პოლკოვნიკი ქანსიანი: ომის ბედი რამდენიმე კვირაში გამოიკვეთება

რუსეთი უკრაინის თავდაცვის ძალებს ქვეყნის აღმოსავლეთით კვლავ გაზრდილი შემართებით უტევს. კვლავ იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა სამხრეთშიც. დაზვერვის ცნობების თანახმად, რუსეთი შეტევისთვის ემზადება, თუმცა კონტრშეტევაზე საუბრობს კიევიც. „ომის ბედი სავარაუდოდ უახლოეს კვირებში გადაწყდება“, - ამბობს შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის თადარიგის პოლკოვნიკი მარკ ქანსიანი. ყოფილი სამხედრო ლიდერი და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ექსპერტი ფიქრობს, რომ უკრაინას დასავლეთისგან არა ერთი კონკრეტული იარაღი, საბრძოლო თვითმფრინავი ან გრძელრადიუსიანი რაკეტა სჭირდება, არამედ ის ყველაფერი, რაც მას თავდაცვის გაერთიანებულ შესაძლებლობებს მისცემს და ტერიტორიების გათავისუფლებისთვის გამოადგება. ქანსიანს საზღვაო ქვეითთა კორპუსში 30 წელზე მეტი აქვს გატარებული, მსახურობდა ვიეტნამში, მონაწილეობდა "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციაში სპარსეთის ყურის ომში და ორი მისიით იყო ერაყში. ამჟამად "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გადის. მსოფლიო ლიდერები თავდაცვის მიმართულებით ამბობენ, რომ ეს ომის ყველაზე კრიტიკული ეტაპია. როგორ აფასებთ ორივე მხარის სამხედრო მიღწევებს ამ დროისთვის, რას ხედავთ ბრძოლის ველზე?

მარკ ქანსიანი, CSIS

უკრაინამ ნამდვილად გადააჭარბა იმ მოლოდინს, რომელიც ომის დასაწყისში თითქმის ყველას ჰქონდა. რუსები მათ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ძალიან ახლოს იყვნენ კიევის დაპყრობასთან. უკრაინელებმა ძალები აღიდგინეს და რუსები განდევნეს. მათ დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიების თითქმის ნახევარი და ახლა ინიციატივა მათ ხელშია. დაიბრუნეს ტერიტორიები ხარკივის და ხერსონის ირგვლივ. ეს ღირსშესანიშნავი მიღწევაა იმ სამხედრო ძალისთვის, რომელიც ბევრად უფრო პატარაა და ეს გასაკვირი იყო, რადგან ისინი არ იყვნენ გასაოცრად კარგად შეიარაღებულნი.

რუსებმა ცუდად დაიწყეს, ისინი ელოდნენ, რომ უკრაინა უბრალოდ ჩამოიშლებოდა, ეს კი არ მოხდა. მათ გარკვეული დრო დასჭირდათ სათადარიგო გეგმის შესამუშავებლად. განაგრძეს იერიში დონბასის რეგიონში, რაც როგორც ჩანს, მათთვის პრიორიტეტულია. თუმცა ზოგი რამ, რაც მათ გააკეთეს, აჩვენებდა მათ უნარებსაც, მაგალითად, ფართო მდინარის გადასწვრივ ხერსონიდან გასვლის ოპერაცია ფაქტობრივად ჯარისკაცებისა და იარაღის დანაკარგების გარეშე, ძალიან რთული იყო და კარგად იყო შესრულებული.

თუკი ვითარება ფრონტის ხაზზე ჩიხში შევა, ეს სინამდვილეში რუსეთის გამარჯვება იქნება. უკრაინელები უნდა გადავიდნენ შეტევაზე. ვფიქრობ, ამას ვნახავთ გაზაფხულზე და ჩვენ უკვე გვექნება წარმოდგენა იმაზე, მოახდინა თუ არა ცვლილება ყველა ამ წვრთნამ და აღჭურვილობამ და შეძლებენ თუ არა ტერიტორიების დაბრუნებას.

