ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები ვილნიუსის სამიტზე უკრაინისთვის ომის დასრულების შემდეგ წევრობის უფრო ნათელი გზის შეთავაზების მოწოდებით გამოდიან. ქვეყნების ლიდერებმა ამის შესახებ სამშაბათს ბრატისლავაში ისაუბრეს.
მოკავშირე ქვეყნების ნაწილს უკრაინის ნატოში გაწევრიანების სისწრაფესთან დაკავშირებით შედარებით განსხვავებული პოზიციები აქვს. თუმცა კიევი თავად აღიარებს, რომ სანამ ომი არ დასრულდება, სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში მისი გაწევრიანება ვერ მოხდება.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ კვირას ევროპელ ლიდერებს მოლდოვაში შეხვდა და და ნატოს ლიდერებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარანტიების მიცემა სთხოვა.
ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების პრეზიდენტები სამშაბათს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდნენ და შემდეგ ერთობლივი მხარდამჭერი განცხადებაც გააკეთეს.
ასევე ნახეთ: გადამწყვეტი სამიტის წინ, ნატო უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს"ჩვენ ვაძლიერებთ ურთიერთობას უკრაინასთან კონკრეტული, პრაქტიკული მხარდაჭერის მიმართულებით, მაგრამ ასევე უკრაინასთან ურთიერთობის დაახლოების კუთხითაც", - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა კაპუტოვამ, რომელიც ამ შეხვედრას მასპინძლობდა. მისივე თქმით, ეს არ არის ნატოს გაფართოება რუსეთის მიმართ, არამედ პირიქით, იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებს არ შთანთქავს.
აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები - ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი - რომლებსაც ხშირად "ბუქარესტის 9-ადაც" მოიხსენიებენ, უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები არიან. ნატოს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ უკრაინის დაჩქარებულმა გაწევრიანებამ შესაძლოა ალიანსი რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციასთან დააახლოვოს. უნგრეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ "არარეალისტური დაპირებებიც" არ უნდა გაიცეს. თუმცა ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვილნიუსში უკრაინასთან პოლიტიკური ურთიერთობა ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს და უნდა გაიხსნას ახალი პოლიტიკური გზა, რომელიც უკრაინას ნატოს წევრობამდე მიიყვანს, როგორც კი ვითარება ამის შესაძლებლობას მისცემს.
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რომელიც ივლისში ვილნიუსში სამიტს უმასპინძლებს, ამბობს, რომ 9 ქვეყნის ერთობლივი მხარდაჭერა უკრაინის წევრობას უკვე აქვს და პრობლემური სხვა წევრების დათანხმებაა.
"მომდევნო კვირების განმავლობაში ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ გადავდგათ დიდი ნაბიჯი წინ და არ გავუცრუოთ უკრაინას და მის მხარდამჭერებს იმედები. საკმარისი აღარ იქნება იმის გამეორება, რომ ნატოს კარი ღია რჩება", - დასძინა მან.