ვერცერთი ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ გავნახორციელეთ, დაწყებული ანაკლიის პორტიდან, დამთავრებული რკინიგზის მოდერნიზაციით და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალით. თვითონ ეს ქვეყნები გვაიძულებენ რომ ინფრასტრუტურა განვავითაროთ. ეს იყო სწორედ ამ ფორუმის მთავარი მესიჯი“ - მიაჩნია ცაგარეიშვილს.
ფორუმზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ტვირთბრუნვის გაზრდისთვის, აუცილებელია ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება, რომელსაც 2023 წელს წესით, პანამაქსის ტიპის გემები უნდა მიეღო, თუმცა, პროექტი გაჩერდა და ხელახლა დასაწყები გახდა.
ასევე უმნიშვნელოვანესია რკინიგზის მოდერნიზაციის (უნდა დასრულებულიყო 2019 წელს), აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის დასრულება. ეს მშენებლობები 2006-07 წლებში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმზე" დროში წლობით გაწელილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების ახალ თარიღად, 2024 წლის ბოლო დაასახელა.
„საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება. მათ შორისაა, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. 2024 წლის ბოლომდე, მისი დასრულების შემდეგ, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. მთავრობა დიდ ინვესტიციებს დებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისა და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში“ - განაცხადა ფორუმზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა.
Your browser doesn’t support HTML5
შუა აზიიდან და იგივე ჩინეთიდან ტვირთები, რომლის გადმორთვაც "შუა დერეფანში" იგეგმება, ამჟამად რუსეთზე გამავალ „ჩრდილოეთის დერეფნის“ მეშვეობით მოძრაობს. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩინეთიდან "ჩრდილოეთის დერეფნით" ტვირთი ევროპაში 12-18 დღეში ხვდება, ხოლო უფრო მოკლე "შუა დერეფნით" დაახლოებით 30 დღე მაინც სჭირდება.
ექსპერტების თქმით, საქართველოს სატრანსპორტო მიმზიდველობის გასაზრდელად, ასევე მნიშვნელოვანია, ისეთი გამოწვევების დაძლევა, როგორიც არის ყაზახეთის მფლობელობაში არსებულ ბათუმის ნავსადგურში, წინასაპორტო და სარკინიგზო სადგურის მოდერნიზება.
ქვეყანაში მთლიანად უნდა განახლდეს სავაგონო პარკი, მოეწყოს გაზის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ინფრასტუქტურა და პორტებში გაიზარდოს საკონტეინერო სიმძლავრეები. დღეისათვის, ფოთის პორტს მოზღვავებული ტვირთის გატარება უკვე უჭირს.
2024 წლის ბოლოდან საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდებაირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი
„ნავთობპროდუქტების გადაზიდვისგან განსხვავებით, რომლის გადმორთვაც, სავარაუდოდ, 2028-2030 წლისთვის მოხდება, მშრალი და ნაყარი ტვირთების გადმორთვას ჩვენს დერეფანში, ჩემი აზრით, უფრო ცოტა 3-5 წელი ესაჭიროება“ - ამბობს "სატრანსპორტი დერეფნის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი.
მისი თქმით, „ამისთვის აუცილებელია ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში მოეწყოს ტერმინალები ნაყარი და ქიმიური, ტვირთებისთვის, იგივე გადამუშავებული ლითონის და ქვანახშირისთვის. ყაზახეთიდან ჩანს რომ ეს იქნება მთავარი ტვირთი და წამოვა ჩვენი მიმართულებით“.
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის ფორუმზე, „შუა დერეფნის“ განვითარების მიზნით, ბაქოს პორტის გარდა, ყულევის პორტის განვითარებაზე და ანაკლიის პორტის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.
ბათუმისა და ფოთის პორტები მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს შუა დერეფნისთვის. ყულევის პორტის გაფართოვება აზერბაიჯანის მიერ, ასევე წვლილს შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაშიალი ასადოვი, აზერბაიჯანის პრემიერი
„ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ბაქოს პორტში ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრეები 15 მილიონი ტონიდან 25 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. ბათუმისა და ფოთის პორტები საქართველოში ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს შუა დერეფნისთვის. ამავდროულად, ყულევის პორტის გაფართოვება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ანაკლიის მშენებლობა, რა თქმა უნდა, ესეც წვლილს შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში“ - აღნიშნა ალი ასადოვმა.
