„უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის მომავალი კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებზე დამოკიდებული არ არის“, - ამბობენ კანონმდებლები, ანალიტიკოსები თუ ყოფილი დიპლომატები. ბოლო პერიოდში ზოგიერთმა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კანონმდებელმა უკრაინისადმი ამერიკის უპრეცედენტოდ მასშტაბური დახმარების თაობაზე გაამახვილა ყურადღება და პრეზიდენტ ბაიდენს ომის მოლაპარაკებების გზით დასრულების წახალისებისკენ მოუწოდა. თუმცა, ორივე პარტიის ლიდერებმა განმარტეს, რომ დიპლომატიური ძალისხმევის სურვილი, ისევე როგორც ომის საერთაშორისო გავლენაზე საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინისადმი მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საფრთხე ემუქრება.
„ამერიკაში, ამერიკელ ხალხში და ამერიკის კონგრესში არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, და ძალიან დიდი წინააღმდეგობა იმის მიმართ, რასაც რუსეთი აკეთებს“, - ამბობს უილიამ ტეილორი, ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში და შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი. მისი თქმით, ეს ძლიერი მხარდაჭერა უკვე არაერთხელ გამოვლინდა კენჭისყრებისას. როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები, უდიდესი უმრავლესობით უჭერდნენ მხარს დახმარების უდიდესი მოცულობის პაკეტებს, რომლებიც სამხედრო, სამოქალაქო, ფინანსურ, თუ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გულისხმობდა. მისი აზრით, ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ გადანაწილდება მანდატები საკანონმდებო ორგანოს ქვედა და ზედა პალატაში.
იმაში, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა ურყევია, ყოფილ ელჩს ეთანხმება ლუკ კოფიც, "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი და ამბობს, რომ ამ მხრივ, პრობლემები მოსალოდნელი არ არის: „მე ძალიან მშვიდად ვარ ამ საკითხზე. ვფიქრობ, კონგრესში უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერის გასაგრძელებლად საკმარისი ორპარტიული ხმები იქნება. არის რესპუბლიკურ პარტიაში ზოგად მოწინააღმდეგეთა ძალიან მცირე, მაგრამ ხმაურიანი მოძრაობა, რომელსაც არ სურს ამ დახმარების გაგრძელება. მაგრამ უკრაინისადმი იარაღის და ფინანსების მიწოდებას კონგრესმენების უმნიშვნელოვანესი რაოდენობა უჭერს მხარს".
უკრაინისადმი იარაღის და ფინანსების მიწოდებას კონგრესმენების უმნიშვნელოვანესი რაოდენობა უჭერს მხარს",- ლუკ კოფი
რესპუბლიკელი კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი, რომელიც არჩევნებში წელს მონაწილეობას აღარ იღებს, ამბობს, რომ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა უკრაინელთა მიმართ მტკიცე და ურყევია. და საყურადღებო არა უშუალოდ 8 ნოემბრის შედეგები, არამედ გაჭიანურებული ომი და ზამთრის მოახლოებაა, რამაც შესაძლოა რუსეთის მხრიდან შანტაჟი გააძლიეროს და დასავლური ერთობა კიდევ ერთხელ გამოსცადოს. თუმცა კონგრესმენს ეჭვი არ ეპარება, რომ დასავლეთი ამ გამოცდას კვლავ ისეთივე ერთობით ჩააბარებს, როგორიც თებერვლის შემდეგ ვიხილეთ.
