რუსეთის მოქალაქე, ბლოგერი ნატალი ურსულგო ოკუპირებულ აფხაზეთში, წელს, ივნისში, რუსეთიდან, ფსოუს უკანონო გამშვები პუნქტიდან შევიდა. ნატალიმ მოიარა ის ადგილები, საიდანაც ეთნიკური ქართველები, ეთნოწმენდის შედეგად, თითქმის სრულად გამოდევნილი არიან: გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, სოხუმი.
ზიპლაინით დაეშვა იუფშარას ხეობაში, მდინარე კაპოეტისწყალზე (ბზიფზე), ნახა სტალინის აგარაკი, სოხუმის ბოტანიკური ბაღი, რიწის ტბაზე ნავით გასეირნების შემდეგ, დააგემოვნა აფხაზური სამზარეულო და აღფრთოვანებული დარჩა „ნეზავისიმაიაა აფხაზიით“.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მონახულებით, რუსეთის მოქალაქე ურსულგომ, უხეშად დაარღვია კანონი ოკუპაციის შესახებ, მან ვიზიტის ამსახველი ვიდეო ზარ-ზეიმით, სოციალურ ქსელში ატვირთა
Your browser doesn’t support HTML5
აგვისტოს ბოლოს, ნატალი ურსულგო უკვე, ყოველგვარი პრობლემის გარეშე შემოვიდა თბილისში. საბაგიროთი ავიდა ნარიყალაზე, გასინჯა მთიულური ხინკალი, მოილოცა მცხეთა, იშოპინგა, დალია ჭაჭა, ტრადიციული Гаумарджос შეძახილით, თუმცა, ვიზიტი მაინც ღვარძლიანი კომენტარით დაასრულა.
აფხაზეთი, მშვენიერი ქვეყანაა, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ორმაგი გრძნობა მაქვს, საბჭოთა თაობა, ასაკოვნები, ნორმალური და ადექვატური ხალხია, ახალგაზრდები კი ისე იქცევიან თითქოს, რუსებს მაგათი ვალი გვქონდეს ან თითქოს მათი ოჯახის წევრი მოვკალი“ნატალი ურსულგო, რუს ბლოგერი, რომელმაც დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, თუმცა თბილისი დაუსჯელად დატოვა
რუს ბლოგერს საშინლად არ მოეწონა, რომ „ლუმიერსის“ საკონდიტროში, თან პუშკინის ქუჩაზე, მის რუსულ მიმართვას არცთუ მეგობრულად გამოეხმაურნენ „მივედი და რუსულად ვეუბნები გამარჯობა და ადამიანს სახე ეცვლება, აი, კამერაზე უნდა გადამეღო, ვეუბნები მარწყვით მინდა, და ის ინგლისურად - არ მესმის, მინდოდა თავში ჩამერტყა!“.
„ამ ვიზიტის შემდეგ, ორმაგი გრძნობა მაქვს, ასე თუ ისე, საქართველოში, საბჭოთა თაობა, ასაკოვნები, ნორმალური და ადექვატური ხალხია, ახალგაზრდები კი ისე იქცევიან თითქოს, რუსებს მაგათი ვალი გვქონდეს ან აი, თითქოს მათი ოჯახის წევრი მოვკალი“ - აღშფოთებას ვერ მალავს რუსი ბლოგერი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში 24 აგვისტოს ატვირთა.
რუსმა ნატალიმ ბუნებრივია ყოველგვარი გართულების გარეშე დატოვა თბილისი. ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის უხეში დარღვევისთვის, ის არც არავის დაუკავებია და არც დაუჯარიმებია, თუმცა, კანონი სწორედ ამას ითვალისწინებს.
რუსი ტურისტების უმრავლესობა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პრინციპულად არ აღიარებს
ეს ისტორია, რა თქმა უნდა, არ არის ერთეული და გამონაკლისი, სოციალურ ქსელებში, ათასობით ასეთ ვიდეოს თუ ფოტოს შეხვდებით, როცა ერთი და იგივე რუსი ტურისტები ჯერ ბიჭვინთის ან ლიძავას სანაპიროზე იღებენ სელფებს, შემდეგ კვარიათსა და სოლოლაკში. თან ისე, რომ არც დაკავების ეშიანიათ და არც დაჯარიმების. რუსები სპეციალურად არ არტყმევინებენ შტამპს პასპორტში, როცა ისინი ფსოუს ან როკის გვირაბის გავლით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ შედიან.