მეორე მხრივ კი, მათი იერიში აჩვენებს უნარების ნაკლებობას, ისინი იყენებენ ძალიან ბევრ ქვეითს და ცეცხლს, და არა გაერთიანებულ შესაძლებლობებს. ეს შეიძლება იმაზეც მიუთითებს, რომ მათ ბევრი დაბალი რანგის გამოცდილი პერსონალი დაკარგეს. როგორც ჩანს, ახლა მათი შეტევა იწყება. ჩვენ მალე გავიგებთ, ნიშნავს თუ არა ეს ნაწილობრივი მობილიზაცია და ძალების შემატება ბრძოლის ველზე უნარებისა და შესაძლებლობების მატებასაც.

დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები, როგორც უკრაინიდან, ისე მისი პარტნიორი ქვეყნებიდან, ამბობენ, რომ რუსეთის განახლებული იერიში უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. რუსული ძალები კვლავ უტევს უკრაინულ ძალებს აღმოსავლეთსა და სამხრეთში. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ რუსულ ჯარს მიღებული აქვს უმეტეს სექტორებში წინსვლის ბრძანება, მაგრამ მათ საკმარისი შემტევი ძალა მაინც არ ჰყავთ მობილიზებული. როგორც ჩანს, რუსეთს შესაძლოა მაინც არ ჰქონდეს საკმარისი რესურსები მნიშვნელოვანი იერიშისთვის, უკრაინა კი ბევრად უკეთაა აღჭურვილი თავდასაცავად ახლა, ვიდრე - ერთი წლის წინ იყო. როგორ ფიქრობთ, როგორია რუსული იერიშის პოტენციალი, რა შეუძლიათ მათ სამხედრო თვალსაზრისით ომის ამ ეტაპზე?

მათ არ უჩვენებიათ, რომ შეუძლიათ მოძრაობის, ომის განახლება ისე, როგორც ეს ომის დასაწყისში გააკეთეს. ბოლო 6 თვის განმავლობაში ისინი უტევდნენ ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიას, რაც მოიცავდა ქვეითებისა და არტილერიის იერიშებს. არ გვინახავს სამხედრო მანევრები. ეს დიდწილად პირველი მსოფლიო ომის ვითარებას ჰგავს. ისინი ხელში იგდებენ ტერიტორიის მცირე ნაწილებს ძალიან დიდ ფასად.

Your browser doesn’t support HTML5

პოლკოვნიკი ქანსიანი: "არ არსებობს მიზეზი, რატომაც უნდა ვიფიქროთ, რომ უკრაინელთა იერიში წარუმატებელი იქნება"

დიახ, მათ ალბათ შეუძლიათ დონბასში გარკვეული ტერიტორიების მოპოვება, თუმცა ძალიან მაღალ ფასად - რამდენიმე მიმართულებით იერიშით იმ იმედით, რომ შეძლებენ დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ოკუპირებას. მათ შეიძლება მოახერხონ ეს. მაგრამ ამ დრომდე, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი მიღწევების მოპოვება. ბოლო 6 თვის განმავლობაში ბახმუტის მიდამოებზე შეტევით მათ მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით წაიწიეს წინ. მეორე მხრივ კი მათ მართლაც ბევრი შეემატათ ნაწილობრივი მობილიზაციის მეშვეობით. ამან შესაძლოა მოახდინოს ცვლილება, იქონიოს გავლენა. მომდევნო რამდენიმე კვირაში გავიგებთ შეუძლიათ თუ არა რუსებს ფრონტის ხაზებზე წინ მნიშვნელოვნად წაწევა.

