სლოვაკეთი უკრაინას საკუთარ არსენალში დარჩენილ 9 მიგ-29-ს გადასცემს

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ბრატისლავამ უკრაინას საბჭოთა წარმოების 9 ერთეული "მიგ-29" გამანადგურებელი თვითმფრინავი გადასცა.

ამით სლოვაკეთმა უკრაინას 13-ვე "მიგ-29" მიაწოდა, რომელთა გადაცემასაც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბრატისლავა კიევს რამდენიმე თვის წინ დაჰპირდა.

სამინისტრომ თქვა, რომ სამხედრო თვითმფრინავები უკრაინაში ხმელეთით გადაზიდეს, რაც „რთული ლოგისტიკური ოპერაცია“ იყო. პირველი ოთხი გამანადგურებელი თვითმფრინავებით, სლოვაკეთიდან უკრაინაში უკრაინელი პილოტები, 23 მარტს გაფრინდნენ.

ასევე ნახეთ: უკრაინას "მიგ-29"-ებს სლოვაკეთიც გადასცემს

”ჩვენ სწორ რამეს ვაკეთებთ”, - თქვა თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განცხადებაში. 17 მარტს სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა უკრაინას საბჭოთა დროის, "მიგ-29" თვითმფრინავების მთელი ფლოტის გადაცემის შესახებ.

სლოვაკეთი გახდა ნატოს მეორე წევრი, რომელმაც უპასუხა უკრაინის თხოვნას სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის თაობაზე. სლოვაკეთმა ეს თვითმფრინავები ზაფხულში ამოიღო გამოყენებიდან, სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური ექსპერტიზის ნაკლებობის გამო. მისი საჰაერო სივრცის მონიტორინგი, კი მეზობელმა ნატოს მოკავშირეებმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა, აიღეს საკუთარ თავზე.

ასევე ნახეთ: აშშ სლოვაკეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს

საბჭოური "მიგ-29"-ების შემცვლელი თვითმფრინავები, სლოვაკეთს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წელი არ გადაეცემა.

სლოვაკეთმა 14 ამერიკული "ეფ-16" გამანადგურებელი თვითმფრინავის შეძენის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა. მათი მიწოდება ორი წლით გადაიდო და პირველი თვითმფრინავი სლოვაკეთში 2024 წლის დასაწყისში ჩავა.

შეერთებულმა შტატებმა სლოვაკეთს 12 ახალი სამხედრო ვერტმფრენი შესთავაზა უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო თვითმფრინავების კომპენსაციის სახით. შეთავაზების თანახმად, სლოვაკეთი ერთი მილიარდის ნაცვლად, 340 მილიონ დოლარს გადაიხდის "ბელ ეი-ეიჩ-1ზი" მოიერიშე შვეულმფრენებისთვის. დანარჩენ 660 მილიონ დოლარს შეერთებული შტატების საგარეო სამხედრო დაფინანსება დაფარავს.