ზელენსკიმ და მოდიმ უკრაინის "სამშვიდობო ფორმულაზე" ისაუბრეს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ინდოეთს დახმარება სთხოვა „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებაში.

„ტელეფონზე ვესაუბრე ნარენდრა მოდის და ვუსურვე G20-ის (დიდი ოცეულის) წარმატებული პრეზიდენტობა“, - დაწერა ზელენსკიმ ორშაბათს „ტვიტერზე“. “სწორედ ამ პლატფორმაზე გამოვაცხადე მშვიდობის ფორმულა და ახლა მის განხორციელებაში ინდოეთის მონაწილეობის იმედი მაქვს“, - თქვა მან.

ინდოეთმა 20 წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფის მორიგი თავმჯდომარეობა 1 დეკემბრიდან დაიწყო.

გასულ თვეში ინდონეზიაში დიდ ოცეულის სამიტზე ვირტუალურ მიმართვაში ზელენსკიმ ჯგუფს სთხოვა მიეღო უკრაინის 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულა, რომელიც რუსეთისგან უკრაინიდან ჯარების გაყვანას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გულისხმობს.

Your browser doesn’t support HTML5

ბრძოლა ნაღმებისა და დროის წინააღმდეგ

ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ინდოეთის მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოდიმ “მტკიცედ გაიმეორა მისი მოწოდება საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ" და დასძინა, რომ ორივე მხარე უნდა დაუბრუნდეს დიალოგს და დიპლომატიას, რათა მოინახოს პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტის გზა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ნებისმიერი სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერის სურვილი. მან ასევე უთხრა უკრაინის პრეზიდენტს, რომ ინდოეთი გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “პრემიერმა განმარტა ინდოეთის მიერ დიდი ოცეულის პრეზიდენტობის ძირითადი პრიორიტეტები, მათ შორის, გააჟღეროს განვითარებადი ქვეყნების შეშფოთება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საკვებისა და ენერგორესურსების უსაფრთხოება“.

ზელენსკისთან საუბრამდე 10 დღით ადრე მოდი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ნიუ დელის ინფორმაციით, მოდიმ პუტინსაც დიალოგისა და დიპლომატიის აუცილებლობისკენ მოუწოდა კონფლიქტის დასასრულებლად.

Your browser doesn’t support HTML5

ზელენსკის გზავნილი ვაშინგტონისთვის

მოდი-პუტინის ზარის შემდეგ გამართულ პრეს-ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ “ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია მშვიდობით და დაინტერესებულია ამ ომის დასრულებით, ეს უნდა გააკეთოს უკრაინასთან მჭიდრო პარტნიორობით“.

ინდოეთს დღემდე პირდაპირ არ დაუგმია რუსეთი უკრაინასთან ომის გამო. მოდის მთავრობა ასევე განაგრძობს მჭიდრო პარტნიორობას მოსკოვთან. ნოემბერში მოსკოვში ვიზიტის დროს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთი, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის უზარმაზარი შემსყიდველია, მოსკოვთან ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებდა.

თუმცა, სექტემბერში რეგიონის ქვეყნების შეხდვედრაზე, მოდიმ პუტინს უთხრა, რომ დღეს „ომების ეპოქა არ არის“.