უკრაინა "მეგა ტალანტ" პილოტ "ჯუსის" გლოვობს

უკრაინა სახელოვან პილოტს, ანდრი პილშჩიკოვს ემშვიდობება. სამშაბათს, საბრძოლო საჰაერო ხომალდების გამორჩეული პილოტისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად, ეკლესიაში უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

30 წლის პილოტი, მეტსახელად "ჯუსი", წვრთნებისას მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ის უკრაინის საჰაერო ძალების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო და ქვეყნის მთავრობასთან ერთად დასავლელი ლიდერების დარწმუნებას ცდილობდა, რომ კიევს ამერიკული ავიამოიერიშეები - F-16-ები მიეღო.

სამოქალაქო პანაშვიდზე მისული მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ომის უამრავი მსხვერპლის პირობებშიც, თითოეული სიკვდილი მტკივნეულია და მას განსაკუთრებული, ახალგაზრდა და ნიჭიერი მოქალაქეები ეწირებიან.

25 ივნისი, 2022

საჰაერო ძალების პრეს-სპიკერმა პილშჩიკოვს "მეგა-ტალანტი" უწოდა. ის ერთ-ერთი პირველი პილოტი იყო, რომელიც უკრაინამ ამერიკაში გაგზავნა იმისთვის, რომ F-16-ების სამართავად უკრაინელი პილოტების მზაობა შემოწმებულიყო.

უკრაინული მედია წერს, რომ პილშჩიკოვი საჰაერო ძალებში რეფორმის წამყვანი ძალაც იყო და უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოც.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის იყო "ერთ-ერთი მათგანი, ვინც ქვეყანას უდიდესი დახმარება გაუწია".

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ის ამერიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ამერიკელი გენერლის თქმით, უკრაინა ავიამოიერიშეებს სავარაუდოდ მალე მიიღებს.

"მას ძალიან უნდოდა F-16-ების მართვა ესწავლა. როგორც მესმის, მას მალე ამ წვრთნებში მონაწილეობაც უნდა მიეღო. ვერ მოესწრო იმ დღეს, რომელზეც ასე ოცნებობდა", - თქვა ერთ-ერთმა მეგობარმა დასაფლავებამდე.
ცერემონიის შემდეგ, პილშჩიკოვის დედამ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურს სთხოვა, უკრაინისკენ მომავალი პირველი F-16-ით ფრენის უფლება მისი შვილის ნაცვლად მისცეს, რათა ამით დაღუპულ პილოტს პატივი მიაგოს.

"მე ავალ იქ, მის მაგივრად", - თქვა პილოტის დედამ და საჰაერო ძალების მეთაურისგან ამის დაპირებაც მიიღო.

პილშჩიკოვთან ერთად კატასტროფისას კიდევ ორი პილოტი დაიღუპა. პარასკევს ერთმანეთს ორი საბრძოლო თვითმფრინავი L-39 შეეჯახა.

დეკემბერში "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში პილშჩიკოვი ამბობდა, რომ ის "მიგ-29"-ებით რუსული დრონებსაც კი ებრძოდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ძველი, საბჭოთა წარმოების ავიაცია რუს მოწინააღმდეგეს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევს, კიევი გამუდმებით ითხოვს დასავლურ ავიამოიერიშეებს.
პილშჩიკოვის მეტსახელი "ჯუსი", ინგლისურად "წვენს" ნიშნავს. მეგობრები ამბობენ, რომ ეს მეტსახელი მას 2019 წელს, კალიფორნიაში წვრთნების შემდეგ შეარქვეს - მას მერე, რაც ბარში შესული პილოტი, მხოლოდ წვენს სვამდა.