ასევე ნახეთ: ჰოჯესი:თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს

უკრაინას მოუწევს თავი დაიცვას ყველგან, საიდანაც რუსეთი შეუტევს. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ მოსკოვისთვის ახლა შესაძლოა იერიშისთვის საუკეთესო დრო იყოს და მან სცადოს კიევის თავდაცვის ძალების ტერიტორიული გაფანტვა. ამასთან, რამდენად ცუდად გაწვრთნილი ან შეიარაღებულ-აღჭურვილიც უნდა იყოს რუსული ჯარი, მათ მაინც აქვთ რიცხობრივი უპირატესობა. ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელ რისკზე მრავალი ჯარისკაცის გაგზავნისთვის მზაობაც. რას შეიძლება ეს თავდასხმა ნიშნავდეს უკრაინისთვის?

უკრაინელები ყოველდღიურად მეტ ძალას იკრებენ, რაც უფრო მეტ ახალ იარაღს იღებენ, ახალი წვრთნები ტარდება. ისინი ამ გაზაფხულზე იქნებიან ბევრად უფრო ძლიერ პოზიციაში, ვიდრე - გასულ გაზაფხულზე იყვნენ. ასე რომ, არ არსებობს მიზეზი, რატომაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათი შეტევა არ იქნება წარმატებული.

უკრაინა უფრო ძლიერი ხდება. ის დასავლეთისგან ძალიან ბევრ აღჭურვილობას და წვრთნას იღებს. უკრაინული ძალების ნაწილს წვრთნიან ბრიტანეთში, ნაწილს - გერმანიაში და სხვაგანაც. დროთა განმავლობაში ეს უკრაინელთა საბრძოლო შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის. პრობლემა ისაა, რომ ისინი ჩაკეტილნი არიან „ომში გამოფიტვამდე“. უკრაინა რუსეთზე პატარა ქვეყანაა. ის შეიძლება დამარცხდეს ომში მაშინაც კი, თუკი რუსულ მხარეს მეტ სასიკვდილო ზიანს მიაყენებს და მათში მეტ მსხვერპლს გამოიწვევს . რაღაც ეტაპზე მათ სჭირდებათ შეტევაზე გადასვლა. რუსეთს მათი ტერიტორიის დაახლოებით 18 % აქვს ოკუპირებული.

თუკი ვითარება ფრონტის ხაზზე ჩიხში შევა, ეს სინამდვილეში რუსეთის გამარჯვება იქნება. უკრაინელები უნდა გადავიდნენ შეტევაზე. ვფიქრობ, ამას ვნახავთ გაზაფხულზე და ჩვენ უკვე გვექნება წარმოდგენა იმაზე, მოახდინა თუ არა ცვლილება ყველა ამ წვრთნამ და აღჭურვილობამ და აძლევს თუ არა ეს მათ საშუალებას გაარღვიონ ფრონტის ხაზები და მიაღწიონ მნიშვნელოვან ტერიტორიულ მონაპოვარს.

რა სჭირდება უკრაინას ახლა ყველაზე მეტად? მეტი იარაღი? დაპირებული იარაღი უფრო სწრაფად? საბრძოლო თვითმფრინავები? გრძელი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემები? სწრაფი წვრთნები? რა შეცვლიდა გარდამტეხად ვითარებას ბრძოლის ველზე?

მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ არ არსებობს არანაირი “ჯადოსნური საშუალება“, (როგორც ამბობენ: „ვერცხლის ტყვია“), რომლის მიცემაც უკრაინელებისთვის შეგვიძლია და რომელიც მათ გამარჯვებას მოუტანს. მიუთითებდნენ „პატრიოტებზე“, ტანკებზე, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის საშუალებებზე. დიახ, ისინი გამოსადეგია, მაგრამ უკრაინის სამხედრო ძალა და იმის შესაძლებლობა, რომ დაიბრუნოს ტერიტორიები დამოკიდებული იქნება იმ მთლიან სამხედრო შესაძლებლობებზე, რომლის თავმოყრასაც ისინი მოახერხებენ. ესაა იარაღი და ამუნიცია, ესაა წვრთნა და უკრაინელი ხალხის თავდადება. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რის გაკეთებაც დასავლეთს შეუძლია, არის მომარაგებისა და იარაღის მიწოდების შენარჩუნება. მომარაგების გაგრძელება უკრაინელებისთვის ისე, რომ მათი ჯარი იყოს შეიარაღებული ხანგრძლივი ომისთვის და რუსების მათი ტერიტორიიდან განსადევნად.

