საქართველოს U21 ნაკრებმა სენსაციური მოგებით დაიწყო, ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი ფეხბურთში. სასტარტო მატჩში, თბილისში, ბორის პაიჭაძის ეროვნულ არენაზე, ქართველებმა ამ ასაკში კონტინენტის ერთ-ერთი გრანდი, პორტუგალია 2:0 დააამარცხეს. ეს არის პირველი, ისტორიული ევროპის U21 ჩემპიონატი, რომელსაც დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველო, რუმინეთთან ერთად მასპინძლობს.
“ეს შოკი იყო“ - ასე ეხმაურება საქართველოს ნაკრების დებიუტს და გამარჯვებას, უეფა - ევროპის ფეხბურთის ასოციების კავშირი. პორტუგალიამ, რომელიც ევროპის ვიცე-ჩემპიონია (2021 წელს მათ ევრო U21-ის ფინალი გერმანიასთან წააგეს) საკვალიფიკაციო ეტაპზე 41 გოლი გაიტანა, ბოლო 11 მატჩის განმავლობაში, Esperanças-ს უგოლოდ მოედანი არ დაუტოვებია და საქართველომ სწორედ ასეთი სერია შეწყვიტა.
ანგარიში საქართველოს ფორვარდმა გიორგი გაგუამ გახსნა, იგი ესპანური „ალავესის“ საკუთრებაა, თუმცა, მესამე ლიგაში, ირუნის „რეალ უნიონშია“ განათხოვრებული. გაგუამ პოზიციურად და ფიზიკურადაც დაჩაგრა „ჟილ ვისენტეს“ ცენტრალური მცველი ტომას არაუჟო, რომელიც ლისაბონის „ბენფიკას“ საკუთრებაა და შემდეგ, უზუსტესი დარტყმით აიღო, „ვიტორია გიმარაეშის“ მეკარის სელტონ ბიაის კარი 1:0.
ჩემთვის პირველი გოლი იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორმითგიორგი გაგუა, საქართველოს ნაკრებისა და ირუნის "რეალ უნიონის" ფორვარდი
„ჩემთვის პირველი გოლი იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორმით. ორმაგად სასიამოვნოა, როცა ამას ოფიციალურ შეხვედრაში აკეთებ. კიდევ უფრო სასიამოვნოა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში, ასეთ მეტოქესთან გაგაქვს ბურთი. მთელი გუნდი ბოლომდე დაიხარჯა!“ - აღნიშნა გიორგი გაგუამ, რომელმაც ანგარიში 37 წუთზე გახსნა.
საქართველომ პორტუგალიას მეორე გოლიც პირველ ტაიმში გაუტანა, 45 წუთზე, პოლონური „ლეხის“ ჰავბეკმა გიორგი წიტაიშვილმა ზედიზედ მეორე საგოლე პასი, უკვე კუთხურიდან გააკეთა და თავით პორტების კარი, მოსკოვის „დინამოს“ მცველმა საბა საზონოვმა აიღო.
პორტუგალია მეორე ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, ძელსაც გაარტყა, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლო. 76 წუთზე სტუმრებს უკრაინული „შახტარის“ ნახევარმცველი გიორგი გოჩოლეიშვილი გაეპარათ, აქ არუჟო კიდევ შეცდა, ქართველი მოცელა და მსაჯმა იგი მოედნიდან გააძევა. საბოლოოდ, ქართველებმა 2-0 მოიგეს და ტურნირის პირველივე დღეს, ყველაზე დიდი სენსაცია მოახდინეს.
„ვფიქრობ სწორედ ეს იყო საუკეთესო მატჩი, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ითამაშარამაზ სვანაძე, საქართველოს U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იყო საუკეთესო მატჩი, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით ამ ნაკრებმა ითამაშა, გუნდურობით, ერთიანობით, დავალებების შესრულებით მოვიგეთ. ევროპის ჩემპიონატი ძალიან მაჟორულ ნოტაზე დავიწყეთ. რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან დებიუტანტები ვართ. პირველად დავამარცხეთ პორტუგალია. ეს მხოლოდ დასაწყისია“ - აღნიშნა მატჩის შემდეგ, საქართველო ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ.
მთავარმა მწვრთნელმა განსაკუთრებით აღნიშნა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინული „შახტარიდან“ და ზურიკო დავითაშვილი, ფრანგული „ბორდოდან“, რომლებმაც 20 ივნისს, შოტლანდიაში ითამაშეს და 21 ივნისს, თბილისში მოედანზე გამოვიდნენ.
მათ გარდა ეროვნული ნაკრებიდან ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდნენ გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“) და გიორგი გაგნიძე („დინამო“). გადაღლილობის გამო, U21-ში თამაშზე უარი თქვეს ხვიჩა კვარაცხელიამ („ნაპოლი“ და გიორგი მიქაუტაძემ („მეცი)“.
„ის ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნული ნაკრებიდან შემოგვიერთდნენ, გვაძლევენ სამ რაღაცას: რწმენას, გამოცდილებას და ხარისხს. ამ ყველაფრის გაერთიანებით კი გვაქვს შანსი, რომ წარმატებას მივაღწიოთ" - თქვა რამაზ სვანაძემ.
ის ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნული ნაკრებიდან შემოგვიერთდნენ, გვაძლევენ სამ რაღაცას: რწმენას, გამოცდილებას და ხარისხს
საქართველო ევროპის U21 ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, A ჯგუფში ასპარეზობს, სადაც პორტუგალიის გარდა, ბელგია და ნიდერლანდიც გამოდიან. ამ გუნდების შეხვედრა, თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 0:0 დასრულდა. 24 ივნისს, საქართველო, ეროვნულ სტადიონზე ბელგიას შეხვდება, 27 ივნისს კი ნიდერლანდებს.
ევროპის U21-ზე, საქართველო მასპინძლობს C ჯგუფსაც, ბათუმსა და ქუთაისში, მოქმედი ჩემპიონი გერმანია, ინგლისი, ჩეხეთი და ისრაელი პირველ შეხვედრებს დღეს გამართავენ.
პარალელურად, რუმინეთის ქალაქები ბუქარესტი და კლუჟი B (ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია, რუმინეთი) და D (საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია, შვეიცარია) ჯგუფებს მასპინძლობენ.
თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 საუკეთესო გუნდი გადის. ორი მეოთხედფინალი („მიხეილ მესხი“ თბილისი - „რამაზ შენგელია“ ქუთაისი), ერთი ნახევარფინალი (აჭარაბეთ არენა, ბათუმი) და 8 ივლისს, ფინალი (ბათუმი) საქართველოში გაიმართება.
ეს ევროპის ჩემპიონატი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ 2024 წლის, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სამი საგზური თამაშდება, რომლებსაც ევრო 2023-ის მომავალი ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი მიიღებენ.