შაფერი: "ეს აშკარა ომის დანაშაულია"

ომის დანაშაულების საკითხებში შეერთებული შტატების ყოფილი წარმომადგენელი დევიდ შაფერი რუსული ძალების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე საუბრობს.

„ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურთან საუბრისას, შაფერი გასულ კვირაში, სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოს განიხილავს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ძალების წარმომადგენლების მხრიდან, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობას ასახავს.

„ეს კონკრეტული ქმედება, უდავოდ არის ომის დანაშაული“ - ამბობს შაფერი და განმარტავს, რომ ჟენევის მესამე კონვენცია მკაცრად განსაზღვრავს ომის ტყვეების მიმართ მოპყრობას.

Your browser doesn’t support HTML5

ომის დანაშაულები - როგორი იქნება ახალი ტრიბუნალი

„მას შემდეგ, რაც მტრის სამხედრო პირი თქვენი ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა, ის დაუყოვნებლივ გარდაიქმნება ომის ტყვედ. ასე რომ, რაც ვიდეოკადრებში ვნახეთ და რაც მის შესახებ ითქვა, არ ჩანს არანაირი პროვოკაციული წინაპირობა, თუ რატომ დახვრიტეს ცივსისხლიანად უკრაინელი ჯარისკაცი რუსული სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა. ასე რომ, ვფიქრობ ეს ძალიან დრამატული კადრებია, აშკარად წარმოადგენს ჩადენილი ომის დანაშაულის მტიცებულებას და აუცილებლად მოხვდება გამოძიებაში, რომელიც მიმდინარეობს არა მხოლოდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, არამედ ასევე უკრაინის სასამართლოების მიერ. გამოძიება შეისწავლის, რომელი სამხედრო ნაწილები იმყოფებოდა ადგილზე, ვინ გასცა ბრძანება და შემდეგ განიხილება საკითხი, ვინ არის დამნაშავე ჩადენილ ომის დანაშაულში“ - აცხადებს შაფერი.

სოციალურ ქსელებში, 6 მარტს გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ნაჩვენებია უიარაღო მეომრის დახვრეტის სცენა. ის წარმოთქვამს სიტყვებს „დიდება უკრაინას!“, რის შემდეგაც მას ავტომატის ჯერს ესვრიან.

ასევე ნახეთ: „მოსკოვის დეკლარაცია“ - სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის ხელმოწერით

სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცების მიერ დახვრეტილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ალექსანდრ მაციევსკი მოლდოვის მოქალაქეა, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ მოლდავური სამსახური ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მოლდოვის საგარეო უწყება მკვეთრად გმობს მაციევსკის დახვრეტას და აცხადებს, რომ ეს ქმედება კვალიფიცირებული უნდა იყოს, როგორც „ომის დანაშაული და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა.“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაციევსკის სიკვდილის შემდეგ "უკრაინის გმირის" წოდება მიანიჭა. მოსკოვს, გავრცელებული კადრების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

თავდაპირველად, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვიდეოში ტიმოფეი შადურა ჩანდა, კონსტანტინ ოსტროჟსკის სახელობის 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცი. 9 მარტს ტერიტორიული თავდაცვის სარდლობამ კი გამოაცხადა, რომ ვიდეოში 119-ე ცალკეული ბრიგადის მებრძოლი ალექსანდრ მაციევსკია.

წინასწარმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ინტერნეტში ფართოდ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ტყვედ ჩავარდნილი უკრაინის არმიის მეომრის მკვლელობა, დიდი ალბათობით ნამდვილია, - განუცხადა AFP-ს გაეროს ადამიანის უფლებების უზენაესი კომისრის უწყების წარმომადგენელმა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განცხადება „ტვიტერზე“ გაავრცელა და თქვა, რომ ეს ვიდეო, უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის გენოციდური ომის კიდევ ერთი დასტურია.

ასევე ნახეთ: "ის რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს არის ტერორისტული აქტები" - მაკფოლი

„ეს აშკარა ომის დანაშაულია. ეს არ შედის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ფარგლებში. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ეხება დაგეგმილ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე. ასე რომ, რადგან ის ჯარისკაცია, ვფიქრობ გამოძიება და საბოლოო ჯამში სისხლის სამართლებრივი დევნის უკეთესი მხარე, ჟენევის მესამე კონვენციის დარღვევა იქნებოდა. ეს საკმარისი იქნება ამ კონკრეტულ დანაშაულზე დევნის თვალსაზრისით“ - აცხადებს შაფერი.

როცა საქმე დამნაშავეების სამართლებრივ დევნას ეხება, შაფერი ასევე საუბრობს შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმწოერილ კანონზე, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ შეერთებულ შტატებში ომის დანაშაულში ბრალდებული პირი ჩამოვა, სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება.

„იანვრის დასაწყისში პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, ნებისმიერი რუსი სამხედრო, რომელიც შეერთებულ შტატებში ჩამოვა, უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარება იმის დასადგენად, ხომ არ მონაწილეობდა ომის დანაშაულებში, ისეთში, როგორსაც ახლა განვიხილავთ“ - ახადებს შაფერი.