ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ახალ ორლეანში ქარიშხალ "იდას" გამო, დამატებით 11 ადამიანი გარდაიცვალა, ძირითადად ასაკოვანი ადამიანები. ჯამში, ლუიზიანის მხოლოდ ერთ შტატში დაღუპულთა რიცხვი დღეისთვის 26-ს აღწევს.
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 11-დან 9 ადამიანის გარდაცვალების მიზეზად "ელექტროენერგიის ხანგრძლივად გამორთვის დროს დაფიქსირებული განსაკუთრებული სიცხე" სახელდება. ორი კი ნახშირბადის მონოოქსიდით, მხუთავი გაზით მოიწამლა.
ახალ ორლეანში საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა და ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად განახლდა. თუმცა, შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ჯერ კიდევ ბოლომდე მოუგვარებელია. 250 ათასამდე მოსწავლეს ჯერჯერობით სკოლებში დაბრუნების საშუალება არ აქვს.
ქარიშხლის გამო, რომელიც ლუიზიანას 29 აგვისტოს დაატყდა თავს, შტატში მილიონობით ადამიანს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებოდა. ადგილობრივი ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ 90%-ს დენის მიწოდება აღდგენილი აქვს.
Facebook Forum