„დიახ შესაძლოა, არსებობს განსხვავებები. მაგრამ მე არ შემაწუხებდა ახლა უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა. მნიშვნელოვანი ისაა, რა იქნება ზამთრის განმავლობაში, ან 6 თვის მერე, როცა ზამთარი მკაცრი იქნება, ფასებიც გაიზრდება", - ამბობს კინზინგერი და დასძენს, რომ სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ და დასავლელმა პარტნიორებმა გააძლიერონ [უკრაინის] გამარჯვებისთვის ძალისხმევა. "ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ მისი ნება ამერიკისა და დასავლეთის ნებაზე ხანგრძლივი იქნება. მოდით, არ მივცეთ მას ეს შანსი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა [უკრაინის] გამარჯვებისთვის. ახლა, უკრაინა შეტევაზეა გადასული. ვფიქრობ, რაც უფრო მეტს დავიცდით, ყოველთვის არის რისკი, რომ მეტი ადამიანი შეეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას“.
Your browser doesn’t support HTML5
მიუხედავად იმისა, რომ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატის წარმატებას ძირითადად შიდა საკითხები განსაზღვრავს, და მისი შედეგებიც ფართო, ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე კრიტიკულ გავლენას არ ახდენს, უკრაინაში მოვლენებს მაინც ყურადღებით აკვირდებიან.
ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ მისი ნება ამერიკისა და დასავლეთის ნებაზე ხანგრძლივი იქნება. მოდით, არ მივცეთ მას ეს შანსი",- ადამ კინზინგერი
ამერიკაში შუალედური არჩევნები ორ საპრეზიდენტო არჩევნებს შორის იმართება და იმის ერთგვარი გამოცდაა, თუ რამდენად იწონებს მოქმედი ადმინისტრაციის საქმიანობას მოსახლეობა. ტრადიციულად, მოქმედი პრეზიდენტის პარტია შუალედურ არჩევნებში არც ისე წარმატებულია ხოლმე. გამოკითხვების თანახმად, რესპუბლიკელებს ამჟამად დემოკრატების მიერ მართულ საკანონმდებლო ორგანოში უპირატესობის მოპოვების შანსი აქვთ. შეერთებული შტატების მოქალაქეები წელს კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატის 435-ივე წევრს და 100-წევრიანი სენატის 35 სენატორს ირჩევენ. ასევე ათობით შტატის გუბერნატორს, სახელმწიფო მდივანს და გენპროკურორს.
ვაშინგტონში მტკიცედ სჯერათ, რომ 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ, როგორიც უნდა იყოს კონგრესში დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლების თანაფარდობა და რამდენადაც შეიძლება გახშირდეს დიპლომატიის მნიშვნელობაზე საუბარი, ეს უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მიზანს არ ცვლის.
რიჩარდ ვაიტცი, ჰადსონის ინსტიტუტიტს უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ ამა თუ იმ კანონმდებლის სიფრთხილენარევი განცხადება არ ცვლის ამერიკელი ხალხის დამოკიდებულებას უკრაინელი ერის ბრძოლისა და მისი საჭიროებისადმი.
„რესპუბლიკელი და დემოკრატი ლიდერები მტკიცედ უმაგრებენ ზურგს უკრაინას. სამხედრო მხარდაჭერა არის მტკიცე. არ მინახავს ვინმე ამის წინააღმდეგი. შესაძლოა ზოგიერთი რესპუბლიკელი ფინანსური დახმარების ნაწილს შეეწინააღმდეგოს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ისინი ზოგადად ეწინააღმდეგებიან ამ ტიპის მხარდაჭერას. შეიძლება მის შემცირებაზე საუბარი იყოს კიდეც, მაგრამ არც ამაში ვიქნებოდი დარწმუნებული. ამერიკელ ხალხს ესმის, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ამერიკასაც უფრო ძვირი დაუჯდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკას უფრო ძვირადღირებული და უფრო სერიოზული საფრთხე დაემუქრება“, - ამბობს ანალიტიკოსი და განმარტავს, რომ უკრაინა ამ არჩევნების წამყვანი საკითხი ნამდვილად არ არის.
