ბლინკენი რუსეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტი

"მსოფლიოში პრესის თავისუფლების დღის აღნიშვნის 30 წლისთავზე ამერიკა მადლობას უხდის ყველა ჟურნალისტს და მედია პროფესიონალს მსოფლიოში, რომლებიც ინფორმაციითა და იდეებით ამარაგებენ ამა თუ იმ ქვეყნის თავისუფალ და ღია საზოგადოებებს", - ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები პატივს მიაგებს ყველა იმ დიდ მსხვერპლს, რომელიც ბევრმა ჟურნალისტმა გაიღო ამ კეთილშობილი მისიისთვის. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ დღეს მსოფლიოში ბევრი მთავრობა დევნის და აზიანებს აზრის თავისუფლად გამოხატვის პროცესს და ჟურნალისტების წინააღმდეგ მათ მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო სადამსჯელო, საპასუხო ნაბიჯებს დგამს.

ამერიკის პირველმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს გაათავისუფლოს “უოლ სტრიტ ჯორნალის” დაპატიმრებული ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და ყველა ის დაკავებული მოქალაქე, რომელიც თავისი საქმის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო იხდის სასჯელს. მან ასევე დასძინა, რომ ხშირად ჟურნალისტები დაშინებისა და გატაცების, ცენზურის, დისკრიმინაციისა და მთავრობების მხრიდან იარაღად გამოყენებული სამართლებრივი სისტემის მსხვერპლი ხდებიან.

მსოფლიოს ქვეყნებში არსებული მედია გამოწვევები, ისევე როგორც ამერიკის გადაწყვეტილება და მზაობა დაიცვას თავისუფალი მედია შინ და ყველგან, მსოფლიოში, სახელმწიფო მდივანმა გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტ დევიდ იგნატიუსთან ინტერვიუში, "პოსტის" ერთ-ერთ ვიდეო პოდკასტში შეაფასა.