„ჩვენ გვსურს დემოკრატიული საქართველო, რომელიც მტკიცედ იქნება ინტეგრირებული დასავლეთთან, რომელიც შეძლებს საკუთარი საზღვრების დაცვას და შეძლებს წინ აღუდგეს რუსეთის მტრულ ქმედებებს“, - ასე დაიწყო საუბარი რობინ დანიგენმა, პრეზიდენ ჯო ბაიდენის წარდგენილმა დიპლომატმა სენატში გამართულ მოსმენაზე, სადაც მისი, როგორც საქართველოში ამერიკის მომავალი ელჩის ნომინაციაზე მოსმენა გაიმართა.
მჯერა, რომ რუსეთი მტრულ აქტივობებს ახორციელებს საქართველოში, მათ შორისაა დეზინფორმაცია და ამას გალენა აქვს ქვეყანაზე
რობინ დანიგენმა სიტყვით გამოსვლაში იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებიც მას, როგორც ამერიკის ელჩს საქართველოში ექნება. ესენია: საელჩოს თანამშრომლებისა და ამერიკელების უსაფრთხოების დაცვა საქართველოში; საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე მუშაობა და რუსეთის იძულება შეასრულოს 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები, ასევე საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება.
„ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად, რომ დავეხმარო მათი საკუთარი ოცნების განხორციელებაში იყვნენ მტკიცედ ინტეგრირებული ევროკავშირთან, ნატოსა და დასავლეთთან; ევროატლანტიკური ერთობა უპირატესობას მიანიჭებს საქართველოს მოსახლეობას. ასევე ღრმად მჯერა, რომ ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებშიც შედის“, - თქვა დანიგენმა.
ამერიკელმა დიპლომატმა სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოს პროგრესზე და დემოკრატიულ განვითარებაზეც ისაუბრა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის პრობლემებიც. „საქართველომ წარმოუდგენელი პროგრესი გაიარა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი შემაშფოთებელი განვითარება აჩვენებს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია“.
ასევე ნახეთ: რინკევიჩი: ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის დახმარება ესკალაციაა, ძალიან ცდებაამერიკელმა სენატორებმა დანიგენს შეკითხვები ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებაც დაუსვეს. განხილვის საგანი იყო რუსული დეზინფორმაციის გავლენა საქართველოზე, საქართველო-უკრაინის მთავრობებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინისადმი. ერთ-ერთი სენატორის მიერ დასმული კითხვა ასევე ეხებოდა იმას ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. სენატორმა პიტ რიკეტსმა, ასევე დასვა კითხვა ქართულ პოლიტიკაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენის შესახებ და ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ძალისხმევაზე.
ჩვენ გვსურს დემოკრატიული საქართველო, რომელიც მტკიცედ იქნება ინტეგრირებული დასავლეთთან, რომელიც შეძლებს საკუთარი საზღვრების დაცვას და შეძლებს წინ აღუდგეს რუსეთის მტრულ ქმედებებს
ამერიკის, სავარაუდო, მომავალ ელჩს, ასევე სთხოვეს განემარტა რატომაა დაძაბულობა საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. დანიგენის თქმით, „შეერთებული შტატებისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია სანქციების დაცვა და განხორციელება, ან მასთან შესაბამისობა იმ შემთხვევაში, თუ [რომელიმე ქვეყანას] სანქციებზე ხელი არ მოუწერია“ და ეს ნამდვილადაა ის საკითხი, რაზეც ამერიკა საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს.
ასევე ნახეთ: ჩვენ დავარბილეთ - ირაკლი კობახიძე "ხალხის ძალის" კანონზე„საქართველომ ნამდვილად უნდა გაიაზროს, რომ სანქციების არიდების გზით არ გვსურს გავაგრძელოთ ომის დაფინანსება და მათი სამხედროების დაფინანსება მომავალი აგრესიებისთვის. ასე რომ, ესაა საუბარი, რომელიც გვაქვს საქართველოს მთავრობასთან. მომავალ თვეს ჩვენი სპეციალური კოორდინატორი სანქციებთან დაკავშირებით, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს ეწვევა, რათა გააგრძელოს ეს მნიშვნელოვანი დიალოგი“, - თქვა დანიგენმა.
ელჩმა ასევე დაამატა, რომ საქართველოს მხრიდან ამ თემაზე მუშაობის მზაობა არსებობს. „საქართველოს მთავრობამ გვითხრა, რომ მათ სურთ ამ სანქციებს მიყვნენ და გვთხოვეს მათ დავეხმაროთი იმაში, რომ საქართველოდან გასული პროდუქციის სახით, როგორმე არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება“.
დიპლომატმა 30-წლიანი გამოცდილებით მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ „სამწუხაროდ, საქართველომ ძალიან კარგად იცის ის საფრთხე, რომელიც ახლა უკრაინის წინაშე დგას, ვინაიდან ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებული არიან 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე“. დანიგენმა თქვა, რომ ის აპირებს საქართველოს მთავრობასთან მჭიდროდ მუშაობას, რათა აიძულოს რუსეთი, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები.
„საქართველომ წარმოუდგენელი პროგრესი გაიარა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი შემაშფოთებელი განვითარება აჩვენებს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია
მოსმენაზე ასევე დაეთმო დრო საქართველოში უცხოეთის გავლენების აგენტების შესახებ "ხალხის ძალის" მიერ რამდენიმე კვირის წინ წარდგენილ კანონპროექტს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პირველი მოსმენით კანონპროექტი კიდევაც მიიღო, ქვეყანაში დაწყებული სახალხო პროტესტისა და დასავლეთში გამოთქმული მკაცრი კრიტიკის გამო, ის უკან გაიწვიეს. უცხოეთის აგენტის კანონპროექტზე დასმულ კითხვაზე დანიგენმა თქვა, რომ ქართველი ხალხის სურვილი, იყოს დასავლეთის ნაწილი ნათელია და რომ ამ გზაზე მათი მხარდაჭერა „ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის“.
ასევე ნახეთ: დონფრიდი: "აშშ-ს არ აქვს საქართველოს ამ ომში ჩართვის ინტერესი"„ვაკვირდებოდი პროტესტს საქართველოში, უცხოეთის გავლენის კანონთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს [პროტესტი] ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს, მყარად იყვნენ ინტეგრირებული დასავლეთთან და ევროკავშირთან. ჩვენ ხშირად ვხედავთ ქართველი ხალხის ერთგულებას ამ გზისადმი. ვფიქრობ, ჩვენს ეროვნულ ინტერებშიც შედის, რომ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა ამ გზაზე. მჯერა, რომ რუსეთი მტრულ აქტივობებს ახორციელებს საქართველოში, მათ შორისაა დეზინფორმაცია და ამას გალენა აქვს ქვეყანაზე. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდაჭერა მათ მიმართ დემოკრატიული რეფორმების გატარებაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - უთხრა დანიგენმა სენატორებს.
დეზინფორმაციაზე საუბრისას სენატორმა ვან ჰოლენმა რობინ დანიგენს მიმართა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩართვას არ ცდილობს. „თქვენ დეზინფორმაცია და დეზინფორმაციის კამპანიები ახსენეთ. ერთ-ერთი მათგანია ძალიან ბევრი რუსული პროპაგანდისტის მცდელობა იმის შესახებ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოს ჩართვას რუსეთის წარმოებულ უკრაინის საწინააღმდეგო ომში, რაც, რათქმა უნდა, სიმართლე არ არის“.
სენატორმა პიტ რიკეტსმა საკუთარ კითხვაში ბიძინა ივანიშვილი სახელით მოიხსენია და საქართველოში ელჩობის ნომინანტს ჰკითხა, თუ როგორ შეუძლია ამერიკას საქართველოს დახმარება გაუწიოს იმაში, რომ ქვეყანამ რუსული გავლენისგან თავს დაღწევა შეძლოს. დანიგენმა მას უპასუხა, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკამ გააგრძელოს ქვეყნის დემოკრატული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც მას რეზისტენტულს გახდის ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევაში.
რობერტ დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. მას ჰყავს ქმარი და ორი შვილი. ამჟამად ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. საქართველოში ელჩობის კანდიდატად დანიგენი პრეზიდენტმა ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა.
ასევე ნახეთ: "არადემოკრატიული საქართველო ვერ იქნება დასავლური ოჯახის წევრი" - ამერიკელი ექსპერტებიმანამდე დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში იყო საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე.
სხვადასხვა დროს, ის იკავებდა ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციას და მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ-სალვადორში.
ვაკვირდებოდი პროტესტს საქართველოში, უცხოეთის გავლენის კანონთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს [პროტესტი] ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს, მყარად იყვნენ ინტეგრირებული დასავლეთთან და ევროკავშირთან
დანიგენმა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო. მას ასევე აქვს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი "ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან" და ბაკალავრის ხარისხი "ბერკლის უნივერსიტეტიდან". ინგლისურის გარდა, საუბრობს ესპანურ და გერმანულ ენებზე.
ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურა შეერთებული შტატების სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ვიდრე სენატი გადაწყვეტილებას მიიღებს, საკანონმდებლო ორგანოში მოსმენები იმართება და ელჩობის ნომინანტი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს და წარადგენს საკუთარ ხედვას, ამერიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ნომინირებული კანდიდატი შეიძლება იყოს კარიერული დიპლომატი, ან პოლიტიკური მოსაზრებებით დანიშნული ფიგურა. საქართველოში, ტრადიციულად, კარიერული დიპლომატები ინიშნებიან. რობინ დანიგენი კარიერული დიპლომატია და სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ის ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანს შეცვლის. კელი დეგნანი, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2020 წლის 29 იანვრიდან იკავებს.