გასულ თვეში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კევინ მაკკართიმ, რომელიც კალიფორნიის შტატის წარმომადგენელია, თქვა, რომ მის გუნდს, პალატაში უპირატესობის მოპოვების შემთხვევაში უკრაინაში გაგზავნილი დახმარების მოცულობასთან დაკავშირებით კითხვები ექნება. მით უფრო მაშინ, როცა ამერიკელი ხალხი ეკონომიკური პრობლემების წინაშეა.
ამერიკელ ხალხს ესმის, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ამერიკასაც უფრო ძვირი დაუჯდება",- რიჩარდ ვაიტცი
გასულ მაისში უკრაინის დახმარების 40-მილიონიანი პაკეტის წინააღმდეგ ხმა 57-მა რესპუბლიკელმა მისცა, სენატში კი 11-მა რესპუბლიკელმა სენატორმა. თავად კონგრესმენმა მაკკართიმ, მაისში დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა. მოგვიანებით, ღია წერილი გავრცელდა დემოკრატთა ერთი ჯგუფის სახელითაც, რომელშიც კანონმდებლები პრეზიდენტ ბაიდენს რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ და ომის დასასრულებლად მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდებდნენ. პასუხად, დემოკრატმა ლიდერებმა უკრაინის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, წერილის ავტორებმა კი თქვეს, რომ ის თვეების წინ დაიწერა და მისი გამოქვეყნება ახლა შეცდომას უკავშირდებოდა, და არა - პოლიტიკის ცვლილების საჭიროებას.
ლუკ კოფი განმარტავს, რომ წინასაარჩევნო პროცესში უკრაინა ერთი მხრივ შესაძლოა არ იყოს მნიშვნელოვანი საკითხი, მეორე მხრივ კი კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ კანონმდებლის პასუხისმგებლობა და ის ინფორმაცია, რომელზეც მათ ხელი მიუწვდებათ, არ შეცვლის მათ პოზიციებს.
„კონგრესის მანდატისთვის ბრძოლისას, შესაძლოა ზოგიერთი რესპუბლიკელი კანდიდატი დემოკრატი მეტოქისგან თავის განსხვავების უმარტივეს გზად სწორედ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგობას მიიჩნევდეს. მაგრამ კამპანიის პერიოდი, მაგალითად ის, რას ამბობს კანდიდატი თუნდაც მონტანის ცენტრში, განსხვავდება იმისგან, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს ის მაშინ, როცა კაპიტოლიუმის გუმბათის ქვეშ დგას და დაზვერვის მონაცემებს იღებს იმაზე, თუ რას აპირებს რუსეთი უკრაინაში, და რომ კიევს ამერიკის დახმარება უთავდება“, - განმარტავს კოფი. მისი თმით, როცა ომის ამგვარ უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე „კი“ ან „არა“პასუხი მოითხოვება, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც ადამიანებს საკუთარი შეხედულებების გადახედვასაც გადააწყვეტინებს. „მაშინაც კი, თუკი კამპანიისას ვინმე უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდის, ვფიქრობ, კაპიტოლიუმის კედლებს შიგნით, ისინი მოვლენებს სხვანაირად დაინახავენ.“
უილიამ ტეილორი ამბობს, რომ მართალია, რუსეთი არათუ რეალურ დაპირისპირებას, არამედ მასზე ეჭვის სათავისოდ გამოყენებასაც კი ეცდება, მაგრამ არც რესპუბლიკელთა და არც დემოკრატთა მხრიდან არსებულ მოწოდებებში არ ყოფილა არაფერი ისეთი, რაც ვლადიმირ პუტინს საიმედოდ უნდა მოეჩვენოს.
