ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პერმიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენ სალომე ზურაბიშვილთან.
პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვარჰეიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ევროკავშირის 12-ვე პუბქტზე ეროვნული კონსენსუსია საჭირო და რომ ამ თანხმობის მისაღწევად მნიშვნელოვანი ასპექტი პარლამენტია. მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ერთი თაობის მიზანი.
ასევე ნახეთ: რა ჩაიწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში - მთავარი მოკლედ„მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს, შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ გუნდს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე - ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პრიორიტეტზე. ეს ყოველთვის ასე იყო ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში", - თქვა მან.
ევროკომისარმა განაცხადა, რომ პარლამენტს ამ ერთობის მისაღწევად მნიშვნელოვანი როლი აქვს.
"იმედი მაქვს, საქართველოდან ბრიუსელისკენ კარგ ამბებს წავიღებ. პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ასპექტი ამ თანხმობაში. ეს არის მნიშვნელოვანი, დიდი რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. პარლამენტის კომპეტენციაში და მანდატში შედის ბევრი საკითხი. ამიტომ მოგვიწევს მუშაობა ერთად. იმედი მაქვს, ეროვნული კონსენსუსის შედგება იმ ყოველდღიური, რუტინული საკითხების მიღმა. რა თქმა უნდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ პროცესში. იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია დაინახავს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება საქართველოსთვის. სამწუხარო იქნება, თუ ამ შანსს ვერ გამოიყენებთ“, - განაცხადა ვარჰეიმ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთობის მიღწევის პროცესში ყველა აქტორი არ არის ჩართული.
„არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა ამ რეკომენდაციების მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება, ეს არის დეპოლარიზაცია და ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია თუ არ იქნება მათი მხრიდან თანამშრომლობის ანალოგიური მზაობა“, თქვა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
ასევე ნახეთ: ღარიბაშვილი კლიმატის ცვლილებებზე: საუბრის დრო აღარ დარჩა, ქმედებები გვჭირდებასაქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ყურადღება გაამახვილა დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"დღეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანია საქართველოს დახმარება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, ამ მიმართულებით გვინდა, რომ თქვენთან ერთად ვიაროთ წინ", - თქვა ევროკომისარმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვარჰეიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, ევროკავშირი დაეხმაროს საქართველოს ევროგაერთიანებაში ინტეგრაციის გზაზე.
"შეხვედრისას ისაუბრეს ასევე, უკრაინის ომსა და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, მის უმნიშვნელოვანეს როლზე ევროპისა და აზიის დაკავშირების მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო, იმ უდიდეს პოტენციალს, რაც რეგიონს და საქართველოს გააჩნია ევროპასთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კორიდორების განვითარების კუთხით", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვარჰეიმ კომენტარი „დეოლიგარქიზაციის“ შესახებაც გააკეთა და თქვა, რომ ამ მხრივ საქართველომ ისეთი კანონი უნდა მიიღოს, რომელიც ეფექტური იქნება ამ საკითხის გადასაჭრელად.
ასევე ნახეთ: EU სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში: სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანაშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს„ევროკავშირი, ჩვენ, არ ვარჩევთ, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი - "ცუდი". იდეა იმაშია, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიო იყოს, არავის ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, სამართლებრივ, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც, საბოლოოდ, მისი სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება რომელიმე ადამიანს.
როცა საუბარია დეოლიგარქიზაციის კანონზე, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღებას, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი ქვეყანას იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია პრიორიტეტებში", - თქვა ევროკომისარმა.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია იმ 12 პუნქტიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო უკრაინაში დამტკიცებული კანონის ქართული ვერსია პირველი მოსმენით.
უმრავლესობის დეპუტატები ფიქრობენ, რომ კანონის მიღების შემდეგ, ოლიგარქების სიაში დავით კეზერაშვილი მოხვდება, რომელიც ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, ახლა კი ტელეკომპანია "ფორმულას" საკონტროლო პაკეტს ფლობს. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას მხოლოდ ერთი ოლიგარქი ჰყავს - ამ შემთხვევაში გულისხმობენ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.