ამის გამო, ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის რეალური აღსრულება თითქმის, სრულად შეჩერებულია, კანონი ფორმალურად, მხოლოდ ქაღალდზე, დარჩა. ყოველწლიურად, სეზონზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, მილიონიდან მილიონ ნახევრამდე რუსეთის მოქალაქე ჩადის, შემდეგ მათი ძალიან დიდი ნაწილი უპრობლემოდ, არდადეგებს უკვე კახეთში, ან აჭარაში აგრძელებს.
შესაბამისია რუსების განწყობაც და დამოკიდებულებაც საქართველოს მიმართ. სადაც არ უნდა გააჩეროთ, ბათუმში, ფოთში, თელავში, თუშეთში თუ ლანჩხუთში, რუსების დიდი უმრავლესობა დაუფარავად მოგახლით, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არც ოკუპირებულია და არც საქართველოს ტერიტორია არ არის.
„მე ვიცი რომ აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც დამოუკიდებელი ქვეყნებია, რუსეთში ყველამ ასე ვიცით“იგორი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დროებით საცხოვრებლად გადმოვიდა
„მე ვიცი რომ აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც დამოუკიდებელი ქვეყნებია, რუსეთში ყველამ ასე ვიცით“ - პირდაპირ მითხრა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველზე, აქ, დროებით საცხოვრებლად გადმოსულმა, პეტერბურგელმა იგორმა, რომელიც საკმაოდ გაღიზიანებული იყო უკრაინელთა მსვლელობით და იმ ფაქტით, რომ „თბილისში ამდენი უკრაინელი ყოფილა“.
თადარიგის პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც 2011-14 წლებში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მაღალი თანამდებობები, მათ შორის, გენშტაბის უფროსის პოსტიც ეკავა „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ასეთი პოლიტიკით „საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობას არღვევს“.
Your browser doesn’t support HTML5
„ჩვენ გვაქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, შეგვიძლია გადავშალოთ და წავიკითხოთ, როდესაც ვიღაცა შემოდის აქ და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ანუ ის ამბობს, რომ „ცალკე სახელმწიფოში“ „აფხაზეთში“ და „სამხრეთ ოსეთში“ როცა უნდა წავა და ისინი „ცალკე სახელმწიფოა“, ეს კანონის დარღვევაა.
საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობას არღვევს. როდესაც ვიღაცა შემოდის აქ და ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ანუ ამბობს, რომ „ცალკე სახელმწიფოში“ „აფხაზეთში“ და „სამხრეთ ოსეთში“, როცა უნდა წავა, ეს კანონის დარღვევაა. უნდა მიაბრძანო ციხეში ან გააგდო ქვეყნიდან.ლაშა ბერიძე, პოლკოვნიკი, შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილე
თუ ტურისტების მიმართ ლმობიერად უნდა მოვიქცეთ, კიდევ ერთხელ შეიძლება მათ განემარტოთ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიებია, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მათი მონახულება კანონით აკრძალულია. ანუ ამაზე მოაწერინებ ხელს და შემდეგ, თუ კიდევ დაარღვევს კანონს, უნდა მიაბრძანო ციხეში ან გააგდო ქვეყნიდან. ეს კანონი უბრალოდ არ სრულდება.“ - გვითხრა ლაშა ბერიძემ.
ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი ან „შერჩევით“ მუშაობს, ან „მკვდარია“
ექსპერტების აზრით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს შსს და სასაზღვრო პოლიცია, კანონს ოკუპაციის შესახებ შერჩევით იყენებს, რუსეთის პოლიტიკური, ჟურნალისტური თუ საესტრადო ელიტის მიმართაც.