ამერიკელ ხალხს ესმის, რას აკეთებენ რუსები და ისინი ვერ მიიღებენ ვერანაირ სიმპათიას ამერიკელთაგან",- უილიამ ტეილორი
„თითქმის ყველა რესპუბლიკელი და თითქმის ყველა ამერიკელი ეწინააღმდეგება იმას, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, მათ სძულთ ეს თავდასხმა, სძულთ ეს საშინელებები. სძულთ უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობა, სამოქალაქო სამიზნეების, ბინებისა და სახლების, ენერგომომარაგებისა და წყლის საცავების დაბომბვა. ამერიკელთა უდიდესი უმრავლესობა ხედავს ამ საშინელებებს, ომის დანაშაულებს. ამერიკელ ხალხს ესმის, რას აკეთებენ რუსები და რუსები ვერ მიიღებენ ვერანაირ სიმპათიას ამერიკელთაგან“, - ამბობს ტეილორი.
მისივე თქმით, ბევრი ის რესპუბლიკელიც, რომელიც სვამს ლეგიტიმურ კითხვებს, თანხების მიზნობრიობის, ანგარიშვალდებულების თუ სხვა საკითხების შესახებ, კენჭისყრისას უკრაინის მხარდასაჭერ პაკეტებს ხმას აძლევს. რაც შეეხება დემოკრატებს, რომლებიც მოლაპარაკებების საჭიროებაზე საუბრობდნენ, ყოფილი ელჩის თქმით, ისინი მიხვდნენ, რომ ახლა ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და ამაზე ამ ფორმით საუბრის დრო არ არის. „რუსები ეცდებიან გამოიყენონ ნებისმიერი ნიშანიც კი რაიმე უთანხმოებისა და ეცდებიან გამოიყენონ ევროპელთა, ამერიკელთა და უკრაინელთა დასაყოფად და დასაპირისპირებლად. მაგრამ, თუკი მათ წაიკითხეს დემოკრატთა წერილი, ნახავდნენ, რომ მოლაპარაკებებისკენ მოწოდებასთნ ერთად, ისინი ძალიან მკაფიოდ ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთს, მხარს უჭერდნენ უკრაინას და რუსებს არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ“, - ამბობს ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი.
ყოფილ ელჩს უკრაინაში მიაჩნია, რომ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის უდიდესი უმრავლესობით დახმარების პოლიტიკა არ შეიცვლება, რადგან უკრაინას მხარს არა კონგრესი, არამედ უპირველეს ყოვლისა, ამერიკელი ხალხი უჭერს. თუმცა, ის განმარტავს, რომ ამერიკელმა ლიდერებმა უნდა განაგრძონ იმაზე საუბარი, თუ რატომაა ეს მნიშვნელოვანი. „თეთრი სახლის ადმინისტრაციის ლიდერებმა, პალატისა თუ სენატის უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებმა უნდა განაგრძონ მტკიცედ იმაზე საუბარი, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ამერიკისთვის უკრაინის გამარჯვება, და რომ ეს ამერიკის უსაფრთხოებასაც გააუმჯობესებს. პრობლემა არაა ის, რომ ამერიკელები სხვამდნენ კითხვებს ან კამათობდნენ ამის შესახებ. ლიდერებმა უნდა განაგრძონ იმის ახსნა, რომ უკრაინის გამარჯვება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, - განმარტავს ყოფილი დიპლომატი.
რაც შეეხება კიევს, აქვს თუ არა მას შეშფოთების საფუძველი? ყოფილი ელჩი ამბობს, რომ უკრაინელთა ერთადერთი საქმე და მისია ახლა იმის გაგრძელებაა, რასაც აკეთებენ: გამარჯვება ბრძოლის ველზე. „ეს აჩვენებს, რომ ამერიკის, ნატოს, დასავლეთის მხარდაჭერა არის ეფექტური, და რომ ის გამარჯვებაზე იხარჯება. უკრაინელები განაგრძობენ გამარჯვების მოპოვებას და უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დამარცხებას. იზრდება უკრაინელი ხალხის, ჯარისკაცების, ლიდერების თავდაჯერება და თავდადება და ეს ძალიან ძლიერი გზავნილია როგორც ამერიკელთა მიმართ, ისე ევროპელი და აზიელი ხალხისთვისაც“, - ამბობს ტეილორი.