ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ბრიტანეთში: არველაძე "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელია


შოთა არველაძემ ინგლისური ჩემპიონშიფის გუნდი ჩაიბარა
შოთა არველაძემ ინგლისური ჩემპიონშიფის გუნდი ჩაიბარა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა შოთა არველაძემ ინგლისური ჩემპიონშიპის "ჰალ სიტი" ჩაიბარა. 48 წლის სპეციალისტმა ბრიტანულ გუნდთან, რომელიც ჩრდილოეთის ზღასთან მდებარე, 250 ათასიან ქალაქ ჰალს წარმოადგენს 2,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნებისმიერ ადამიანს ვინც ფეხბურთშია, სურს, რომ კარიერა ინგლისში აიწყოს. უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ოჯახი კი ძალიან ამაყი!
შოთა არველაძე, ინგლისის "ჰალ სითის" ახალი მთავარი მწვრთნელი

"ყველას მადლიერი ვარ, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა. ნებისმიერ ადამიანს ვინც ფეხბურთშია, სურს რომ კარიერა ინგლისში აიწყოს. უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ოჯახი კი ძალიან ამაყი" - განაცხადა "ჰალში" წარდგენისას შოთა არველაძემ.

1904 წელს დაარსებულ "ჰალ სიტი" ამჟამად, ინგლისის ჩემპიონშიპში, მე-19 ადგილს იკავებს და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ბრიტანული კლუბი ახლახანს, თურქმა ტელემაგნატმა აჯუნ ილაჯალიმ შეიძინა, სწორედ მან მიიყვანა კლუბში არველაძე, ჩრდილოეთ ირლანდიელი სპეციალისტის გრანტ მაკანის ნაცვლად. შოთა დებიუტი "ჰალის" მთავარი მწვრთნელის რანგში, უკვე 29 იანვარს შედგება, როცა "ვეფხვები" უელსურ "სუონსის" უმასპინძლებენ.

შოთა ჰალ სითის MKM სტადიონზე
შოთა ჰალ სითის MKM სტადიონზე

"მიხარია, რომ სუონსის მალე ვეთამაშებით, ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ კლუბის ფანებს. საუკეთესო, შემტევი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ, მთავარი მიზანი გამარჯვება იქნება!" - თქვა შოთა არველაძემ, იგი პირველი ქართველი მწრთნელია, რომელმაც დიდ ბრიტანეთში საფეხბურთო კლუბი ჩაიბარა.

შოთა არველაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, მან ეროვნულ ნაკრებში სარეკორდო - 26 გოლი გაიტანა. ფეხბურთის ანა ბანა, ძმებთან რეზო და არჩილ არველაძეებთან ერთად თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში შეისწავლა.

შოთამ ტყუპისცალ არჩილთან ერთად, პროფესიული კარიერა თბილისის "მართვეში" დაიწყო, შემდეგ იყო თბილისის "დინამო", თურქული "ტრაბზონსპორი", ამსტერდამის "აიაქსი", გლაზგოს "რეინჯერსი", ნიდერლანდური "ალმაარი" და ესპანური "ლევანტე".

შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე, არველაძემ 549 მატჩში 321 გოლი გაიტანა. შოთა ორჯერ გახდა შოტლანდიის და ერთხელ ნიდერლანდების ჩემპიონი; ორჯერ მოიგო შოტლანდიის და ნიდერლანდების, ერთხელ კი თურქეთის თასი; სამჯერ დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად (1994, 1998, 2007).

შოთა გლაზგო "რეინჯერსის" მაისურით
შოთა გლაზგო "რეინჯერსის" მაისურით

სამწრთნელო კარიერა, ჯერ კიდევ ფეხბურთის თამაშის დროს, "ალკმაარში" ცნობილი ნიდერლანდელ სპეციალისტის ვან გაალის თანაშემწედ დაიწყო.

2010 წლიდან, უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში იმუშავა თურქეთის "ქაისერი სპორთან", "ქასიმფაშასთან" და "ტრანზონსპორთან". 2016 წელს ისრაელის კლუბი - თელ-ავივის "მაქაბი" ჩაიბარა, 2017-20 წლებში კი უზბეკეთში, "ფახთაქორს" წვრთნიდა.

ყველაზე დიდ წარმატებას არველაძემ სწორედ ტაშკენტურ კლუბთან ერთად მიაღწია, ორ-ორჯერ უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი, ერთხელ კი ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

"ძალიან მოტივირებული ვარ, მსურს ყველას დავანახო, რომ ამ ბიჭებით, ახალგაზრდა ტალანტებით, რომლებიც ჰალში გვყავს კარგად თამაში შეგვიძლია" - ამბობს არველაძე, რომლის საფეხბურთო ფილოსოფია ბრიტანეთში 29 იანვარს გამოჩნდება.

შოთა არველაძემ ინგლისში გადაბარგებამდე, რამდენიმე წინადადებაზე თქვა უარი, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე, რომლის მაისურიც 1992-2007 წლებში 61 ჯერ მოირგო და 26 გოლი გაიტანა.

შოთა საქართველო - შოტლანდიის მატჩში, 2007 წელი
შოთა საქართველო - შოტლანდიის მატჩში, 2007 წელი

შოთა არველაძისთვის "ჰალ სიტი" საწვრთნელ კარიერაში უდიდესი გამოწვევაა, ამ დონის ჩემპიონატში მას არასოდეს უმუშავია. დღეისათვის, საუკეთესო ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა. შოთას ყოფილმა პარტნიორმა ეროვნულ ნაკრებში, ბერძნული გრანდები: პირეოსის "ოლიმპიაკოსი" და ათენის აეკ-ი გაწვრთნა, ხუთი წელი იმუშავა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად და წლებია კვიპროსის გრანდით "ანართოსისით" ევროტურნირებზე ასპარეზობს.

"ჰალ სიტის" ფანები შოთა არველაძეს 29 იანვარს გაიცნობენ
"ჰალ სიტის" ფანები შოთა არველაძეს 29 იანვარს გაიცნობენ

XS
SM
MD
LG