ასევე ნახეთ: "მსჯელობა არ ნიშნავს ყოყმანს" - ამერიკელი სენატორები უკრაინის სამხედრო დახმარებაზე

რამდენად შესაბამისად და დროულად პასუხობდა დასავლეთი ამ ერთი წლის განმავლობაში ბრძოლის ველზე არსებულ საჭიროებებს უკრაინის დახმარების კუთხით? როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოიგო რუსეთმა დრო იმ ხანგრძლივი დისკუსიებისა და მოლაპარაკებების ფონზე, რაც ამა თუ იმ იარაღის უკრაინისთვის გადაცემას დასჭირდა? ხომ არ შეანელა ან შეასუსტა ამან უკრაინის შესაძლებლობა სათანადოდ ეპასუხა აგრესიისთვის?

დასავლეთმა უკრაინას უზარმაზარი დახმარება გადასცა. ამ დახმარების რაოდენობა ვფიქრობ 180 მილიარდ დოლარამდეა, ამის დაახლოებით ნახევარი სამხედრო დახმარებაა. ამ მხარდაჭერის გარეშე უკრაინა შესაძლოა რამდენიმე კვირაში დამარცხებულიყო. ის უკრაინის წინააღმდეგობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპელ მოკავშირეებს ეცოდინებოდათ, რამდენხანს გასტანდა ეს ომი, შესაძლოა ამ საკითხს ოდნავ განსხვავებულად მიდგომოდნენ. მაგრამ მეორე მხრივ, ისინი ძალიან ფრთხილად იყვნენ იმასთან დაკავშირებითაც, რომ უკრაინელებს შესძლებოდათ მათთვის მიცემული დახმარების სათანადოდ ათვისება.... ზოგიერთი იმ ტექნიკისა და იარაღის გამოყენების ათვისება არაა ადვილი საქმე. მაგალითად, „პატრიოტების“ სისტემის საწვრთნელი პროგრამა 40-კვირიანია. დიახ, უკრაინელებს შეუძლიათ ამის უფრო სწრაფად გაკეთება, მაგრამ ეს არაა სწრაფი პროცესი.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინა საბრძოლო ტანკების შემდეგ საბრძოლო თვითმფრინავებს ითხოვს

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა კონკრეტულ იარაღს, იქნება ეს „ჰაიმარსები“, „პატრიოტები“, ტანკები თუ სხვა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსხვავებას, გარდატეხას მხოლოდ ამ იარაღის გაერთიანებული შესაძლებლობები მოიტანს. ეს მისცემს უკრაინელებს იმ საბრძოლო ძალას, რომ დაიბრუნონ ტერიტორიები.

იმის მიხედვით, რასაც ბრძოლის ველზე ახლა ვხედავთ, რამდენად მზადაა უკრაინა ერთი მხრივ რუსული იერიშის მოსაგერიებლად, მეორე მხრივ კი საკუთარი კონტრ-იერიშისთვის?

ყველა მოელის, რომ უკრაინელები შეტევაზე გადავლენ, მათ ეს ტერიტორიების დასაბრუნებლად სჭირდებათ. თუკი ცეცხლი მოცემულ ხაზებზე შეწყდება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებას. უკრაინელები უნდა გადავიდნენ შეტევაზე. არცერთი ჯარი არასდროსაა სრულად მზად შეტევითი ოპერაციისთვის, ყოველთვის იმაზე მეტი აღჭურვილობაა [საჭირო], ვიდრე ადგილზეა, მეტი წვრთნა შეიძლება იყოს საჭირო. მაგრამ უკრაინელები ყოველდღიურად მეტ ძალას იკრებენ, რაც უფრო მეტ ახალ იარაღს იღებენ, ახალი წვრთნები ტარდება. ისინი ამ გაზაფხულზე იქნებიან ბევრად უფრო ძლიერ პოზიციაში, ვიდრე - გასულ გაზაფხულზე იყვნენ. ასე რომ, არ არსებობს მიზეზი, რატომაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათი შეტევა არ იქნება წარმატებული.

