ჩეხეთში მთავრობის დასავლური კურსისა და უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ჩეხეთის მოქმედი მთავრობის დასავლური კურსისა და უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრაცია პრაღაში, 30 ოქტომბერი, 2022 წელი.

ჩეხეთის ათასობით მოქალაქე კვირას პრაღის ქუჩებში უკრაინის სოლიდარობის ნიშნად და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერის გამოსახატად გამოვიდა.

ამ დემონსტრაციას წინ 3 ანტი-სამთავრობო აქცია უძღოდა, რომელთა ორგანიზატორები და მონაწილეებიც პროდასავლური სამთავრობო კოალიციის გადადგომას მოითხოვდნენ. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი უკრაინის მიმართ კონსერვატორი პრემიერის, პეტრ ფიალას მხარდაჭერას ასახელებდნენ. აქციებზე ენერგიაზე მზარდ ფასებს და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობასაც ეწინააღმდეგებოდნენ. ამავე ადამიანების სახელებს უკავშირდება ჩეხეთში რუსული პროპაგანდის გავრცელება და კოვიდ-ვაქცინების საწინააღმდეგო გამოსვლები.

კვირას, პრაღის ქუჩებში შეკრებილ დემონსტრანტებს კი თან ჩეხეთის, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ. მათი სლოგანები იყო: "ჩეხეთის რესპუბლიკა შიშის წინააღმდეგ" და "ჩვენ ამას გავუმკლავდებით".

კვირის დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო ჯგუფი, სახელად "მილიონი მომენტი დემოკრატიისთვის". ამავე ჯგუფის ორგანიზებულია 24 თებერვლის შემდეგე უკრაინის მხარდასაჭერი არაერთი აქცია. ისინი მანამდე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პოპულისტი ადრეი ბაბისის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ, და მას დემოკრატიისთვის საფრთხედ მიიჩნევდნენ. მათი განცხადებით, ანტი-სამთავრობო პროტესტი რადიკალ მემარჯვენეებსა და რადიკალ მემარცხენეებს აერთიანებს და მათი ლიდერები ხალხში ინფლაციასა და უკრაინაში ომთან დაკავშირებულ შიშს იმისთვის იყენებენ, რომ დემოკრატია დაასუსტონ.

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ჩეხ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა ვიდეო-მიმართვით გადაუხადა.