ჩინეთისთვის ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო მასალის გადაცემის ბრალდებით, აშშ-ის საზღვაო ძალების ორი მეზღვაური დააკვეს. ხუთშაბათს, ამის შესახებ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.
დაბალი რანგის 26 წლის ოფიცერს, ვენჰენ ჟაოს ბრალი შეთქმულებასა და ქრთამის აღებაში წარუდიგნეს. ოფიციალური პირების განცხადებით, მან შეერთებული შტატების მგრძნობიარე სამხედრო ინფორმაციის, ფოტოებისა და ვიდეოების სანაცვლოდ, $15 000-მდე ქრთამი აიღო.
აშშ-ის საზღვაო ძალების მეზღვაურს, ჯინჩაო ვეის, რომლის ასაკიც გასაჯაროებული არ არის, ბრალი შეთქმულებაზე წაუყენეს. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, მან ათასობით დოლარის სანაცვლოდ, ჩინეთში ამერიკის ეროვნული თავდაცვის ინფორმაცია გააგზავნა.
ასევე ნახეთ: იტალიას ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის დატოვება სურსგენერალური პროკურორის თანაშემწემ, მეტ ოლსენმა სან-დიეგოში ჯურნალისტებს განუცხადა, რომ მათი ქმედების გამო, აშშ-ის „სენსიტიური სამხედრო ინფორმაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელში აღმოჩნდა“.
ჟაოს ბრალი ედება ჩინეთისთვის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის სამხედრო წვრთნებისთვის გეგმების გაგზავნაში. ასევე, იაპონიაში, ოკინავაში, აშშ-ს სამხედრო ბაზაზე რადარის სისტემის ელექტრონული დიაგრამებისა და საზღვაო ობიექტების უსაფრთხოების დეტალების გაგზავნაში.
ვეის ბრალს სდებენ ინფორმაციის გამჟღავნებაში USS Essex-ის, სადესანტო ხომალდის შესახებ, რომელზეც ის მსახურობდა, ისევე როგორც სხვა ამერიკული ხომალდების, მათ შორის ათობით ტექნიკური სახელმძღვანელოს შესახებ, რომლებიც აღწერს ხომალდის შეიარაღებას, ძალაუფლების სტრუქტურას და ოპერაციებს.
პრესკონფერენციაზე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, ჩინეთის ჯაშუშური კამპანია დაგმეს.
„შეერთებული შტატებისთვის, არ არსებობს უფრო დიდი, მრავალი თაობისთვის საფრთხე“ - ვიდრე ჩინეთი, თქვა გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტმა, სტეისი მოიმ. პეკინს „არაფერი შეაჩერებს შეერთებულ შტატებზე თავდასხმისგან, მისი სტრატეგიული გეგმის შესასრულებლად, გახდეს ერთადერთი ზესახელმწიფო“.
გამოთქმულ ბრალდებებზე, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.