„კითხვები აზერბაიჯანის მიმართაც არის. აზერბაიჯანი ფლობს ყულევის პორტს, რომელსაც წელიწადში 10 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია, რეალურად ბოლო 10 წლის მანძილზე, 1.5-2 მილიონ ტონას ატარებს ანუ რეზერვი 80% აქვს. თანაც არავის არ უშვებს ყულევში, უცხო გადამზიდავს, აქ ვერავინ კითხვის ნიშანს ვერ სვამს, ვერც ჩვენი მთავრობა. გაუგებარია, ყულევის სიმძლავრეს ვერ ითვისებს და ანაკლიაზე საუბრობს?
ამდენი წლის მანძილზე, აზერბაიჯანმა ვერც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დაასრულა. ამ რკინიგზის გამტარუნარიანობა 5 მილიონი ტონაა და ნახევარი მილიონიც არ გადის, ეს ყველაფერი ტვირთბრუნვაზე აისახება“ - მიაჩნია პაატა ცაგარეიშვილს.
Your browser doesn’t support HTML5
2023 წლის თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმი" მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ „შუა დერეფანში“ ჩართვის დიდი სურვილი გამოთქვა და „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა პირადად წარმოადგინა, სულ ახლახანს, აზერბაიჯანთან ომში დამარცხებულმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთმა აზერბაიჯანს და თურქეთს ათწლეულების მანძილზე ჩაკეტილი სარკინიგზო და საავტომობილო გზების გახსნა შესთავაზა, ერთადერთი, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მოთხოვნით. ბაქო და ანკარა ამ წინადადებას ჯერ არ გამოხმაურებიან.
ჩვენი ინიციატივა სრულად ჩართულია „აბრეშუმის გზის“ ლოგიკაში. მოხარულები ვიქნებით, მივიღოთ და უსაფრთხოდ გადავიყვანოთ სატრანსპორტო საშუალებები, ტვირთები..ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერი
„მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა სრულიად ჩართულია „აბრეშუმის გზის“ ლოგიკაში. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, მივიღოთ და უსაფრთხოდ გადავიყვანოთ ადამიანები, სატრანსპორტო საშუალებები, ტვირთები, მილსადენები, კაბელი და ელექტროგადამცემი ხაზები, სომხეთის ტერიტორიაზე“ - განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში, სომხეთი აზერბაიჯანთან ხელს მოაწერს შეთანხმებას მშვიდობისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების თაობაზე. ასევე გახსნის სომხეთ-თურქეთის საზღვარს, მესამე ქვეყნებისა და დიპლომატიური პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის.
„აბრეშუმის გზის" 2023 წლის ფორუმზე საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. სამი ქვეყნის ერთობლივი საწარმო „ერთი ფანჯრის“ პრინციპით იმუშავებს, რამაც „შუა დერეფანში“ ტვირთების ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.
Your browser doesn’t support HTML5
„შუა დერეფანი“ იგივე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა“, რომელიც ჩინეთიდან ევროპისკენ და უკან, ტვირთების გადაზიდვისთვის ყველაზე მოკლე მარშრუტია, ხელახლა, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ დაიბადა.
ომის, სანქციებისა და რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთის დერეფანში“ ტვირთების გადაზიდვის გაძვირების, უსაფრთxოების თუ ლოჯისტიკური პრობლემების გამო, „შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვა 2022 წლიდან ავტომატურად იზრდება. ახლა, ის ქვეყნები, რომელზეც დერეფანი გადის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით და დიდი ინვესტიციებით, ცდილობენ ტვირთბრუნვის ზრდა "შუა დერეფანში" სისტემური გახდეს.
ექსპერეტების აზრით, "შუა დერეფნის" ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, დერეფნის გაციფრულება რჩება, რათა მოძრავი ტვირთების კონტროლი და მოძრაობა უფრო მოქნილი და პროგნოზირებადი გახდეს.