ბოლო წლებში, საქართველოში, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის მიუხედავად, უპრობლემოდ შემოვიდნენ, პუტინის პროპაგანდისტები: ჟურნალისტები დარია ასლამოვა, ოლგა სკაბეევა, მაქსიმ შევჩენკო, ვლადიმერ მამონტოვი; რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ შვიდკოი;
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი და მისი მეუღლე, მილიარდერი ელენა ბატურინა; პუტინის მეგობარი, ალექსანდრე ზალდოსტანოვი, იგივე „ქირურგი“, ბაიკერების კლუბის „ღამის მგლების“ ლიდერი;
„მართლმადიდებელ მეცენატთა რუსული კლუბის“ გამგეობის თავმჯდომარე ანდრეი პაკლონსკი, მომღერალი აბრაამ რუსო იგივე აბრამ იპჯიანი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი და მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი, რუსეთის FSB-ს გენერალი გენადი სოლოვიოვი; ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნის მერი მუსლიმ ხუჩიევი, ჩეჩნეთის ლიდერის მრჩეველი ლევ დენგოვი და სხვები.
როგორც წესი, ყველა ასეთ შემთხვევაში, საქართველოს შსს თავს იმით იმართლებს, რომ ამ ადამიანებს თურმე პასპორტში არ ჰქონდათ ოკუპირებული ტერიტორიების მონახულების აღმნიშვნელი შტამპი და შესაბამისად, მესაზღვრე ვერ მიხვდებოდა, რომ ისინი კანონის დამრღვევები იყვნენ.
„როგორ შემოვიდა და ჩვეულებრივად. თუ ფაქტი არ აქვს მესაზღვრეს {რომ ვინმემ ოკუპაციის კანონი დაარღვია}, ვერც სიზმარში ვერ ნახავს"ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
„როგორ შემოვიდა და ჩვეულებრივად. თუ ფაქტი არ აქვს მესაზღვრეს {რომ ვინმემ ოკუპაციის კანონი დაარღვია}, ვერც სიზმარში ვერ ნახავს"- ზუსტად ასე უპასუხა 24 აგვისტოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს, როცა მას ჩეჩნეთის ლიდერის მრჩევლის საქართველოში შემოსვლაზე კითხეს.
შსს-ს დიდი ხანია აღარ გამოუქვეყნებია სტატისტიკა, უცხოეთის ქვეყნების რამდენი მოქალაქე დაჯარიმდა ან ეთქვა უარი, საქართველოში შემოსვლაზე, კონკრეტულად, ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო.
რა საფრთხეებს შეიცავს რუსული გავლენების განუხრელი ზრდა საქართველოში
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, საქართველო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდა, რუსებისთვის არა მხოლოდ ტურისტული, არამედ თავშესაფრის კუთხითაც გახდა მიმზიდველი.
2022 წლის მარტი-ივლისის ჩათვლით, საქართველოში 435 704 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ჯერ არ არის გამოქვეყნებული აგვისტოს მონაცემები. წინასწარი ცნობით, აგვისტოს ჩათვლით, ეს ციფრი, სავარაუდოდ 600 ათასს გადააჭარბებს.
ვინაიდან, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 90 დღით დარჩენა შეუძლიათ, ზუსტი რიცხვი თუ რამდენი რუსი გადმოვიდა საქართველოში დროებით თუ მუდმივად საცხოვრებლად უცნობია, ოფიციალური წყაროებით, სახელდება 30 ათასამდე. დროებითი თუ მუდმივი ბინადრობის უფლება, იანვარ-ივლისის ჩათვლით, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 2000-მდე რუსეთის მოქალაქემ მიიღო.
უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე, რომელიც წლების მანძილზე თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვის სამსახურში მუშაობდა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რუსეთიდან ამხელა მიგრაციულმა ნაკადმა საქართველოში საფრთხეები რამდენიმე მიმართულებით გაზარდა.
Your browser doesn’t support HTML5
„პირველია ეკომიკური მიმართულება. დასავლეთ საქართველოს, შავიზღვისპირეთის მცირე და საშუალო ბიზნესი, უკვე იმდენად არის დამოკიდებული რუს ტურისტზე, რომ ნებისმიერი გართულება რუსეთთან გამოიწვეს მათ ეკონომიკურ კოლაფსს, ეს რუსეთის ხელში სერიოზული ბერკეტია“ - გვითხრა ანდრო გოცირიძე.
