ნობელიანტ ალეს ბიალიაცკის ბელარუსში 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეს ბიალიაცკი

ბელარუს ნობელის პრემიის ლაურეატ ალეს ბიალიაცკის პარასკევს, 3 მარტს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ბიალიაცკი ადამიანის უფლებათა დამცველი ცნობილი ორგანიზაციის "ვიასნას" დამფუძნებელია. ორგანიზაცია სამართლებრივად და ფინანსურად ეხმარებოდა იმ დემონსტრანტებს, რომლებიც 2020 წლის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდნენ.

ნობელიანტი აქტივისტი ამბობს, რომ მას პოლიტიკურ ნიადაგზე ასამართლებენ. ბიალიაცკი ერთ-ერთია იმ სამ ლაურეატს შორის, რომლებმაც შარშან ნობელის პრიზი მიიღეს. მათ შორის იყვნენ რუსი და უკრაინელი უფლებადამცველებიც.

ბელარუსი უკრაინაში ომში ოფიციალურად ჩართული არ არის, თუმცა რუსულ ჯარს დიდ დახმარებას უწევს და მოსკოვი ბელარუსს უკრაინაზე მიმიდინარე თავდასხმებში პლატფორმადაც იყენებს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი რეჟიმი არაერთი დასავლური სანქციის სამიზნეა, ერთი მხრივ, ქვეყანაში გატარებული რეპრესიული ზომების, მეორე მხრივ, კი რუსეთის მხარდაჭერის გამო.