კვირაზე მეტია, ბორჯომში ძლიერი ხანძრის კერებს ებრძვიან. ხანძარი 19 აგვისტოს ქვაბისხევი-ზორეთის ტყეში გაჩნდა, ძლიერი ქარის, მაღალი ტემპერატურისა და სავარაუდოდ, დაგვიანებული რეაგირების შედეგად, ცეცხლი ჯერ დგვარის ტყეს გადაედო, შემდეგ ახალციხისკენ გადაინაცვლა. ახლა ხანძართან ბრძოლა უკვე აწყურისა და თისელის ტყეებში მიმდინარეობს.
„ზარალი საკმაოდ დიდია, გამომდინარე იმ მაღალი კონსერვაციული ღირებულებიდან, რომელიც ბორჯომის ტყეებს ახასიათებს“რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის დირექტორის მოადგილე
ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დანაყოფები და სასაზღვრო პოლიციის ავიაციის ხუთი ვერტმფრენი.
ცეცხლის გაძლიერების გამო, საჭირო გახდა, თურქეთის დახმარებაც და ორი დღეა, ხანძარს სამი სპეციალიზებული თურქული სახანძრო თვითმფრინავიც ებრძვის. წინასწარი მონაცემებით, 200 ჰექტრამდე ტყე არის დამწვარი, ხანძრის ჩაქრობა ჯერ ისევ ვერ ხერხდება.
„ზარალი საკმაოდ დიდია, გამომდინარე იმ მაღალი კონსერვაციული ღირებულებიდან, რომელიც ბორჯომის ტყეებს ახასიათებს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ რეზო გეთიაშვილმა, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელმა.
Your browser doesn’t support HTML5
მისი აზრით, „ ყოველი ხანძრის შემდეგ ბორჯომის ხეობა კარგავს იმ ხიბლს, რაც არის მიმზიდველი ტურისტებისთვის. ვინაიდან ტურიზმი ადგილზე განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, შემოსავლის ეს შანსი ესპობა ადგილობრივ მოსახლეობას და იქმნება პირობები სიღარიბისთვის.
მოსახლეობა ასევე ვეღარ იყენებს გადამწვარი ტყის რესურსებს. გარდა ამისა ნახანძრალი ტყე ვეღარ შეასრულებს ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ ფუნქციას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ეროზია, ღვარცოფი და მეწყერი. ხანძრის დროს ასევე ნადგურდება ცოცხალი ველური სამყარო, ფაუნა, ფლორა, რითაც ძალიან მდიდარია ეს უნიკალური ტყეები“ - გვითხრა გეთიაშვილმა.
სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის გამო, როგორ მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც, ტყის ხანძრების რაოდენობა წლიდან წყალმდე იზრდება.
მაგალითად, თუ 2009 წელს, მხოლოდ 7 ტყის ხანძარი იქნა აღრიცხული, 2020 წელს, ეს რიცხვი უკვე 118-მდე გაიზარდა. სულ 2009-2020 წლებში, ოფიციალური მონაცეებით, საქართველოში ხანძრით მოცულმა ტყის ფართობმა, 5520 ჰექტარი შეადგინა. შესაბამისად, ტყის ხანძრები საქართველოსთვისაც სულ უფრო მზარდი და რთული გამოწვევა ხდება. განსაკუთრებით, 2017 წლის ხანძრის შემდეგ, როცა იმავე ბორჯომში 1100 ჰექტარი ტყე დაიწვა.
დღეს საქართველოს ტყის ხანძრების პრევენციის და მასთან ბრძოლის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია არ აქვს - მიაჩნია GIPA-ს პროფესორს კახა არცივაძეს, რომელიც ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრ “ნაკრესსაც” წარმოადგენს.
