გაეროს ატომური სააგენტოს ექსპერტები ზაპორიჟიის სადგურს ამ კვირაში შეამოწმებენ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ატომური ენერგოსააგენტო აცხადებს, რომ მისი წარმომადგენლები ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურისკენ მიემართებიან. სადგური რუსეთის მიერაა ოკუპირებული. მის სიახლოვეს ნებისმიერ საომარ მოქმედებებს სპეციალისტები სახიფათოდ მიიჩნევენ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ამბობს, რომ ის იმ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც ამ კვირის მეორე ნახევარში სადგურზე ჩავა და ვითარებას შეაფასებს. "ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ატომური სადგურის უსაფრთხოება", - ამბობს ის.

სააგენტოს განმარტებით, მისი მისიის წარმომადგენლები შეეცდებიან შეაფასონ სადგურზე არსებული ფიზიკური დაზიანებები, სისტემების ფუნქციონირების უსაფრთხოება, თანამშრომლების მდგომარეობა და მათ მიერ "დაუყოვნებლივი დამცავი ღონისძიებების" შესრულების შესაძლებლობა.

ასევე ნახეთ: „ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის გაჟონვა გლობალური კატასტროფა იქნება“

ენერგოსადგურზე კონტროლი რუსულმა ძალებმა ომის დასაწყისშივე დაამყარა, თუმცა მის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელნი კვლავ უკრაინელი ინჟინრები არიან. მოსკოვი ამბობს, რომ ის სააგენტოს საქმიანობას მხარდ უჭერს, თუმცა დემილიტარიზებული ზონის შექმნასა და სამხედროების სადგურის ტერიტორიიდან გაყვანაზე უარს აცხადებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რეპორტიორებს უთხრა, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მიერ ელქტროსადგურის დატოვების მოთხოვნით უნდა გაერთიანდეს. რადგან მისი უსაფრთხოების დაცვის ერთადერთი გზა სწორედ ესაა.

"ჩვენ [გაეროს] მისიისგან ველით ატომური უსაფრთხოების პროტოკოლების დარღვევის ფაქტების შესახებ მკაფიო განცხადებებს. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს ატომური ინციდენტის რისკის პირობებში ამყოფებს", - თქვა კულებამ.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კრემლმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაარწმუნოს უკრაინა, შეამციროს დაძაბულობა სადგურზე და მის მიმდებარედ, რადგან მისი განმარტებით, სწორედ უკრაინული მხარე უქმნის ევროპას საფრთხეს სადგურის დაბომბვით.

მისიის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ურთიერთბრალდებებისა და სადგურის ირგვლივ არაერთი იერიშისა, უკრაინა არწმუნებს საერთაშორისო მისიას, რომ სადგურზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სისტემები ფუნქციონირებს და რადიაციის მაჩვენებლები არ გაზრდილა. თუმცა უკრაინული მხარე ამბობს, რომ კვირას რუსეთმა სადგურის მახლობლად ახალი სარაკეტო და საარტილერიო იერიში წამოიწყო.

დნიპროპეტროვსკის გუბერნატორი ვალენტინ რეზნიჩენკო ამბობს, რომ გასულ ღამით ძლიერ დაიბომბა ნიკოპოლის მარცხენა ნაწილები - ატომური სადგურიდან 10 კმ-ის დაშორებით და იქ გათიშულია ელექტროენერგია. სარაკეტო იერიშმა ათამდე სახლი დააზიანა ქალაქ მარჰანეცშიც. ქალაქ ზაპორიჟიაში კი, ატომური სადგურიდან 40 კმ-ით შორს, ქალაქის საკრებულოს წევრის თანახმად იერიშების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი იგორ კონაშენკოვი კვირას ამტკიცებდა, რომ უკრაინული ძალების მიერ ნასტოლი ბომბები რეაქტორის საწვავისა და რადიოაქტიური ნარჩენების შემნახავი საწყობის მახლობლად ჩამოცვივდა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ადანაშაულებს, რომ სწორედ ის ბლოკავს ატომური განიარაღების შესახებ შეთანხმების მიღწევას, რადგან მომზადებული დოკუმენტი ზაპორიჟიის ატომური სადგურის სიახლოვეს მიმადინარე ბრძოლის რისკებსაც ასახავს.