რუსეთის პარლამენტმა დაასრულა პროცესი იმ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების გასაუქმებლად, რომელიც ქვეყანას ბირთვული იარაღის გამოცდას უკრძალავდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ამბობს, რომ რუსეთი არაა მზად განაახლოს დისკუსია ამერიკულ მხარესთან ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე თუკი ვაშინგტონი თავის "მტრულ" პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. ეს გადაწყვეტილება დასავლეთს განსაკუთრებით აშფოთებს მაშინ, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს.
კანონი, რომელსაც 156 ხმით, წინააღმდეგობის გარეშე დაუჭირეს მხარი, გულისხმობს "ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმების" დერატიფიცირებას. კანონი პრეზიდენტ პუტინს ხელმოსაწერად გადაეგზავნა.
ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა, რომ მოსკოვსაც იგივე პოზიცია ჰქონდეს ამ შეთანხმებაზე, რაც ამერიკას. შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებას ხელი 1996 წელს მოაწერა, მაგრამ მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.
რუსეთი თავის მხრივ გამუდმებით ამბობს, რომ ის არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოცდას, თუკი ამას ვაშინგტონი არ გააკეთებს. ამ სფეროს ექსპერტები კი ამბობენ, რომ რომელიმე მხარის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდა იარაღით კონკურენციაში შეიძლება გადაიზარდოს. ეს კი მაშინ, როცა მსოფლიო უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომების მოწმეა.
ზოგიერთი მედია გასულ თვეში წერდა, რომ რუსეთმა, ამერიკამ და ჩინეთმა ბირთვული იარაღის გამოსაცდელი ტერიტორიები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააფართოვეს. ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტმა კი გასულ კვირას განაცხადა, რომ ნევადაში სატესტო ქიმიური აფეთქება განახორციელა, რომლის მიზანიც მსოფლიოში ბირთვული აფეთქებების აღმოჩენა-დაფიქსირების შესაძლებლობის გაზრდა იყო. რუსეთის საგარეო უწყების მეორე პირი კი ამბობს, რომ ნევადის აფეთქება "უეჭველად პოლიტიკური სიგნალი იყო" და მოსკოვი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.