შეერთებული შტატების სანქციების ორგანომ გამოძიება დაიწყო ფინანსური ორგანიზაციის „რაიფფაიზენ ბანკ ინტერნეიშენალ" (RBI) რუსეთთან დაკავშირებული საქმიანობის გამო.
სააგენტო „როიტერის“ კითხვაზე პასუხად, ბანკმა თქვა, რომ იანვარში მიიღო მოთხოვნა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისიდან (OFAC). მათ მოსთხოვეს განემარტათ „გადახდები და მათთან დაკავშირებული პროცესები, რომლებსაც აწარმოებს RBI, რუსეთში და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე“.
კერძოდ, გამოითხოვეს დოკუმენტაცია რუსეთში და ნაწილობრივ ოკუპირებულ დონბასში, უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე და სირიაში განხორციელებული გარკვეული კლიენტების ტრანზაქციებისა და საქმიანობის შესახებ - განუცხადა წყარომ სააგენტო „როიტერს“.
ამერიკულმა სააგენტომ თებერვლისთვის მოითხოვა პასუხები. წყარო აცხადებს, რომ ბანკმა მოილაპარაკა დროის გადაწევაზე და პასუხს კითხვებზე სამ ნაწილად გასცემს: აპრილში, მაისსა და ივნისში.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ოფიციალურ კომენტარზე უარი თქვა.
ასევე ნახეთ: გერმანიამ გაჩხრიკა რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეჭვმიტანილებიბანკმა „როიტერს“ განუცხადა, რომ იგი სრულად თანამშრომლობს OFAC-თან. ბანკის სპიკერის თქმით, ის "დარწმუნებულია, რომ OFAC-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას" და დასძინა, რომ დასმული კითხვები იყო "ზოგადი ხასიათის".
„რაიფფაიზენი“ სანქციების სამიზნე წარსულში არ ყოფილა. თუმცა, ეს პროცესი აშფოთებს ევროპულ ფინანსურ მარეგულირებლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბანკის ზედამხედველობაზე. პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს ჯარიმები ბანკის წინააღმდეგ.
ბანკი ღრმად არის დაკავშირებული რუსეთის ფინანსურ სისტემასთან და არის ერთ-ერთი იმ უცხოურ ბანკებს შორის, რომლებიც რუსეთის ცენტრალური ბანკის 13 „სისტემურად მნიშვნელოვანი საკრედიტო ინსტიტუტის“ სიაში არიან. ეს ხაზს უსვამს ბანკის მნიშვნელობას რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც დასავლური სანქციების ქვეშაა.
როგორც ავსტრიის მეორე უმსხვილესი კრედიტორი, ბანკი ასევე მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკის დიდ ნაწილს და აქვს ფართო ოპერაციები აღმოსავლეთ ევროპაში. ავსტრიელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ავსტრიის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალყურს ბანკს და მის ბიზნესს რუსეთში, ბანკის მნიშვნელობის გამო.
ასევე ნახეთ: რუსეთი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე შემოსავალი აქვს - როგორ მუშაობს სანქციები?თითქმის ერთი წლის შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, „რაიფფაიზენი“ არის იმ რამდენიმე ევროპულ ბანკს შორის, რომლებიც რჩებიან რუსეთში. ბანკს ამის გამო აკრიტიკებდნენ, პასუხად კი ის იცავდა თავის პოზიციას და აცხადებდა, რომ მისი საქმიანობა რუსეთში შეზღუდულია.