თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ ის რუს კოლეგასთან მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმდა. რუსული მარცვლეული, რომელიც შავი ზღვის საექსპორტო შეთანხმების ფარგლებში გადაიზიდება, რამდენიმე ღარიბ აფრიკულ ქვეყანას უსასყიდლოდ უნდა მიეწოდოს.
"ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს, მან მითხრა: მოდი, ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჯიბუტი, სომალი და სუდანი, მარცვლეული უფასოდ მივაწოდოთ. და ჩვენ შევთანხმდით", - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე.
ოთხშაბათს მოსკოვმა განაცხადა, რომ უბრუნდება შეთანხმებას, რომელიც გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით ივლისში გაფორმდა და რომლის თანახმადაც უკრაინული პორტებიდან მარცვლეული უსაფრთხოდ გადიოდა სხვა ქვეყნებისკენ. მანამდე, გასულ შაბათს, რუსეთმა უკრაინული მხარე ჰუმანიტარული დერეფნის სამხედრო მიზნებით გამოყენებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ სატვირთო გემების უსაფრთხოების გარანტიას აღარ იძლეოდა. ამავე დროს, ვლადიმირ პუტინი ამბობდა, რომ ის უღარიბეს ქვეყნებს მარცვლეულით თავად მოამარაგებდა.