ლიბანში "როიტერის" ჟურნალისტი სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა

პარასკევს ლიბანში ისრაელის მიმართულებიდან ნასროლმა რაკეტამ "როიტერის" ჟურნალისტი მოკლა. დაშავებულია 6 სხვა ჟურნალისტიც. ამის შესახებ მედიას "როიტერის" ადგილზე მყოფმა კიდევ ერთმა ვიდეო-ოპერატორმა შეატყობინა. ჟურნალისტების ჯგუფი, მათ შორის "სააგენტო ფრანს-პრესის" და "ალ-ჯაზირას" ჟურნალისტები ქვეყნის სამხრეთით, ისრაელის საზღვართან, სოფელ ალმა ალ-შააბთან ახლოს მუშაობდნენ. ეს ისრაელის შეიარაღებული ძალებისა და ლიბანური დაჯგუფება "ჰეზბოლას" წარმომადგენლების შეტაკებების ეპიცენტრი იყო. ისამ აბდალა დაღუპვამდე მაუწყებლებისთვის პირდაპირ ვივდეო ტრანსლაციას უზრუნელყოფდა.

ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნიჯან მიკატი და "ჰეზბოლას" წარმომადგენელი კანონმდებელი ინციდენტში სწორედ ისრაელს ადანაშაულებს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ კომენტარის თხოვნას მაშინვე არ უპასუხა, თუმცა გაეროში ისრაელის წარმომადგენელმა, გილად ერდანმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე თქვა: "ცხადია, ჩვენ არასდროს გვენდომებოდა არც ერთი იმ ჟურნალისტის მიზანში ამოღება ან მოკვლა, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა. მაგრამ საომარ მდგომარეობაში ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს". მანვე განმარტა, რომ ქვეყანა მომხდარს ალბათ გამოიძიებს.

შაბათს კი ისრაელის შეიარაღებულ ძალებში დაადასტურეს, რომ ამ "ტრაგიკულ" ინციდენტს იკვლევენ და ამოწმებენ ვიდეოჩანაწერებს იმისთვის, რომ დაადგინონ რა მოხდა. პარალელურად, ლიბანი აცხადებს, რომ ის გაეროს უშიშროების საბჭოში ოფიციალური საჩივრის გაგზავნას აპირებს, რომლის საფუძველიც "ისრაელის მხრიდან ლიბანელი ჟურნალისტის განზრახ მკვლელობა" იქნება. "როიტერის "ჟურნალისტი ისამ აბდალა ლიბანის მოქალაქე იყო.

ისრაელმა ლიბანში, "ჰეზბოლას“ ობიექტზე მიიტანა იერიში, რაც ისრაელის არმიის თანახმად, ლიბანის სამხრეთიდან „ისრაელის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტების შეღწევაზე" და "ისრაელის დრონისთვის ცეცხლის გახსნაზე" პასუხი იყო. "ჰეზბოლა" ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებაა.

"როიტერის" კიდევ ორი ჟურნალისტი, რომლებც ამ დროს აბდალასთან ერთად იმყოფებოდნენ და თავადაც დაშავდნენ, ყვებიან, რომ ისინი ისრაელის მიმართულებიდან ნასროლ რაკეტებს იღებდნენ, როცა ერთ-ერთი მათგანი სწორედ იმ ადგილს მოხვდა, სადაც აბდალა იჯდა. რამდენიმე წამის შემდეგ კი კიდევ ერთი რაკეტა იმ მანქანას დაეცა, რომელსაც ჟურნალისტების ეს ჯგუფი იყენებდა. სხვადასხვა მედიასაშუალება წერს, რომ ეს ისრაელიდან ნასროლი რაკეტა იყო. თუმცა "როიტერის" ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამის დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება არ აქვთ. დაშავებულნი არიან "სააგენტო ფრანს-პრესის" და მაუწყებელ "ალ-ჯაზირას" ჟურნალისტებიც.