გერმანია: ბალტიის ზღვის თავზე სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი გამორთული ტრანსპონდერებით მოძრაობდა

ბალტიის ზღვის თავზე სამი რუსული ავიახომალდი შენიშნეს. გერმანიის საჰაერო ძალების ცნობით, ისინი შესაბამისი სიგნალების გარეშე მანევრირებდნენ და მათ ევროჯეტებმა გზა გადაუკვეთა.

გერმანული მხარის ცნობით, ავიახომალდების ამოსაცნობად გერმანული და ბრიტანული ევროჯეტები გაიგზავნა და გაირკვა, რომ მათ შორის ორი "სუხოი სუ-27" ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი და ერთი "ილუშინ II-20" თვითმფრინავი იყო. ამის შესახებ გერმანიის საჰაერო ძალებმა "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა და თან რუსული თვითმფრინავების ამსახველი ფოტოები დაურთო.

რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც კალინინგრადისკენ მიფრინავენ, რუსეთის სახმელეთო საზღვრებს ხშირად სცდება და ამგვარი ინციდენტები რეგიონში არც ისე იშვიათია. გერმანიისა და ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა 17 აპრილსაც გადაუკვეთა გზა სამ რუსულ ავიახომალდს. ისინი ფინეთის ყურისა და ბალტიის ზღვის თავზე გადაადგილდებოდნენ.

ბალტიისპირეთის ქვეყნებს - ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას - საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავები არ აქვთ, შესაბამისად, ნატოს წევრი ქვეყნების და ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცეს მოკავშირეები ტერიტორიას 2004 წლიდან როტაციის პრინციპით იცავენ. პარტნიორები ასევე რეგულარულად ათავსებენ საბრძოლო თვითმფრინავებსა და პერსონალს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთი ესაზღვრება. აპრილის დასაწყისში, ნატოს საჰაერო სივრცის დაზვერვის მისია გერმანიამ დიდ ბრიტანეთს გადააბარა. თუმცა გერმანული ავიაცია თვის ბოლომდე კვლავ ასრულებს მხარდამჭერ მისიას.

რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებთან დაკავშირებით ინციდენტი დაახლოებით 2 თვის წინაც მოხდა. მაშინ შავი ზღვის თავზე მფრენ ამერიკულ სადაზვერვო “MQ-9” უპილოტო საფრენ აპარატს რუსული მოიერიშე “სუ-27” შეეჯახა. ამერიკული მხარის ცნობით, რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა დრონის საფრენი გზა რამდენჯერმე გადაკვეთეს, სახიფათო და არაპროფესიულ მანევრებს ახორციელებდნენ, ასხამდნენ საწვავს. შემდეგ კი ერთ-ერთი ასეთი მანევრისას, რუსული ავიამოიერიშე დრონის პროპელერს შეეხო. ამერიკული მხარე იძულებული გახდა, დრონი, რომელიც შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ სადაზვერვო ფრენას ახორციელებდა, საერთაშორისო წყლებში ჩაეშვა.

ასევე ნახეთ: რა ვიცით MQ-9 ტიპის დრონზე? 

ეს ამერიკულ და რუსულ შეიარაღებულ ძალებს შორის პირდაპირი კონფრონტაციის პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული მხარე ამერიკულ დრონთან "შეხებას" უარყოფდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მოსკოვში სწორედ ის რუსი პილოტები დააჯილდოვეს, რომლებიც ამ საჰაერო ხომალდებს მართავდნენ.