გენერალი ჯონსი: მნიშვნელოვანია, პუტინმა დაინახოს, რომ აშშ-ევროპის თანამშრომლობა უკრაინის დასახმარებლად ძლიერდება

გენერალი ჯეიმს ჯონსი

ამერიკელი ოთხვარსკვლავიანი თადარიგის გენერალი ჯეიმს ჯონსი, რომელიც იმავდროულად ამერიკული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მთავარსარდალია, აცხადებს, რომ უკრაინაში ათი თვის წინ ომის დაწყებიდან, რუსეთის მცდარი გათვლა კიევის და შემდეგ მთელი უკრაინის სწრაფად აღების შესახებ არასწორ სამხედრო რჩევაზე იყო დაფუძნებული და საშინელი მარცხით დასრულდა.

ჯონსს ვაშინგტონში, "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ჟურნალისტი მარიამ უგრეხელიძე ესაუბრა.

ჯონსის თქმით, უკრაინელი სამხედროების პროფესიონალიზმი, რუსებთან შედარებით, განსაცვიფრებელია. "აბსოლუტურად გასაგებია, რომ რუსი სამხედროების მიზანი შეიცვალა, მიუხედად იმისა, რომ გულის სიღრმეში, შეიძლება მათ კვლავ იგივე მიზნები აქვთ", დასძენს ის და აზუსტებს, რომ "ვლადიმირ პუტინი ცოტა ხნის წინ სამშვიდობო მოლაპარაკების იდეით გამოვიდა, თუმცა პარალელურად, ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას რაკეტებით ესხმის თავს. ასე რომ, ალბათ დრო დასჭირდება იმის გაგებას, რა არის ახლა მისი ნამდვილი მიზანი მოკლევადიან პერსპექტივაში."

ასევე ნახეთ: კულებას სამშვიდობო სამიტის გამართვა თებერვალში სურს

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა მოლაპარაკებები ამ ეტაპზე და რა მოლოდინები შეიძლება იყოს შესაძლო სამშვიდობო შეხვედრაზე, რომელიც დმიტრო კულებამ დააანონსა, ჯონსი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლებზე დაყრდნობით, ვერ იტყვის, რომ [სამშვიდობო] მოლაპარაკებები დაუყოვნებლივაა შესაძლებელი.

"თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონმა პუტინმა დაინახოს, რომ ამერიკისა და ევროპის თანამშრომლობა უკრაინის დასახმარებლად კი არ სუსტდება, არამედ უფრო ძლიერდება. ამაზე მის რეაქციას კი მომავალში დავინახავთ", - ამბობს ჯონსი.

როცა ფრონტის ხაზზე 2023 წელს სავარაუდო მდგომარეობას აფასებდა, გენერალმა ჯონსმა თქვა, რომ "ნატოს ალიანსი ახლა გაცილებით უფრო ძლიერი, ერთიანია და ეს ძალიან კარგია. ესაა ის, რაც ვლადიმირ პუტინს არ უნდოდა რომ მომხდარიყო და ასევე ის, რომ ალიანსის ძლიერება და მხარდაჭერა, რომელსაც ის უკრაინას აწვდის, კვლავ სოლიდური და მყარი იქნება, ეს რუსეთისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება."

მისი აზრით, რუსეთს უპირატესობა აქვს მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და რომ იქ ჯარებს ისე სწრაფად წვრთნიან, რამდენადაც შეუძლიათ. თუმცა, მისი ვარაუდით, იმისთვის, რომ ასეთ ომში წარმატებულები იყვნენ, მათ გაცილებით მეტი წვრთნა სჭირდებათ, ვიდრე ისინი ამის მიღებას შეძლებენ. ჯონსი დარწმუნებულია, რომ "რუსეთს არასოდეს გარდაუქმნია თავისი შეიარაღებული ძალები 21-ე საუკუნის შესაბამისად. უკრაინამ კი ეს გააკეთა."

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ამავე ვებგვერდზე www.amerikiskhma.com