„სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენება უკვე არის კანონდარღვევა”

საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სამთავრობო თვითმფრინავი კერძო მიზნებისთვის, პრემიერს და მის ოჯახს, მამამ ტარიელ ღარიბაშვილმა 34 ათასს ევროდ დაუქირავა

პრემიერის და მისი ოჯახის წევრების სამთავრობო ლაინერით თბილისიდან მიუნხენში და უკან, კერძო ჩარტერული ფრენა, ასევე მიუნხენის აეროპორტში ბორტი ნომერი ერთის - Bombardier Challenger-ის ცხრა დღის ვადით გაჩერება, მთლიანად, ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, 71 წლის ტარიელ ღარიბაშვილმა დააფინანსა და 34 ათასი ევრო გადაიხადა - ასეთია საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია.

„34 ათასი ევროს ხსენება, რეალურად არის, ამ თანხაზე ყურადღების გადატანის მცდელობა, რადგან აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა პირადი მიზნებისთვის, მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავი გამოიყენა. ამასთან, მამამისმა მართლა გადაიხადა თუ არა ეს თანხა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ, ასეც რომ ყოფილიყო ამ თანხების წარმომავლობაც არის კითხვის ქვეშ“
ალექსანდრე ქევხიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი

„34 ათასი ევროს ხსენება, რეალურად არის, ამ თანხაზე ყურადღების გადატანის მცდელობა, რადგან აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა პირადი მიზნებისთვის, მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავი გამოიყენა“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი ალექსანდრე ქევხიშვილი.

მისი თქმით, „სულ, რომ ეს ფრენა უფასოდ განხორციელებულიყო, სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენება ეს უკვე არის კანონდარღვევა. ეს უკვე არის კორუფცია. ამასთან, მამამისმა მართლა გადაიხადა თუ არა ეს თანხა ჩვენ არ ვიცით, არცერთი დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა, უბრალოდ ციფრი ითქვა, რაც არანაირად საკმარისი არ არის. მაგრამ, ასეც რომ ყოფილიყო ამ თანხების წარმომავლობაც არის კითხვის ქვეშ“ - მიაჩნია ქევხიშვილს.

ის, რომ ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი აშშ-ში, პრემიერ-მინისტრი შვილის, შვილიშვილების და ოჯახის სხვა წევრების კერძო მოგზაურობა ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა დააფინანსა, ეს ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გაავრცელა.

სწორედ ამ სამსახურში შედის სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო“, რომლის ბალანსზეც ირიცხება, მთავრობის ავიაპარკი და მათ შორის, კანადური ლაინერი Bombardier Challenger, რომლითაც ღარიბაშვილები მიუნხენში გაფრინდნენ.

„შენატანი კერძო პიროვნების მიერ არის გაკეთებული და ეს თანხა არის 34 000 ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებითაა გადახდილი.. საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება მოხდენილია კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება არის ტარიელ ღარიბაშვილი“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ, მან აღნიშნული სატელევიზიო კომენტარი მხოლოდ სამთავრობო მედიას მისცა.

Your browser doesn’t support HTML5

ქევხიშვილი: "ეს უკვე არის კანონდარღვევა და კორუფცია"

ჩუბინიძეს არ წარმოუდგენია, არავითარი დოკუმენტი რაც, „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ანგარიშზე, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ 34 ათასი ევროს ანუ დაახლოებით 97 ათასი ლარის გადახდას დაადასტურებდა.

ჩუბინიძემ ეს იმით ახსნა, რომ „ჯორჯიან ეარვეისისგან“ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას ელოდება. სწორედ ეს კერძო ავიაკომპანია მოემსახურა რეისს-A92771 და დოკუმენტაციის წარდგენისთვის, ჩუბინიძის მტკიცებით, სულ მცირე, "თვენახევარი" სჭირდება.

პრემიერ-მინისტრისთვის არასდროს დამისვამს კითხვა მამის ბიზნესებთან დაკავშირებით, თუმცა მსმენია, რომ მას რაღაც ბიზნესები აქვს, ჰქონდა თანხა და გადაიხადა შვილიშვილის გამგზავრებაში. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ჩემთვის სარწმუნოა. დაელოდეთ, დეკლარაციაში ჩაიწერება ყველაფერი“
მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე

„ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან, როცა ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერი დასამალი არ აქვს, ეს ხარჯები აბსოლუტურად კანონიერია“ - ასე დაუჭირა მხარი პრემიერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და მედიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ წინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაცილებით კორუმპირებული იყო.

ვინ არის 71 წლის ტარიელ ღარიბაშვილი, რომელმაც სამთავრობო ბორტის დაქირავება შეძლო? „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ტარიელ ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ხორნაბუჯის (ყოფილი წითელწყაროს) რწმუნებული იყო და თანამდებობა 2011 წლის ოქტომბერში დატოვა, როცა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მისი შვილი, მაშინ ბანკი "ქართუს" თანამშრომელი, ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, როცა ირაკლი ღარიბაშვილი შსს მინისტრად დაინიშნა, ტარიელ ღარიბაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მის ოჯახს საშუალება არ ჰქონდა შვილის საფრანგეთში სწავლა დაეფინანსებინა და "სწავლის ფული მეგობრებმა აუგროვეს".

ათი წლის შემდეგ, 2021-2022 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა, რომ მამამ ტარიელ ღარიბაშვილმა ორჯერ 150 ათასი, ჯამში 300 ათასი ლარი აჩუქა. 2023 წლის თებერვალში, ტარიელ ღარიბაშვილმა 200 000 ლარი გადაიხადა და ღვინის მწარმოებელ კომპანია “ქართულ ფესვებში” 50%-იანი წილი შეიძინა.

