საქართველოს ხელისუფლებამ ერთდღიანი უარყოფის და საზოგადოების პროტესტის შემდეგ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ნამდვილად შემოუშვა, ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილი ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვა და მისი ქმარი, რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე ვინოკუროვი.
ცოლ-ქმარ ლავროვა-ვინოკუროვის წინააღმდეგ, საერთაშორისო სანქციები 2022 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოქმედებს. ეკატერინეს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მოქალაქეც არის, აკრძალული აქვს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და უკრაინაში შესვლა.
„ქართული ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ
„ქართული ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ყველა ნაბიჯი, რაც მმართველმა პარტიამ ბოლოს გადადგა, რუსეთთან ფრენების აღდგენის და იმის ხაზგასმის ჩათვლით, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არასოდეს მიეურთდება, აქეთკენ არის გადადმულიბაკურ კვაშილავა, GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი
მისი აზრით, „ყველა ნაბიჯი, რაც მმართველმა პარტიამ ბოლოს გადადგა, რუსეთთან ფრენების აღდგენის და იმის ხაზგასმის ჩათვლით, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არასოდეს მიეურთდება, სწორედ აქეთკენ არის გადადმული. „ოცნებას“ აცნობიერებს, რომ ის რეფორმები, რომლის შესრულებასაც 12 პირობის სახით ითხოვს მისგან ევროკავშირი, პირველ რიგში, „ოცნების“ ძალაუფლებას დაასუსტებს“ - მიაჩნია კვაშილავას.
საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილისთვის საზღვრის კვეთის უფლების მიცემა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სწორედ იმით ახსნა, რომ საქართველო არ მიერთებია და არც აპირებს მიუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ამავე დროს, კობახიძემ ლავროვის ოჯახის წევრებისთვის დაწესებულ სანქციებს არასწორი უწოდა.
„არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ადამიანის უფლებების სტანდარტებს ეწინააღმდეგება, ეს გერმანიაში ვისწავლე...თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, არ გვქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოგვეშვა საქართველოში“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვა ოჯახის წევრებთან და სამეგობროსთან ერთად, მაზლის, ისრაელის მოქალაქე მოშე ვინოკუროვის ქორწილში ჩამოვიდა. მოშემ, სასცენო სახელით - MIKA VINO, ცოლად რუსეთის მოქალაქე დიანა ახმადიშინა მოიყვანა და ხელი თბილისში, უზნაძის ქუჩაში მდებარე, „ქორწინების სახლში“ მოაწერა. "ქორწინების სახლში" ამტკიცებენ, რომ ცერემონიის დეტალები ჯერ კიდევ, მარტში შეთანხმდა და ჯავშანიც მაშინ გაფორმდა.
სიტუაცია უკიდურესად, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ინსტაგრამსა და ტვიტერზე რუსმა სტუმრებმა საქართველოში მოლხენის ამსახველი ვიდეოს გავრცელება დაიწყეს. ამის შემდეგ, ოპოზიციამ ყვარელში, სასტუმრო Kvareli Like Resort-ის ბლოკირება სცადა, სადაც რუსეთიდან ჩამოსული მაყრიონის ნაწილი, მათ შორის ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვაც იმყოფებოდა.
პოლიციამ საერთო ჯამში, ყვარელსა და თბილისში საპროტესტო აქციებზე, 17 პირი დააკავა, მათ შორის, პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. ამ დროისთვის, შსს-ს განცხადებით, ყველა დაკავებული თავისუფალია.
„არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, არ გვქონდა საფუძველი არ შემოგვეშვა“ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
როგორც Kvareli Like Resort-ში, ისე Akhasheni Wine Resort-ში 20 მაისს, კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ მათთან სტუმრად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი იმყოფებოდა. მათ სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელეს და მედიაში გასულ ინფორმაცია, დეზინფორმაცია უწოდეს.
ყვარლის ტბასთან პოლიციასა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, Kvareli Like Resort-ში, საქმიან სადილზე ვერ შეძლო შესვლა საქართველოში ფინეთის ელჩმა. კირსტი ნარინენმა აღნიშნა, რომ მისთვის სიურპრიზი იყო ყვარელში ეკატერინა ლავროვას ყოფნა.
„ლავროვის ოჯახი სანქცირებულია და მათი ევროპის ქვეყნებში შეშვება აკრძალულია. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ სანქციებს არ უერთდებიან, მეორე მხრივ მათ ნათქვამი აქვთ, რომ სანქციების გარკვეულ ნაწილს შეუერთდებოდნენ. თუმცა აუცილებლობის მიუხედავად, ამას ვერ ვხედავთ“ - განაცხადა ქართულ მედიასთან ფინეთის ელჩმა კირსტი ნარინენმა
„რას ნიშნავს, რომ სანქცირებული, თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც არის პუტინის გარემოცვა, ჩამოდის ქვეყანაში...“ - ასე გამოეხმაურა საქართველოში ლავროვის შვილის შემოშვებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის და 31 მაისს, ევროპარლამენტში გამოსვლის უფლებას არ აძლევს, გამოვიდა ღია მოწოდებით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დაწესდეს და საავიაციო მიმოსვლა შეწყდეს.
ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაარწმუნა, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება“.
პრეზიდენტის ეს განცხადება მოგვიანებით „ქართულ ოცნებაში“ უარყვეს - „შეუძლებელია, რომ შსს მინისტრს პრეზიდენტისთვის ეთქვა, რომ ის ქორწილს გადადებდა, რადგან ეს გომელაურის და შსს-ს საქმე არ არის“ - განაცხადა „ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.