ნატოს გენერალურმა მდივანმა გასულ კვირას თქვა, რომ უკრაინა ამუნიციას იმაზე სწრაფად იყენებს, ვიდრე პარტნიორები მარაგების შევსებას ახერხებენ და რომ ნატომ უკრაინის მომარაგება მისი საკუთარი მარაგების ამოწურვის საფრთხის გარეშე უნდა განაგრძოს. პრეზიდენტმა ბაიდენმა და ნატოს ქვეყნების სხვა ლიდერებმა არაერთხელ დადეს პირობა, რომ ისინი უკრაინის გვერდით იდგებიან იმდენხანს, რამდენხანსაც ეს საჭირო იქნება. როგორ ფიქრობთ, ამ განცხადებების პარალელურად, ხომ არ არის ეს სწორედ ის, რასაც ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს? რომ დასავლეთი უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არათუ პოლიტიკურ, არამედ ფიზიკურ ზღვარს უახლოვდება?

ეჭვგარეშეა, რომ ზოგიერთი მიმართულებით ამერიკისა და ნატოს მარაგები შედარებით დაბალია. ამერიკისთვის ასეთია მაგალითად „ჯაველინები“. ამერიკამ უკრაინას 8500-მდე ჯაველინი გაუგზავნა. ეს მისი სრული მარაგის დაახლოებით 30-40% -ია. სამხედრო ლიდერებს სურთ, რომ დანარჩენი მარაგი შეინარჩუნონ იმ შემთხვევისთვის, თუკი მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ნაწილში კონფლიქტი იფეთქებს.

აქამდე ჩვენ წელიწადში ათასამდე „ჯაველინს“ ვაწარმოებდით. ახლა ამას 2 ათასამდე ვზრდით. კომპანიები იმედოვნებენ, რომ წელიწადში 4 000-საც შეძლებენ, მაგრამ ეს მოითხოვს შესაბამისი შესაძლებლობების გაფართოებასაც. დროთა განმავლობაში ჩვენ შევძლებთ ამ მარაგების შევსებას, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება. ასევე, მაგალითად 155 მმ-იანი ამუნიცია, რომელიც ასევე საკმაოდ მწირია, მცირე რაოდენობითაა „სტინგერებიც“.თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი მიმართულებით ამერიკას მართლაც ძალიან დიდი მარაგები აქვს და რაც უკრაინას გადაეცა, ეს მისი მხოლოდ მცირე ნაწილია. ასე რომ უმეტესი მიმართულებით, ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ იარაღისა და ამუნიციის მიწოდება.

ასევე, ზოგ შემთხვევაში ჩანაცვლებაც ხდება. მაგალითად ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. იმის გამო, რომ „ჯაველინები“ საკმაოდ მცირეა, ამერიკა უკრაინას აწოდებს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, რომელსაც „თოუ“ ჰქვია, ის ოდნავ უფრო მძიმეა, მაგრამ მაინც შესანიშნავი ტანკსაწინააღმდეგო იარაღია. ჩვენ მას ჩასანაცვლებლად ვიყენებთ და უკრაინა მაინც იღებს იმას, რასაც აქამდე იღებდა.

ჩვენ ასევე ვყიდულობთ ბევრად მეტს მესამე მხარისგან. შეერთებულმა შტატებმა მაგალითად იყიდა ამუნიცია სამხრეთ კორეისგან. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ვხედავთ ჩანაცვლებასაც და შესყიდვებსაც მესამე მხარისგან იმისთვის, რომ შეივსოს ის დანაკლისი, რაც მარაგების შემცირების გამო გაჩნდა.