მისი აზრით „მეორე, მნიშვნელოვანია არ გამოგვეპაროს, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი, შესაძლოა, საქართველოში მართლაც იმ მიზნით აარსებდეს კომპანიებს, რომ შეძლონ საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლა, რაც შეარყევს საქართველოს რეპუტაციას და საერთაშორის იმიჯს;
ეს საფრთხე, ჯერ კიდევ წინ გვაქვს, აქ დროებით თუ მუდმივად დასახლებული რუსეთის მოქალაქეები აუცილებლად დაიწყებენ პრეტენზიების გამოთქმას, შეიძლება საკუთარი მთავრობის წინაშეც იჩივლონ, რომ ისინი იჩაგრებიან საქართველოში. რუსეთი კი მოგეხსენებათ არაერთხელ შეჭრილა მეზობელ ქვეყნებში, თითქოსდა საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნითანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი
მესამე ფაქტორია ის, რომ არავინ იცის ამ დიდი ნაკადის საფარქვეშ, რა პროფესიის და მისწრაფების ადამიანები შემოაგზავნა რუსეთმა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლტოლვილთა ნაკადს ან მოსახლეობის დიდი რაოდენობის გადაადგილებას შემოყვება ხოლმე ჯაშუშების და დივერსანტების დიდი მასა, რომელიც ნებისმიერ დროს, შეიძლება კრემლის მიერ, საქართველოს საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული.
მეოთხე, ჩვენ ეს საფრთხე, ჯერ კიდევ წინ გვაქვს, აქ დროებით თუ მუდმივად დასახლებული რუსეთის მოქალაქეები აუცილებლად დაიწყებენ პრეტენზიების გამოთქმას, შეიძლება საკუთარი მთავრობის წინაშეც იჩივლონ, რომ ისინი იჩაგრებიან საქართველოში.
რუსეთი კი მოგეხსენებათ არაერთხელ შეჭრილა მეზობელ ქვეყანებში, თითქოსდა საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით“ - ამბობს გოცირიძე.
ანალოგიური მოთხოვნა წამოაყენეს ოპოზიციურმა პარტიებმაც, თუმცა მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ამ კამპანიას „ქსენოფობიური“ უწოდა და პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდას მხოლოდ მიესალმება და არც სავიზო რეჟიმის დაწესებას აპირებს.
ნიშანდობლივია, რომ რუსეთის საკონსულომ თურქეთში, კერძოდ ქალაქ ტრაპიზონში, რუსეთიდან ამხელა მიგრაციული ნაკადის ფონზეც კი გააპროტესტა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, აგვისტოში, რუსეთის მოქალაქეებისთვის თურქეთიდან საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები და ამას "მიუღებელი" უწოდა.
ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის მოქალაქეების სულ მზარდი ნაკადები საქართველოსკენ, რუსების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიების რიცხვი (იანვარ-ივლისის ჩათვლით უკვე 7000-ზე მეტი, რაც ბოლო ათი წლის ერთად აღებულ მაჩვენებელს აღემატება), საქართველოში დროებით თუ მუდმივად დაფუძნებული რუსეთის მოქალაქეების რიცხვის ზრდა, რუსული იმპორტის განუხრელი ზრდა (განსაკუთრებით სანქცირებულ, ნავთობპროდუქტების სეგმენტში), რუსეთიდან ასევე არანორმალურად გაზრდილი ფულადი გზავნილების რიცხვი (მარტი-ივლისის პერიოდში, ნახევარი მილიარდ დოლარზე მეტი - 507 003 000 აშშ დოლარი) ავტომატურად და განუზომლად ზრდის აგრესორი ქვეყნის გავლენას საქართველოზე, რომელსაც ერთის მხრივ, საქართველოს მიწების 20%-ზე მეტი აქვს დაპყრობილი და ყოველდღიურად, მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს და მეორეს მხრივ, საერთაშორისო ოზოლაციაში მყოფი, სისხლიან ომს აწარმოებს, მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ.