ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადამწყვეტი სამიტის წინ, ნატო უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

მოსკოვი უკრაინას ნატოს წევრობის გზაზე ვერ შეაჩერებს, განაცხადა დღეს, 1 ივნისს, იენს სტოლტენბერგმა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ოსლოში იმყოფება, სადაც ალიანსის მინისტერიალი იმართება.

"ყველა მოკავშირე თანხმდება იმაზე, რომ მოსკოვს არ აქვს უფლება ვეტო დაადოს ნატოს გაფართოებას" - თქვა მან ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე. ეს იმ ფონზე, როცა ალიანსის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა ნატოში კიევის დაწინაურების დაჩქარებასთან დაკავშირებით. "ჩვენ წინ მივიწევთ, მოკავშირეები თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინა წევრი გახდება" - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერებს მოლდოვაში გამართულ შეხვედრაზე მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევის სურვილია ნატოში უკრაინის მომავალთან დაკავშირებით, მომავალ სამიტზე უფრო "გარკვევით" ნათქვამი პასუხი მოისმინოს. ალიანსის მომდევნო სამიტი ვილნიუსში დაახლოებით 6 კვირაში, ივლისში იგეგმება.

2008 წელს გამართულ ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან. თუმცა, ამისთვის წევრობის მსურველ ქვეყნებში ჯერ გარკვეული ნაბიჯები იყო გადასადგმელი.

უკრაინის ალიანსში დაწინაურებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გამოკვეთილად უჭერენ მხარს. თუმცა, დასავლეთის სახელმწიფოები, როგორიცაა მაგალითად შეერთებული შტატები და გერმანია, ფრთხილობენ იმაზე, რომ სამომავლო ნაბიჯებმა ისინი რუსეთთან ომს არ დააახლოვოს.

უნგრეთი გარკვევით ამბობს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მომავალი სამიტის დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა იდგეს. "ნატოს ღია კარის პოლიტიკა ადგილზე რჩება, მაგრამ ამავე დროს, ისიც გასაგებია, რომ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ომის შუაგულში მყოფი ახალი წევრების მიღებაზე" - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG