ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის ელჩი ამერიკაში, დიპლომატიურ უწყებაში დაიბარა. ამის მიზეზი დღეს შავის ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტია, რომლის დროსაც, რუსული მოიერიშე “სუ-27” ამერიკულ სადაზვერვო “MQ-9” უპილოტო საფრენ აპარატს შეეჯახა. ამერიკის ევროპული სარდლობის ინფორმაციით, ორი რუსული საჰაერო ხომალდიდან ერთ-ერთმა „არა უსაფრთხო და არაპროფესიონალური“ მანევრით ჩაუჭრა გზა ამერიკულ დრონს და სწორედ ამ დროს MQ-9 უპილოტო აპარატის პროპელერს გამოედო. ამის შედეგად კი ამერიკის შეიარაღებული ძალები იძულებული გახდა, დრონი საერთაშორისო წყლებში ჩაეშვა.
„ჩვენ უშუალოდ ვართ ჩართული რუსებთან, მაღალ დონეზე, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი მტკიცე წინააღმდეგობა ამ სახიფათო, არაპროფესიონალურ ჩაჭრასთან დაკავშირებით, რამაც ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება გამოიწვია",- განაცხადა ნედ პრაისმა.
ასევე ნახეთ: რუსული ავიამოიერიშე შავი ზღვის თავზე ამერიკულ დრონს შეეჯახამისივე თქმით, ამერიკა რუსეთის ელჩს იბარებს სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც მას ამ მესიჯს გადასცემენ. "პარალელურად, მოსკოვში ელჩი ტრეისი ამ გზავნილს გადასცემს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს",- უთხრა ჟურნალისტებს ნედ პრაისმა რამდენიმე წუთის წინ. პრაისმა მომხდარს "საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა" უწოდა.
მომხდართან დაკავშირებით, "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმაც. მისი თქმით, "თუ მესიჯი [რუსებისგან] არის ის, რომ მათ სურთ შეაფერხონ, ან გადაგვარწმუნონ შავი ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ფრენისა და ოპერირებისგან, მაშინ ეს შეტყობინება წარუმატებელი იქნება, რადგან ეს არ მოხდება", - უთხრა "ამერიკის ხმას" ჯონ კირბიმ.
კირბი ამბობს, რომ ამერიკა განაგრძობს "ფრენასა და ოპერირებას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში საერთაშორისო წყლების თავზე." კირბის განმარტებითვე, შავი ზღვის თავზე ოპერირება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და ქვეყანას არ აქვს არანაირი გეგმა, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები.