სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერი ამბობს, რომ ვაშინგტონმა მათ უსაფრთხოების მეტი გარანტია უნდა მისცეს, რადგან მიუხედავად ამერიკული მხრისგან გაკეთებული განცხადებებისა, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღეში ჩრდილოეთ სირიაში ქურთ სამხედროებზე სახმელეთო თავდასხმისთვის მზად იქნება. თურქეთმა საზღვრის გასწვრივ განლაგებული ქურთული ძალები უკვე დაბომბა.
თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ქურთებს "ჰაუბიცებით" უტევდნენ, საბრძოლო საჰაერო ხომალდებიდან კი საჰაერო იერიშები ხორციელდებოდა.
ასევე ნახეთ: რუსეთი თურქეთს სირიაში იერიშისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებსსირიელი ქურთების ძალებს თურქეთი ტერორისტებად და "ქურდისტანის მუშათა პარტიის" (PKK) ერთ-ერთ განშტოებად მიიჩნევს. ვითარება კი კიდევ უფრო გამწვავდა სტამბოლში 2 კვირის წინ მომხდარი აფეთქების შემდეგ. თავდასხმაში თურქეთი სწორედ სირიის ქურთ ძალებს სდებს ბრალს. ეს უკანასკნელი კი, ისევე როგორც, PKK თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. მუშათა პარტიას თურქეთის გარდა, ამერიკა და ევროკავშირიც ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.
სირიაში მოქმედი ქურთული ძალები ამერიკის მხარდაჭერით წლების განმავლობაში სარგებლობდნენ, თუმცა ისინი ასევე თანამშრომლობდნენ სირიის ხელისუფლებასთან და მის მოკავშირე რუსეთთან.
"სირიის დემოკრატიული ძალის" ლიდერი მაზლუმ აბდი ამბობს, რომ ვაშინგტონისგან და მოსკოვისგან ნათელი გზავნილები მიიღო იმის შესახებ, რომ ისინი თურქეთის სახმელეთო შეჭრას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ის მეტად ხელშესახებ და მნიშვნელოვან მხარდაჭერას ითხოვს.
"ჩვენ მაინც ვნერვიულობთ. გვჭირდება უფრო ძლიერი, მტკიცე განცხადებები იმისთვის, რომ თურქეთი შეჩერდეს. თურქეთმა განაცხადა მისი განზრახვის შესახებ და ახლა აფასებს სხვა ქვეყნების პოზიციებს. შეჭრასთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს მათ დამოკიდებულებას", - ამბობს აბდი.