არასამთავრობოები: პრემიერის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გმობენ. საუბარია იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც პრემიერმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ნატო და უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს კრემლის პოზიციის გამეორებაა. ისინი პრემიერს შეახსენებენ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრება უკრაინის მოსახლეობის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციითაც არის გამყარებული. ჰელსინკის აქტი კი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებასა თუ ალიანსს.

"სინანულს გამოვთქვათ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ამასთან, სამწუხაროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე", - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გავრცელებულ განცხადებაში ისინი ასევე შეახსენებენ პრემიერს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც, აბსოლუტური უმრავლესობით, "2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისტიცის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრებას". ეს არჩევანი კი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ამ განცხადებას ოცამდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია აწერს ხელს:

  1. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  3. დემოკრატიის კვლევის ცენტრი;
  4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  5. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  6. მედიის განვითარების ფონდი;
  7. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  8. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  9. პრევენცია პროგრესისთვის;
  10. რონდელის ფონდი;
  11. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  12. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  13. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  14. საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
  15. სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  16. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
  17. უფლებები საქართველო;
  18. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
  19. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი;