ამერიკის სამხრეთით მდებარე ფლორიდის შტატი ქარიშხლისთვის ემზადება. მესამე კატეგორიის ქარიშხალი კუბის ჩრდილოეთ სანაპიროს სამშაბათ დილით დაატყდა თავს. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, იქ ქარის სიჩქარე საათში 200 კმ-ს აღწევდა. არაერთი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, მილიონამდე ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დაზიანებულია სახლების სახურავები.
დაახლოებით ამავე სიმძლავრის ქარს ელოდებიან ფლორიდაშიც. ქალაქ ტამპაში, აეროპორტი მოსალოდნელი საფრთხეების გამო იხურება. ყველაზე დიდი რაოდენობით ნალექსა და ძლიერ ქარს ოთხშაბათ დილიდან ხუთშაბათ საღამომდე მოელიან. გუბერნატორმა მოქალაქეებს მიმართა და ელექტროენერგიის რამდენიმედღიანი გათიშვისთვის მომზადება ურჩია. მეტეოროლოგიური სამსახურები მოქალაქეებს თავშესაფრის მონახვისკენ მოუწოდებენ. ტამპაში ძლიერი ქარიშხალი ბოლოს 1921 წელს იყო. ამ დროისთვის დახურულია აეროპორტი და "დისნეის სამყაროს" გასართობი პარკის რამდენიმე ატრაქციონი. ორლანდოს აეროპორტში ოთხშაბათ დილიდან კომერციული ფრენები შეწყდება. უკვე დახურულია ტამპის ყურეში მდებარე პორტიც. მოქალაქეები ქვიშით სავსე ტომრების მისაღებად რიგებში დგანან.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფლორიდის სამი ქალაქის მერებს ტელეფონით ესაუბრა და მათ ფედერალური მთავრობისგან დახმარებას დაჰპირდა, როგორც საკვების, თავშესაფრის, ისე - სხვა რესურსების კუთხით. პრეზიდენტმა ადგილობრივ მთავრობას უთხრა, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების დარწმუნება, დაემორჩილონ ევაკუაციის მოთხოვნას. ფედერალური მასტაბით გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს განმარტებით, ყველაზე შემაშფოთებელი ქარიშხლის ნელი ტემპია, რამაც შესაძლოა ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს უფრო მნიშვნელოვანი ზიანი უფრო ხანგრძლივად მიაყენოს.
ამერიკის მთავრობას უკვე მობილიზებული აქვს რესურსები და მზად ჰყავს შესაბამისი სპეციალისტები: 600 000 ლიტრამდე საწვავი, 300-მდე სამხედრო ინჟინრების კორპუსის პერსონალი, 3.7 მილიონი ულუფა საკვები და 3 მილიონ გალონზე (1 გალონი 3.78541 ლიტრია) მეტი სასმელი წყალი, წითელი ჯვრის 29 თავშესაფარი, 200 სასწრაფო დახმარების ამბულატორია და 4 სამედიცინო გუნდი.
პენტაგონი ამბობს, რომ ფლორიდაში მზადყოფნაშია ეროვნული გვარდიის 3 200-მდე წევრი. საჭიროების შემთხვევაში კი საგანგებო სამუშაოებში დამატებით 1 800 ადამიანის ჩაერთვება. მეზობელი შტატები ფლორიდას ასევე დახმარებას ჰპირდებიან. ფლორიდის გუბერნატორის ცნობით, მზადაა ვერტმფრენებიც, თუკი მათი გამოყენება საჭირო გახდება.
ამავე დროს ქარიშხალი "ფეონა" დაატყდა თავს კანადასაც, პოსტ-ტროპიკული ციკლონის შედეგად ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წყალმა წაიღო სანაპირო ზოლში მდებარე სახლებიც.