ლავროვის ოჯახი სანქცირებულია და მათი ევროპის ქვეყნებში შეშვება აკრძალულია. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ სანქციებს არ უერთდებიან, მეორე მხრივ მათ ნათქვამი აქვთ, რომ სანქციების გარკვეულ ნაწილს შეუერთდებოდნენ. თუმცა აუცილებლობის მიუხედავად, ამას ვერ ვხედავთ“კირსტი ნარინენი, ფინეთის ელჩი საქართველოში
ამ დროისთვის უცნობია, რა რაოდენობის ადამიანი შემოვიდა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავების ქორწილზე დასასწრებად და პროტესტის შემდეგ, რამდენმა დატოვა ქვეყანა. შსს-ში ამ საკითხზე კომენტარი არ კეთდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ქორწილი საქართველოში, დროში დაემთხვა, 23 წლის შემდეგ, რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მოხსნას და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას.
19 მაისს, თბილისის აეროპორტში, პირველი ფრენა რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა, 20 მაისს კი მოსკოვის აეროპორტში ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ლაინერი დაჯდა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსეთში ფრენების დაწყებისთვის „ჯორჯიან ეარვეისს“ ბოიკოტი ოფიციალურად გამოუცხადა და საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა ამ ავიაკომპანიის სერვისით აღარ ისარგებლონ.
საპასუხოდ, „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა სალომე ზურაბიშვილი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და პრეზიდენტის წინაპრები, რომლებმაც ქვეყანა 1921 წლის რუსული ოკუპაციის შემდეგ დატოვეს, „საქართველოს ხაზინის, მუზეუმების და ეკლესია-მონასტრების გაძარცვაში“ დაადანაშაულა. „ჩვენ მას (ზურაბიშვილს) ბორტზე არ დავუშვებთ“ - ხაზი გაუსვა გაიაშვილმა.
ნიშანდობლივია, რომ გაიაშვილმა მოსკოვში, „ჯორჯიან ეარვეისის“ პირველი ფრენის შემდეგ, რუსული ტელევიზიის ეთერით, ვლადიმერ პუტინს სავიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის გამო დიდი მადლობა გადაუხადა. ფრენების აღდგენას და უვიზო რეჟიმს რუსეთთან, მანამდე საქართველოს ხელისუფლებაც მიესალმა.
„დღეისათვის ვითარება ასე ჩანს, რომ რუსული ნარატივი დასავლური ნარატივის წინააღმდეგ, გახდა სახელისუფლებო ნარატივი - ოპოზიციური ნარატივის წინააღმდეგ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ დავით ძიძიშვილმა, ჰიბრიდული ომის სპეციალისტმა.
რუსული ნარატივი დასავლური ნარატივის წინააღმდეგ, გახდა სახელისუფლებო ნარატივი ოპოზიციური ნარატივის წინააღმდეგ... სულ რომ გულწრფელად არ იყოს, „ოცნება“ პრორუსული, არადა, რეალობა, მათი ბოლო ნაბიჯებიდან გამომდინარე, ფრენების აღდგენის ჩათვლით, განსხვავებულია, რუსეთის ხელისუფლება ამას ისე შეფუთავს და ისეთ ვითარებას შექმნის, რომ ყველამ იფიქროს, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი შეიცვალა და იგი პრორუსულია. სწორედ ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის მთელი არსიდავით ძიძიშვილი, ჰიბრიდული ომის სპეციალისტი
მისი თქმით, „ასეთი გარემოს შექმნაზე, ძირითადად, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ხელისუფლების ნარატივი ხშირად ემთხვევა რუსულ ნარატივს. ყველა დანარჩენ ადამიანებს, ვინც დასავლურ ნარატივზე ვდგავართ და ვცდილობთ, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი დავიცვათ, ხელისუფლება გვაცხადებს, ბნელებად, მოღალატეებად, ომის პარტიის წევრებად და ა.შ
ამიტომ, როგორც კი ვდგებით იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება და მისი მომხრეები ცალსახად იმას ამბობენ, რასაც რუსეთი ამბობს... ბუნებრივია, რომ რუსეთი აუცილებლად გადადგამს რაღაც ნაბიჯებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკას მხარი დაუჭიროს. ამას დღეს ნათლად ვხედავთ.
სულ რომ გულწრფელად არ იყოს, „ქართული ოცნება“ პრორუსული, არადა, რეალობა, მათი ბოლო ნაბიჯებიდან გამომდინარე, ფრენების აღდგენის ჩათვლით, რბილად რო ვთქვათ, განსხვავებულია, რუსეთის ხელისუფლება ამას ისე შეფუთავს და ისეთ ვითარებას შექმნის, რომ ყველამ იფიქროს, საქართველოს ხელისუფლების კურსი შეიცვალა და იგი პრორუსულია. სწორედ ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის მთელი არსი“ - ამბობს დავით ძიძიშვილი.
მესამე სექტორის აზრით, ამ დროისთვის, ევროკავშირის 12 პუნქტიდან, საქართველოს ხელისუფლებას არ შეუსრულებია 5 მოთხოვნა, 4 მოთხოვნა ნაწილობრივ არის შესრულებული და სრულად შესრულებულად კი მხოლოდ 2 მოთხოვნა შეიძლება ჩაითვალოს.
ამ ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანად გაზარდა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება და გახსნა ორმხრივი ფრენები, რაც რუსეთთან ომში ჩაბმული უკრაინის მოკავშირე დასავლეთის სტრატეგიულ პოლიტიკას ცალსახად ეწინააღმდეგება.