ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრეზიდენტი ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით პუტინის წუხილს იზიარებს


ხუთშაბათს, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ სურს მარცვლეულის ექსპორტი რუსეთიდანაც მოხდეს და იქვე დაამატა, რომ ვლადიმირ პუტინი მართალი იყო, როდესაც დაიჩივლა, რომ გაეროს მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმების მეშვეობით, უკრაინული მარცვლეული ღარიბი ქვეყნების ნაცვლად მდიდარ ქვეყნებში გადიოდა.

თავის ხორვატ კოლეგასთან შეხვედრისას ერდოღანმა თქვა: „ბატონ პუტინს აწუხებს ფაქტი, რომ მარცვლეული გადის ქვეყნებში, რომლებმაც (მოსკოვის წინააღმდეგ) სანქციები დააწესეს. გვსურს მარცვლეულის გატანა რუსეთიდანაც დაიწყოს. სამწუხაროდ, ამ შეთანხმების შესაბამისად გატანილი მარცვლეული მდიდარ და არა ღარიბ ქვეყნებში იგზავნება.“

სტამბოლში ბაზირებულმა საკოორდინაციო ჯგუფმა, რომელშიც ოთხი ხელისმომწერი მხარე შედის, განაცხადა, რომ ტვირთების დაახლოებით 30 პროცენტი დაბალი და დაბალ-საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში გაიგზავნა.

გაეროს და რუსეთის ოფიციალური პირები ჟენევაში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ რუსეთის საჩივრები იმის თაობაზე, რომ დასავლური სანქციები, გაეროს შეთანხმების მიუხედავად, მისი მარცვლეულის და სასუქის ექსპორტს ზღუდავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ივლისში შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკრაინის პორტები დაახლოებით ასმა სატვირთო გემმა დატოვა, აფრიკაში მისი ტრადიციული კლიენტებისთვის უკრაინულმა ხორბალმა მიწოდების ნორმალურ მოცულობასაც ვერ მიაღწია.

გაეროს და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ყოველ 120 დღეში უნდა განახლდეს. შეთანხმებას ვადა ნოემბრის ბოლოს გასდის.

XS
SM
MD
LG