ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი, რომელიც პრეზიდენტობისთვის კენჭისყრას აპირებს, სხვა შესაძლო კანდიდატებისსგან განსხვავებით, აბორტზე დისკუსიებს თავს არ არიდებს.
ამერიკულ პოლიტიკაში 20-წლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ თავად აბორტის წინააღმდეგია, მაგრამ ამ თემაზე ეროვნული კონსენსუსის მიღწევას ემხრობა. მისი თქმით, საჭიროა შუალედური შესაძლებლობების მოძებნა.
პარალელურად, პარტიის უკიდურესად მემარჯვენე ფლანგი აბორტის აკრძალვის მომხრეა და ამომრჩეველთა ნაწილის აზრით, ამ თემაზე საუბარი ჰეეილის მხრიდან გაანგარიშებული რისკია. განსაკუთრებით მაშინ, როცა კანდიდატთა უმეტესობა ამ საკითხზე აზრის გამოთქმას ერიდება.
ასევე ნახეთ: რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოლებსსამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილი გუბერნატორი ყურადღების ცენტრში თავიდან 2015 წელს მოექცა, როცა თეთრკანიანმა თავდამსხმელმა ეკლესიაში 9 შავკანიანი მოქალაქე მოკლა. მაშინ ჰეილი შტატის სამთავრობო ტერიტორიებიდან კონფედერატების დროშის მოხსნის ძალისხმევას ედგა სათავეში და ამბობდა, რომ სამხრეთის შტატებში მონათმფლობელობასთან დაკავშირებული სიმბოლოების ადგილი მუზეუმში იყო.
მოგვიანებით, ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2017-2018 წლებში, ამერიკის ელჩი იყო გაეროში. ამჟამად კი ხშირად საუბრობს უკრაინის მხარდაჭერის საჭიროებაზეც, თემაზე, რომელზეც ზოგიერთ რესპუბლიკელს განსხვავებული აზრი აქვს.
მისი გარემოცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ როგორც ჩანს, ეს მისი არჩევანია, ისაუბროს წინააღმდეგობრივ საკითხებზე და ამით გამოარჩიოს საკუთარი თავი სხვა შესაძლო პოლიტიკური მეტოქეებისგან. თუმცა გამოკითხვების თანახმად, მისი რეიტინგები 4%-ის ფარგლებშია, რესპუბლიკელთა თითქმის ნახევარი კი კვლავ ყოფილ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს უჭერს მხარს.