უკრაინის საჰაერო ძალების პრეს-სპიკერის, იური იჰნატის ცნობით, უკრაინა აპირებს, რომ ამერიკული ავიამოიერიშეების მართვის სასწავლად ათობით პილოტი გამოყოს. დასავლელი მოკავშირეები საწვრთნელი პროგრამების დასაწყებად ემზადებიან.
"ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს რაც შეიძლება მალე დაიწყოს", - თქვა იჰნატმა უკრაინის ერვნული ტელევიზიის ეთერში და დასძინა, რომ წვრთნებისთვის შერჩეულ პილოტებს, საბრძოლო გამოცდილება ექნებათ. "ეს არაა წვრთნა, ესაა გადამზადება", - განმარტა იჰნატმა.
ასევე ნახეთ: ზელენსკი F-16-ების შესახებ საბოლოო შეთანხმებას ელოდებაუკრაინა, რომელმაც რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო, გამუდმებით ამბობს, რომ მას თანამედროვე, დასავლური ავიამოიერიშეები სჭირდება იმისთვის, რომ რუსეთის საჰაერო უპირატესობას დაუპირისპირდეს. ნატოს წევრი ქვეყნების - ნიდერლანდებისა და დანიის მეთაურობით, შექმნილია საერთაშორისო კოალიცია, რომელიც გადაამზადებს უკრაინელ პილოტებს და დამხმარე პერსონალს იმისთვის, რომ საბოლოოდ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის შემდეგ, ისინი საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი ამბობს, რომ წვრთნები ამ ზაფხულს დაიწყება. მისი განმარტებით, საწვრთნელი პროგრამა სრულად ფუნქციური უნდა იყოს მომდევნო 6 თვის განმავლობაში. წვრთნებს კი შესაძლოა დანიამ უმასპინძლოს, სადაც სიმულაციური ფრენების შესაძლებლობა იქნება.
უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშეების გადაცემის გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თუმცა, პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებები ამის თაობაზე მალე დასრულდება. ამერიკის მიერ მხარდაჭერილი საწვრთნელი პროგრამა, ბელგიასა და ლუქსემბურგსაც მოიცავს. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის ცნობით, პროგრამის განხორციელებაში მხარდაჭერის მზადყოფნა უკვე გამოთქვა საფრანგეთმა და ბრიტანეთმა.