რუსული გაზი ევროპას 10-დღიანი პაუზის შემდეგ კვლავ მიეწოდება. თუმცა მომარაგების უფრო ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი შეწყვეტის შესახებ შიში და მოლოდინი კვლავ არსებობს. რუსეთი უკრაინის სიდიდით მეორე ენერგოსადგურის ხელში ჩაგდებასაც ცდილობს.
რუსული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უკრაინული ქალაქების დაბომბვას აგრძელებენ. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, იერიშის სამიზნე გახდა ორი სკოლაც. ამჟამად კი სახმელეთო ოპერაციები გრძელდება, რასაც უკრაინული მხარე უფრო ფართო შეტევის სამზადისად მიიჩნევს.
რუსული გაზის "ჩრდილოეთის ნაკად 1-ით" მიწოდების აღდგენამდე ევროპელი ლიდერები შიშობდნენ, რომ იმ ვითარებაში, როცა ალტერნატიული ენერგიის მარაგები არც ისე დიდი, ფასები კი ძალიან მაღალია, მიწოდება შესაძლოა საერთოდ არ აღმდგარიყო. ამ მილსადენით რუსული გაზის ევროპული ექსპორტის დაახლოებით მესამედი გადაიცემა. თუმცა მისი გამტარობა ბოლო 10 დღის განმავლობაში 40%-მდე იყო შემცირებული, რადგან "გაზპრომის" განცხადებით, ტურბინების შეკეთება იყო საჭირო.
გერმანიის ენერგომარეგულირებელი ორგანოს პრეზიდენტის, კლაუს მიულერის განცხადებით, ჯერჯერობით სრულად დამშვიდების საფუძველი მაინც არ არსებობს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი რუსეთს ენერგიის იარაღად გამოყენებასა და ევროპის შანტაჟში სდებს ბრალს, რასაც მოსკოვი, რომელიც თავისთავად ენერგიის სრულ საექსპორტო მარაგს სხვა ბაზარზე სწრაფად ვერ გაიტანს, ამ ბრალდებებს უარყოფს. მოსკოვი ევროკავშირსა და ამერიკას უკრაინაში წამოწყებული ომის შედეგად მისთვის დაწესებული სანქციების გამო აკრიტიკებს.