„ტყის ხანძრის მართვას სჭირდება ერთიანი მიდგომა, ფაქტიურად, ამ მომენტში არაფერი (სტრატეგია) არ გვაქვს. უბრალოდ, უკვე გაჩენილი ხანძრის საპასუხოდ, ხდება მობილიზებაკახა არცივაძე, ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრი “ნაკრესი”
„ტყის ხანძრის მართვას სჭირდება ერთიანი მიდგომა“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ კახა არცივაძე. „უნდა ვიცოდეთ ყველაზე საშიში ზონები, იქ უნდა იქნეს პროფილაქტიკური ღონისძიებები დაგეგმილი, გაიჭრას ტყეში გზები, მოეწყოს ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილები, წყლის რეზერვუარები, რომ ვერტმფრენმა წყლის აღება სწრაფად შეძლოს;
უნდა ვიცოდეთ კონკრეტულ ზონაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში რა ტექნიკა იქნება საჭირო, არ უნდა იყოს ასეთი ქაოტური გადაწყვეტილებები, როცა ხან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოძახება ხდება, ხან თურქები გვეხმარებიან, ხან ბელორუსებ, მანამდე უკრაინელები და ასე გავდივართ იოლად“.
Your browser doesn’t support HTML5
„ფაქტიურად, ამ მომენტში არაფერი [სტრატეგია] არ გვაქვს. უბრალოდ, უკვე გაჩენილი ხანძრის საპასუხოდ, ხდება მობილიზება, იქნება ეს პოლიცია, სატყეო, რეზერვისტები, აგერ ჯარიც ჩართო პრემიერმა, თურქები გვეხმარებიან... ანუ, სანამ ხანძარი ტყის დიდ ფართობს არ მოიცავს, ამ ხალხის ჩართვა არ ხდება.
ამ დროს, ქვეყანაში გვაქვს ადგილები, სადაც, თუ იქ ხანძარი გაჩნდა, ცალსახაა, რომ ცეცხლს ვერტმფრენის ან თვითმფრინავის გარეშე ვერ ჩააქრობ. აი, თუშეთში, რომ მოხდეს სერიოზული ხანძარი ვერტმფრენმა წყალი საიდან უნდა აიღოს? იქ არ არის არანაირი რეზერვუარი ანუ რომც გყავდეს ვერტმფრენი ან თვითმფრინავი, წყალს ვერსად აიღებ.
აი, ასეთი ღონისძიებები, ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილები, წყლის ასაღები რეზერვუარები, გზები, მოხალისეების ჩართულობა, კონკრეტული გეგმით უნდა იყოს გაწერილი, ადამიანებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რა, სად და როგორ უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ საქართველოში ეს პრობლემა, ტყის ხანძრების, უფრო მოიმატებს, არ მოიკლებს“ - მიაჩნია არცივაძეს.
აშშ-ს სატყეო სამსახურის (USFS) დახმარებით, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნისთვის შემუშავებული ტყის ხანძრებთან ბრძოლის გეგმის განხორციელება სამწუხაროდ არ მოხდა
როგორც კახა არცივაძემ გვითხრა, 2014 წელს, აშშ-ის სატყეო სამსახურის (USFS) დახმარებით, საქართველოსთვის მომზადდა ტყის ხანძრებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი. ასევე, USFS-მა 2015 წელს, კონკრეტულად, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნისთვის შეიმუშავა ტყის ხანძრებთან ბრძოლის გეგმა.
„ამ გეგმის განხორციელება სამწუხაროდ არ მოხდა, მე არ მინახავს რაიმე კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულები, ისევე როგორც თავი ვერ მოება სტრატეგიის დოკუმენტის გამოყენებას. ტყის ხანძრების მართვა 2014 წლიდან გარემოს დაცვის სამინისტროდან შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადაეცა, მათვე გადაეცათ ეს გეგმა-დოკუმენტიც, შემდეგ არ ვიცი რა მოხდა, რა ბედი ეწია“ - ამბობს კახა არცივაძე.
შსს სამინისტრომ განაცხადა, რომ ბორჯომის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში “ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს“. ამასთან შსს-ის მტკიცებით, არ არის საფრთხე, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტებზე გადავა და არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს, რომელიც თისელის მიმდებარედ გადის.