ბჟანია: ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა

ასლან ბჟანია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ უახლოეს მომავალში, ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა.

ეს განცხადება ბჟანიამ რუსულ გაზეთ "იზვესტიას" დაუდასტურა, ვლადიმირ პუტინთან 4 ოქტომბერს, სოჭში შეხვედრის შემდეგ.

“ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ჩვენ მის ბორტზე ავედით. ძალიან განვითარებული ხომალდია სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა მოეწყობა", - თქვა ბჟანიამ.

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ასლან ბჟანია განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს შეთანხმება “დღეს არ იყო მიღწეული” და გადაწყვეტილება წინა, ერთობლივ შეხვედრებზე მიიღეს.

მისივე თქმით, აფხაზეთისთვის ეს არის რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებების განხორციელების მაგალითი.

საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა.

“საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.