Your browser doesn’t support HTML5

ჩუბინიძე: 34000 ევრო ჩარტერში ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

დღეისათვის, ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე დაახლოებით, 4.5 ათასი ჰექტარი მიწაა გაფორმებული, რომელთა შეძენაც 2014 წლიდან დაიწყო. პრემიერის მამამ დედოფლისწყაროში, მამაპაპისეული სახლის გვერდზე, მომიჯნავე, მეზობლების მიწებიც შეიძინა და 2023 წელს, ახალი ფეშენებელური სახლის მშენებლობაც დაასრულა.

„მშობლების და ნათესავების მხრიდან, ფულადი საჩუქრები, ბოლო დროს გახდა ერთგვარი მეთოდი, რითაც საჯარო პირები ქონებრივ დეკლარაციას "აბალანსებენ"

„როცა სჭირდებათ, ღარიბაშვილის მამა არის ღატაკი და პენსიის გარდა, შემოსავალი არ აქვს, თუ საჭირო გახდება, ღვინის ქარხნები, ბიზნესები აქვს, ჩამოვყალიბდეთ.

პირადად, პრემიერ-მინისტრისთვის არასდროს დამისვამს კითხვა მამის ბიზნესებთან დაკავშირებით, თუმცა მსმენია, რომ მას რაღაც ბიზნესები აქვს, ჰქონდა თანხა და გადაიხადა შვილიშვილის გამგზავრებაში. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ჩემთვის სარწმუნოა. დაელოდეთ, დეკლარაციაში ჩაიწერება ყველაფერი“ - ამბობს „ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ტარიელ ღარიბაშვილი 2011 წელს, სოფლის რწმუნებულად მუშაობის დროს ( "ქიზიყის" ფოტო) და მის მიერ 2023 წელს შეძენილი ღვინის ქარხანა და სახლი

ხვდება ძალიან კარგად, რომ ეს არ არის ფაქტი, რომლითაც თავი შეიძლება მოიწონო ქვეყანაში სადაც ადამიანებს ყოველდღიური ლუკმა პურისთვის უწევთ ბრძოლა და ამიტომ მალავდნენ ამ ფაქტს“
ანა ნაცვლიშვილი, ოპოზიციონერი დეპუტატი

კორუფციის მკვლევარს სანდრო ქევხიშვილს მიაჩნია, რომ „მშობლების და ნათესავების მხრიდან, ფულადი საჩუქრები ბოლო დროს გახდა ერთგვარი მეთოდი, რითაც საჯარო პირები ქონებრივ დეკლარაციას "აბალანსებენ".

„ამ ფულადი „საჩურქების“ გარეშე, რო ნახოთ, მათ დეკლარირებული გასავალი გაცილებით აღემატება მათ შემოსავალს. ღარიბაშვილის შემთხვევა ამის მკაფიო მაგალითია, საიდან გაუჩნდა ტარიელ ღარიბაშვილს ეს თანხები? რო გვქონდეს ჩვენ დამოუკიდებელი გამოძიება, ამით აუცილებლად დაინტერესდებოდა“ - გვითხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა.

პარლამენტარ ანა ნაცვლიშვილის თქმით, „მაღალი სტანდარტი და სწორი მოქმედება იქნებოდა, რომ ღარიბაშვილს თავად ესაუბრა ამ რეისის შესახებ, საჯაროდ და ღიად, თუ არაფერი არის დასამალი, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ხვდება ძალიან კარგად, რომ ეს არ არის ფაქტი, რომლითაც თავი შეიძლება მოიწონო ქვეყანაში სადაც ადამიანებს ყოველდღიური ლუკმა პურისთვის უწევთ ბრძოლა და ამიტომ მალავდნენ ამ ფაქტს“.

Your browser doesn’t support HTML5

ნაცვლიშვილი: კარგად ხვდება, რომ ეს არ არის ფაქტი, რომლითაც შეიძლება თავი მოიწონო

ღარიბაშვილების ოჯახი კერძო მიზნებით და სამთავრობო ბორტით, თბილისიდან მიუნხენში, 19 აგვისტოს გაფრინდა. გერმანიიდან პრემიერი, უფროსს ვაჟთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთათ, უკვე რეგულარული რეისით, აშშ-ში გადაფრინდა, რათა მის ვაჟს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლა დაეწყო.

სამთავრობო ლაინერი Bombardier Challenger, რომელიც ეკიპაჟის სამ წევრს და 16 მგზავრს იტევს, ღარიბაშვილებს მიუნხენის აეროპორტში, 28 აგვისტომდე ელოდებოდა. აშშ-დან გერმანიაში დაბრუნებული პრემიერი, ოჯახის წევრებთან ერთად, ბორტმა ნომერმა ერთმა ისევ საქართველოში ჩამოიყვანა. ამ ისტორიის შესახებ, საზოგადოებისთვის „ტვ პირველის“ ჟურნალისტური გამოძიებიდან გახდა ცნობილი, ოპოზიცია გენერალური პროკურორისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს, თუმცა ირაკლი შოთაძის უწყება ისევ დუმს.

განახლება: პრემიერ ღარიბაშვილის კერძო ფრენასთან აგორებული სკანდალის ფონზე, თავდაცვის სამინისტრომ 2010, 2011 და 2012 წლებში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფრენებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების „განსაიდუმლოების პროცესი“ დაიწყო.

ხელშეკრულებები ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ არის გაფორმებული, რომელიც როგორც ახლა, სამთავრობო ბორტებს, წინა წლებშიც ემსახურებოდა. სააკაშვილის ფრენის ღირებულებას კი თავდაცვის სამინისტრო ფარავდა. უწყების მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან სააკაშვილის ფრენებზე, მათ შორის, პირადი მიზნებით 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი