დასავლეთის ყურადღება ახლა რუსეთ-ჩინეთის დაახლოებასა და პეკინის მხრიდან, მოსკოვისთვის იარაღის შესაძლო გადაცემაზეა ფოკუსირებული. ამის პარალელურად, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, პეკინში ოფიციალური, 3-დღიანი ვიზიტით ჩავიდა.
ჩინეთში ვიზიტით, ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ახლო ურთიერთობებს დაამყარებს და შედარებით ნაკლებად იქნება პოლიტიკურად, თუ ეკონომიკურად მოსკოვზე დამოკიდებული.
2020 წელს ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების, მისი შედეგების გაყალბების და საყოველთაო პროტესტის შემდეგ, ბელარუსი დასავლური ქვეყნების მხრიდან სანქციების სამიზნე იქცა. ქვეყნის ეკონომიკა, უსაფრთოხება, პოლიტიკური ვექტორი ახლა დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული. დასავლეთისგან ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები, რუსეთის მიერ უკრაიანში დაწყებული ომის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.
ჩინეთში ვიზიტი ლუკაშენკოსთვის შანსია, რომ ქვეყანაში ჩინური ინვესტიციები მიიზიდოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროებისთვის ბელარუსი და ბელარუს-უკრაინის საზღვარი, ერთგვარ ბაზად იქცა უკრაინაზე თავდასხმის განსახორციელებლად, ლუკაშენკო ომში ოფიციალურად არ ჩართულა.
"ამ ვიზიტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ლუკაშენკოსთვის და მას შეუძლია იმ იდეის განმტკიცებაში დაეხმაროს, რომ ის არც ისეთი იზოლირებულია, როგორც ეს ჩანს",- ამბობს "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში კატერინა შმატინა, "ვირჯინიის ტენოლოგიური უნივერსიტეტის" პროფესორი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზიტი ბელარუს-ჩინეთის ურთიერთობებზეა ფოკუსირებული, ის დამატებით კითხვებს აჩენს ჩინეთის მიმართ, რუსეთისთვის ამ უკანასკნელის შესაძლო დახმარების საკითხზე.
ჩინური მხარე ამ ბრალდებებს უარყოფს. ამ დრომდე, ჩინეთს ღიად არ დაუგმია რუსეთის ქმედებები უკრაინაში. ცოტა ხნის წინ კი მოსკოვს ჩინეთის ერთ-ერთი უმაღლესი რანგის დიპლომატი ეწვია.