აშშ-ის შუალედურ არჩევნებს კიბერ-უსაფრთხოების მთავარი სააგენტო აკვირდება

იმ დროს, როდესაც არჩევნებში, ხმის მიცემის პროცესში ჩარევის პოტენციური მცდელობის შესახებ შეშფოთება არსებობს, აშშ-ის კიბერ-უსაფრთხოების მთავარმა სააგენტომ განაცხადა, რომ კონგრესში შუალედური არჩევნების დროს უსაფრთხოებას დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში საგანგაშო შეტყობინებებსაც გამოსცემს.

შეერთებულ შტატებში არჩევნების უსაფრთხოება საკვანძო საკითხად მას შემდეგ წამოიწია, როდესაც აღმოჩნდა, რომ რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჰაკერული კამპანიით და პროპაგანდით ჩაერია. რუსული ძალისხმევა ჰილარი კლინტონის შანსებისთვის ზიანის მისაყენებლად იყო მიმართული.

ასევე ნახეთ: შუალედური არჩევნები აშშ-ში

კიბერ-უსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო (CISA) გეგმავს, საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორებთან ერთად მთელ ქვეყანაში აამუშაოს „არჩევნების დღის ოპერაციების ცენტრი“. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ცენტრი შუალედურ არჩევნებს დააკვირდება.

„ბოლო წლებში, საარჩევნო სისტემის ოფიციალურ პირებს უხდებოდათ გამკლავება უცხოელი მოწინაღმდეგეების მხრიდან მზარდ დეზინფორმაციასთან, რომელსაც საარჩევნო ინფრასტრუქტურის შესახებ გაურკვევლობის გამოწვევა შეუძლია და პროცესის მიმართ ამომრჩევლების ნდობას ძირს უთხრის,“ განაცხადა უსაფრთხოების საკითხებში სააგენტოს მთავარმა მრჩეველმა კიმ ვაიმანმა.