უკრაინელები მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროს უტევენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომლებიც მდინარე დნიპროს დასავლეთით არიან გამაგრებულნი, ხშირ რეიდებს ახორციელებენ აღმოსავლეთ სანაპიროზეც, ქალაქ ხერსონის სიახლოვეს და იქიდან რუსული ძალების განდევნას ცდილობენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამშაბათს რუსეთის რეგიონულმა ოფიციალურმა პირმა უთხრა.

რუსული ძალები მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხერსონის მახლობლად არიან განლაგებულნი. ეს მას შემდეგ, რაც ნოემბერში, რამდენიმეთვიანი ოკუპაციის შემდეგ, უკრაინის კონტრშეტევის შედეგად, ისინი იძულებულნი გახდნენ დასავლეთ სანაპირო დაეტოვებინათ. თუმცა უკრაინა კონტრშეტევას გეგმავს და მეტი ტერიტორიის გათავისუფლებაზე საუბრობს.

იური სობოლევსკი, ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ ეს რეიდები მიზნად სწორედ რუსული ძალების ბრძოლისუნარიანობის შესუსტებას ისახავს. ასევე, მათ იძულებას, რომ უკან დაიხიონ იმ ტერიტორიებიდან, საიდანაც ისინი კვლავ განაგრძობენ ქალაქ ხერსონის დაბომბვას.

"ჩვენი სამხედროები აღმოსავლეთ სანაპიროს ძალიან ხშირად სტუმრობენ, რეიდებს ახორციელებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები მუშაობენ, ძალიან ეფექტურად, - უთხრა სობოლევსკიმ უკრაინულ მაუწყებელს.

"ჩვენ ვნახავთ შედეგებს ისევე, როგორც ვნახეთ ხერსონის რეგიონში მარჯვენა სანაპიროზეც, იმ გრძელვადიანი და კომპლექსური ოპერაციის წყალობით, რომლის მეშვეობითაც, მათ შეძლეს ტერიტორიების გათავისუფლება ჩვენი ჯარისთვის მინიმალური დანაკარგებით. იგივე ხდება ახლა აღმოსავლეთ სანაპიროზეც", - განმარტა რეგიონული მთავრობის წარმომადგენელმა.

სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინა სავარაუდოდ მალე კოტნრიერიშს დაიწყებს და მისი ერთ-ერთი მიზანი სამხრეთში რუსეთსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის რეგიონს შორის კავშირის გაწყვეტა იქნება. ამისთვის კი ხერსონის რეგიონის სრულად გათავისუფლება უმთავრესი საჭირო ნაბიჯი იქნება.